განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
010141318700064768
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700064768

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №95აგ-18 თბილისი

მ--------- ა-----, 95აგ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა----- მ---------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის პირველი სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ა----- მ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა----- მ---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით - 590 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანისა“ და 34,59 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა----- მ--------ს ამავე კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის განაჩენით ა----- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1181,99 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვისათვის) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონო მოხმარებისათვის) - ჯარიმა - 1000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა----- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის პირველი სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა----- მ--------ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 ნოემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ა----- მ---------ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე. ა----- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის პირველი სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა----- მ--------ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 3 ნოემბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. 2018 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა----- მ--------მა, რომელმაც მოითხოვა სასჯელისგან გათავისუფლება ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარების დეკრიმინალიზაციის საფუძველზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა----- მ---------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა----- მ--------მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სასჯელისგან გათავისუფლება ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარების დეკრიმინალიზაციის საფუძველზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად, კოდექსის 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე, რასაც, ნორმატიული თვალსაზრისით, აწესრიგებს ამავე ცვლილებით, ამავე კოდექსში დამატებული 2731-ე მუხლი.

3. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ა----- მ---------ს მიმართ უკვე გავრცელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით დადგენილი შეღავათი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1181,99 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვისათვის მსჯავრდებასთან მიმართებით) წარდგენილი ბრალდების ნაწილში მისთვის განსაზღვრული სანქცია და სასჯელი ახალ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა.

5. ამასთან, საკასაციო პალატის იმავე განაჩენით მსჯავრდებულ ა----- მ---------ს მიმართ ასევე გავრცელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისათვის) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონო მოხმარებისათვის მსჯავრდებასთან მიმართებით) მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა----- მ---------ს საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ მოთხოვნას და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა----- მ---------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე