განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700058035
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №59აგ-18 5 ნოემბერი, 2018 წელი
ზ------- ნ-------, 59აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ჩ----ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით ნ------- ზ-------, - დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ------- ზ-------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით.
3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნ------- ზ-------ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. ნ------- ზ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 3 სექტემბრიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ------- ზ-------მ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. კასატორი – მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--–- ჩ----ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენის გადასინჯვას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ნ------- ზ------ის მიმართ განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული. კერძოდ, არ იმსჯელა დაცვის მხარის ფაქტობრივი და სამართლებრივი პოზიციის თაობაზე და არ დააფიქსირა მსჯავრდებულის პოზიცია უდანაშაულობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ჩ----ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ პუნქტი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობის ავტორს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდებოდა, არ წარმოუდგენია. კასატორის განმარტება, რომ მოსამართლემ განაჩენით არ იმსჯელა დაცვის მხარის ფაქტობრივ და სამართლებრივ პოზიციაზე, რაც კასატორის აზრით საპროცესო კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილი ნორმების სრულ იგნორირებაზე და მოსამართლის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს, ვერ გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ჩ----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ნ------- ზ------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე