განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056825
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
#183აპ.-18 ქ. თბილისი
ნ----–---–ი ა-–----, 183აპ.-18 10 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ა-–---- ნ----–---–ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 19 დეკემბრიდან 2015 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
წარსულში ყაჩაღობისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–---- ნ----–---–ი 2014 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, „დ----------------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფარულად დაეუფლა ა------------ის მოქალაქის, ხ------- მ-----------ას ქურთუკის ჯიბიდან მის კუთვნილ 10 - ლარიან კუპიურას.
4. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მიუთითებს, რომ უდანაშაულოა; ითხოვს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულ ხ------- მ-----------ასა და მოწმეების - გ---–----- კ----–---–ის, ვ-–-------- ო------ის, ლ---- ზ-----ის, რ-------- ჩ-------–---–ის, ი------ ნ-----ასა და ს----– ა------–---ას ჩვენებები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, რის გამოც პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ.
3. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ა-–---- ნ----–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის - დაკვალიფიცირების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ ა-–---- ნ----–---–ს აღნიშნული კვალიფიკაციით მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების გამო. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხევაში, მართალია, ა-–---- ნ----–---–ის მიმართ საქმის მასალებში არსებობს ორი განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის), რომლებითაც დასტურდება, რომ მას ჩადენილი აქვს, შესაბამისად - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, მაგრამ საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოცემული ორივე დანაშაულებრივი ქმედება ა-–---- ნ----–---–მა ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე (ანუ 2006 წლის 29 ნოემბრამდე) - 2006 წლის 3 მაისსა და 2006 წლის 1 მაისს. შესაბამისად, ა-–---- ნ----–---–ი მეორე განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენი) სავსებით კანონიერად არ იქნა მსჯავრდებული დანაშაულის არაერთგზის ჩადენის გამო.
3.2. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი განაჩენის ფაქტობრივად არსებობა, იმ პირობებში, როდესაც ორივე განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია პირველი განაჩენის გამოტანამდე, ვერ გახდება პირის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საფუძველი.
3.3. ამდენად, მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის), ვინაიდან მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით (ორი ეპიზოდი - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განაჩენები) გათვალისწინებული დანაშაულისთვის არსებული ნასამართლობა ახალი დანაშულის ჩადენის მომენტისთვის მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.
4. ჩადენილი ქმედების ხასიათისა (ჩადენილია არაძალადობრივი ხასიათის დანაშაული) და მიყენებული ზიანის (10 ლარი, რომელიც ამოღებულია და უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს) გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-–---- ნ----–---–ისთვის მუხლის სანქციის მინიმუმის განსაზღვრა იქნება სამართლიანი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისიწინებულ სასჯელის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
3. მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
4. ა-–---- ნ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ ა-–---- ნ----–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2017 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 19 დეკემბრიდან 2015 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.
6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ს. ა------–---ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე