განჩინება

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
050100117001891488
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117001891488

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №317აპ-18 ქ. თბილისი

ჭ-----ე ნ---, 317აპ-18 26 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ----- ჭ--–---ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:

ნ--- ჭ-----ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ნ--- ჭ-----ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ჭ-----ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 8 მარტიდან.

 

განაჩენით ნ--- ჭ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, ნ--- ჭ-----ემ ქ. ო----------–ი, ჭ--------ს ქუჩის №---ში მდებარე კორპუსის წინ მდგარი, შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა მასში მოთავსებულ ფულს - 1870 ლარს, რა დროსაც დააზიანა აპარატის ელექტროსადენი, რამაც 10 ლარის ზიანი გამოიწვია. მან დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან შეამჩნიეს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

 

ნ--- ჭ-----ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - კუსტარულად გადაჭრილი თოფი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2017 წლის 8 მარტს, ქ.ო----------–ი, თ. ს-------ს ქუჩაზე გადაადგილების დროს, რომელიც ამოიღეს ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ--- ჭ-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი არის საბჭოთა წარმოების, ორლულიანი, 16 კალიბრიანი ,,ИЖ-58’’ მოდელის კუსტარულად გადაჭრილი თოფი. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების - ლულისა და კონდახის გადაჭრის გამო, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ნ--- ჭ-----ის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ----- ჭ--–---მ, რომელიც საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ. ჭ-----ის გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №118აპ-15; 618აპ-15; 455აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანონო და არ დგინდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ--- ჭ-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა და ასევე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. საკასაციო პალატას არ გააჩნია პოლიციის თანამშრომელთა თანმიმდევრული ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, რომლებიც თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა მათ მიკერძოებას, საქმის შედეგით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში განზრახ ცრუ ჩვენებების მიცემას.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ--- ჭ-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ----- ჭ--–---ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე