განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117001868911
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№238აპ-18 ქ. თბილისი
უ----- ო---–- უ-----, 238აპ-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენზე თ--–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, უ----- უ----- ო---–-ს, – დ----------–-------–-–-------------ოს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში, ე.ი. სქესობრივ კავშირში ძალადობით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 5 მარტს თ--–---ს რაიონის სოფელ ყ--------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში, უ----- უ----- ო---–-მ „მიცუბიშის“ მოდელის ავტომობილში, სახ. №R--------, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა 17 წლის ს----–- ა--------.
· 2017 წლის 5 მარტს თ--–---ს რაიონის სოფელ ყ--------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ა-–-----თან, უ----- უ----- ო---–-მ ძალადობის გამოყენებით, კეტის თავსა და მუცელში დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ს----–- ა-------ს, რომელსაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილი ჭრილობა კეფის მიდამოში, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება ტრავმის მიღების თარიღს.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით უ----- უ----- ო---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2017 წლის 6 მარტიდან იმავე წლის 7 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უ----- უ----- ო---–- გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით გველესიანი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, უ----- უ----- ო---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება უ----- უ----- ო---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაზარალებულმა ს----–- ა-------მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება – არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მის ახლო ნათესავს. ამ დროისათვის იგი დაქორწინებული იყო უ----- უ----- ო---–-ზე. ამასთან, საქმის განხილვისას არ გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი გამოეყენებინა მტკიცებულებად უ----- უ----- ო---–-ს მიერ ს----–- ა--------ს გაუპატიურების ფაქტის დასადგენად.
10. გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 23 მარტის №0-------- დასკვნით, ს----–- ა--------ს საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული; მას უკანა ტანის მიდამოში მექანიკური დაზიანებების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – ნ----- ჯ------ემ, ე-–---- კ----–--ემ და ქ------- ბ------–---–მა.
11. რაც შეეხება უ----- უ----- ო---–-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, ზემოაღნიშნული სასამართლო-სამედიცინო დასკვნით, ექსპერტების ჩვენებებითა და სხვა, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე