განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700054490
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №40აგ-18 ქ. თბილისი
ს-----–-ა გ---, 40აგ-18 11 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ--- ს-----–-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ყ--------ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ--- ს-----–-ა, - დ----------–-------–--–ს, - ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა,“ გ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ,“ „გ,“„დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და დაეკისრა სამოქალაქო სარჩელის - 247800,49 ლარის გადახდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სასარგებლოდ.
2. 2018 წლის 27 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს გ--- ს-----–-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------ ყ--------ამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა,“ „ზ“ პუნქტების შესაბამისად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორები უთითებენ, რომ 1993 წლიდან სს „ზ--------ის ფ--------ის“ ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, საბავშვო ბაღში, საერთო საცხოვრებელსა და ანაკლიის დასასვენებელ ბაზაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 500-ზე მეტი პირი იყო ჩასახლებული. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 დეკემბრის №860 დადგენილებით 1995 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან დაიწყო განსაზღვრული თანხების გადარიცხვა კომუნალური და სხვა მომსახურებისათვის იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების ანგარიშზე, რომელთა ბალანსზე არსებულ შენობაში ჩასახლებული იყვნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები (თითოეულ ლტოლვილზე თვეში 7 ლარი); ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან სს „ზ--------ის ფ--------ის“ ქარხნის ანგარიშზე 3 წლის განმავლობაში არ გადარიცხულა თანხები, რომელიც ქარხანას დახარჯული ჰქონდა მის ობიექტებში ჩასახლებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომუნალური და სხვა მომსახურებისათვის (სულ 137000 ლარი). ქარხანა ფაქტობრივად გაჩერებული იყო; საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის - ბ. ჯ---ას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის - ნ. ლ---–---–-სადმი მიწერილი წერილის თანახმად, 1998 წლის მარტში მათ ჩაერიცხათ აღნიშნული თანხა. 1999 წელს იმავე სამინისტროდან ფ--------ის ქარხანას ჩაერიცხა 71000 ლარი, ხოლო 2000 წელს - 41000 ლარზე მეტი. 1998-2000 წლებში ფ--------ის ქარხანას სულ 247775 ლარი ჩაერიცხა. დარიცხვა ხორციელდებოდა ფ--------ის ქარხნის მიერ ლტოლვილთა მომსახურების გაწევის შემდეგ და არა - წინმსწრებით ან ავანსად; აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ--------ის ქარხნის დირექციას სრული უფლება ჰქონდა, ეს თანხები განეკარგა თავისი შეხედულებისამებრ. 2004 წლის 14 დეკემბერს გ--- ს-----–-ა დააპატიმრეს; არც სასამართლოს და არც გამოძიებას არ განუსაზღვრავს გ--- ს-----–-ას რა თანხები ჰქონდა „მითვისებული“ და „გაფლანგული;“ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ექსპერტების კარნახითა და მითითებით შედგა ყალბი აქტი და დასკვნები; გ. ს-----–-ას ბრალდებას საფუძვლად დაედო 2005 წლის 21 მარტის სარევიზიო სამსახურის სპეციალისტის - ვ. მ----–--------ის მიერ შედგენილი აქტი, რომელშიც ყალბი მონაცემებია შეტანილი. დოკუმენტების გაყალბების ფაქტები მოცემულია აუდიტორული ფირმა, შპს „პ---–-------ის“ მიერ 2018 წლის 14 თებერვალს შედგენილ დასკვნაში, რომელშიც რეალურად არის აღწერილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები; აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ გ--- ს-----–-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გამოიტანეს; ამდენად, შუამდგომლობის ავტორთა მითითებით, გ--- ს-----–-ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ--- ს-----–-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ყ--------ას შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორები - გ--- ს-----–-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------ ყ--------ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობის დაშვებაზე მითითებას. საკასაციო საჩივრების ავტორთა პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა გვერდი აუარეს ყველა იმ გარემოების გამოკვლევას, რაც შუამდგომლობასა და წარდგენილ მასალებში (კერძოდ, აუდიტორულ დასკვნაში) იყო ჩამოყალიბებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებსა და შპს „პ---–-------ის“ აუდიტორულ დასკვნასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს განმეორებით მსჯელობის საფუძველს მისცემდა, კასატორებს არ მიუთითებიათ. აუდიტორული ექსპერტიზის დასკვნა არ ეფუძნება კვლევას, რომელიც საქმეში ამ დრომდე არ მოიპოვებოდა.
3. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ--- ს-----–-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ყ--------ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--- ს-----–-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ყ--------ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება გ--- ს-----–-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ყ--------ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე