განჩინება

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100117002002271
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002002271

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№274აპ-18 ქ. თბილისი

ბ---–--–---–- გ-------, 274აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ბ---–--–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- ი-–------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ------- ბ---–--–---–-, – დ----------–-------–-–----------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლით – 1 წლით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 2 ივნისიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ბ---–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ასევე – ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 30 მაისს თ---–--–ი, ს--------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 09:30 საათზე, გ------- ბ---–--–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ძმას – ლ-–- ბ---–--–---–ს, კერძოდ, ცელი დაარტყა მარჯვენა მხარში და თავში ესროლა რკინის ქვაბის თავსახური, რის შედეგადაც ლ-–- ბ---–--–---–ს თავიდან წამოუვიდა სისხლი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღნიშნული ქმედებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ-–- ბ---–--–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის №--------- გადაწყვეტილებით 1 თვით დამტკიცდა 18.04.2016 წ. შემაკავებელი ორდერი გ------- ბ---–--–---–-ს მიმართ შემდეგი პირობებით: მოძალადე – გ------- ბ---–--–---–- მოშორებულ იქნა იმ სახლიდან, სადაც მსხვერპლი – მ---- კ------- ცხოვრობს. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან – მ---- კ-------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

· 2017 წლის 30 მაისს თ---–--–ი, ს--------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 09:30 საათზე, გ------- ბ---–--–---–მა დას – თ----- ბ---–--–---–ს ჩაარტყა დაახლოებით 1 მეტრი სიგრის ფიცარი მხარსა და თავში, რა დროსაც თ----- ბ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს მ---- კ------- ცდილობდა შვილის – გ------- ბ---–--–---–-ს შეჩერებას, რომელიც მას ურტყამდა მუშტებს მხრებში, ხელებსა და გულმკერდში, რა დროსაც მ---- კ------- განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

 

· 2017 წლის 1 ივნისს, დილის საათებში, თ---–--–ი, ს--------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------- ბ---–--–---–მა ყოველგვარი მიზეზის გარეშე არასრულწლოვანი ძმის – ლ-–- ბ---–--–---–-სა და ერთი წლისა და სამი თვის დისშვილის – ნ---- ბ---–--–---–-ს თანდასწრებით, დედას – მ---- კ-------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა მხარში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ------- ბ---–--–---–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ------- ი-–------ე ითხოვს გ------- ბ---–--–---–-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის მე-111,120-ე მუხლითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში იმ მოტივით, რომ თავად მსჯავრდებულია ოჯახის დანარჩენი წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

 

6. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით შაკიაშვილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

9.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ივნისის №--------- დასკვნის თანახმად, მ---- კ-------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლივად, ასევე – იზოლირებულად მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

9.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ივნისის №--------- დასკვნის თანახმად, თ----- ბ---–--–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებების ნიშნები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ერთობლივად, ასევე – იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

9.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 17 ივნისის №--------- დასკვნის თანახმად, ლ-–- ბ---–--–---–ს თხემის არეში ნახეთქი ჭრილობა მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით; დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

9.4. ზემოაღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კონსტანტინე ცქიტიშვილმა.

 

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, გარდა ზემოთქმულისა, გ------- ბ---–--–---–-ს ბრალეულობა დადასტურებულია მოწმეების – მ---- კ-------ს, თ----- ბ---–--–---–-ს, დ----- ბ---–--–---–-სა და მ--- კ-------ს ჩვენებებით (არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ლ-–- ბ---–--–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და ახლო ნათესავის – ძმის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ---–--–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად შეაფასა და მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ბ---–--–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- ი-–------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე