განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140141118002421986
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №77აგ-18 29 ნოემბერი, 2018 წელი
მ------–---–ი პ------, 77აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განაჩენით პ------ მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. 2018 წლის 2 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–---------- შ--–-----–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და პ------ მ------–---–ის განთავისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ადვოკატმა ახალ გარემოებად მიიჩნია დაზარალებულების - მ--–---- გ----------ისა და გ------- ხ---–--ის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა, რომლის მიხედვითაც, მათ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორი – მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა-–---------- შ--–-----–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განაჩენის გადასინჯვას და პ------ მ------–---–ის განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ადვოკატი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს დაზარალებულების თანხმობას, რომლის მიხედვითაც, ისინი თანახმანი არიან, მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა. მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის მიერ მითითებული გარემოება - დაზარალებულების თანხმობა არ მოიცავს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის არცერთ საფუძველს, რის გამოც პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
3. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი, ხოლო ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.
4. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ პ------ მ------–---–ის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, შესაბამისად, სამართალწარმოება მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის მიმართ დასრულებული არ არის და ის სარგებლობს განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებითაც, რა დროსაც საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იქნება, იმსჯელოს მის მიმართ ამნისტიის გამოყენების საკითხზე, დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება მსჯავრდებულ პ------ მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე