განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002041561
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №468აპ-18 ქ. თბილისი
ბ--------- ი-----, 468აპ-18 16 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილისა და მსჯავრდებულ ი----- ბ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ტ--–-----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით ი----- ბ---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 თვე და 4 დღე. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 თვე და 4 დღე და საბოლოოდ ი----- ბ--------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი----- ბ--------ს სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის - 14 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდა განესაზღვრა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 15 მაისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ი----- ბ---------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 15 მაისს, გამთენიისას, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ყოფილი ,,ა---------ს“ მიმდებარედ, შპს „ე-------ს“ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ჯიხურში, დარაჯ ა-–---------- ბ--------სა და ი----- ბ--------ს მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის დროს ი----- ბ--------მა ა-–---------- ბ--------ს განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები და კისერზე ზეწოლის შედეგად გაგუდა, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მომხდარის შემდეგ ი----- ბ--------მა მის მიერ მოკლულ ა-–---------- ბ--------ს გვამს გადაასხა თეთრი საღებავი, დააყარა სხვადასხვა ნივთი და გარედან ჩაკეტა ჯიხურის კარი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ი----- ბ---------ს გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი----- ბ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 თვე და 4 დღე და საბოლოოდ ი----- ბ--------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი----- ბ--------ს სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის - 12 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდა განესაზღვრა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 15 მაისიდან.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ი----- ბ--------სა და ა-–---------- ბ--------ს შორის კონფლიქტის არსებობა, რის გამოც ი----- ბ--------მა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა-–---------- ბ--------ს. მომხდარის შემდეგ ა-–---------- ბ-------- ერიდებოდა მსჯავრდებულთან კონტაქტს და მასთან შეხვედრის შიშის გამო სურდა სამსახურისთვის თავის დანებება. აღნიშნული კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ა-–---------- ბ-------- გარკვეულ საფრთხეს ელოდა ი----- ბ---------სგან. მოცემულ შემთხვევაში საფრთხე აღმოჩნდა რეალური, ვინაიდან ი----- ბ--------- კვლავ გაუსწორდა ფიზიკურად ალქსანდრე ბ--------ს და კისრის არეში ზეწოლით გაგუდა იგი. ის გარემოება, რომ მთელი ჯიხური და მასში არსებული ნივთები მოსვრილი იყო ა-–---------- ბ--------ს სისხლით, ადასტურებს ძალადობის ინტენსივობას, კერძოდ იმას, რომ ი----- ბ--------მა უმოწყალოდ სცემა აწ გარდაცვლილს, რაც დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ექსპერტის N--------- დასკვნით. მას შემდეგ, რაც ი----- ბ--------მა სასტიკად სცემა ა-–---------- ბ--------ს, კისრის არეში ზეწოლით გაგუდა იგი, რამაც გამოიწვია ა-–---------- ბ--------ს სიკვდილი. მიყენებული დაზიანებების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი----- ბ--------- მოქმედებდა ა-–---------- ბ--------ს მოკვლის განზრახვით, ვინაიდან საფუძველს მოკლებულია განზრახვის გარეშე ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებების მიყენება და შემდეგ მისი ხელით გაგუდვა. ა-–---------- ბ--------ს კისრის არეში ზეწოლით გაგუდვა იყო ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, რამაც შედეგად გამოიწვია სიკვდილი. ამდენად, გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, ი----- ბ--------ს კამათი მოუხდა ა-–---------- ბ--------სთან, მაგრამ ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 ივლისის N--------- დასკვნით ი----- ბ---------ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა ა-–---------- ბ--------ს სისხლი. ა-–---------- ბ--------ს მკვლელობის დროს ჯიხურში ი----- ბ---------ს ყოფნის ფაქტი დადასტურებულია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ჯიხურიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ი----- ბ---------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ მკვლელობის შემდეგ ჯიხურის კარი ბოქლომითა და გასაღებით ჩაკეტა ი----- ბ--------მა, დადასტურებულია ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, გასაღების საკიდისა და საკვნეტელას ასხმაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- ბ--------ს. ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურდა, რომ ა-–---------- ბ--------ს საცხოვრებელი ვაგონის წინ განთავსებული მაგიდიდან ამოღებულ ორ ჭიქაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- ბ--------ს, რაც ადასტურებს მკვლელობის დღეს ი----- ბ---------ს ა-–---------- ბ--------სთან ყოფნის ფაქტს.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა ჩვენებებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი და ა-–---------- ბ--------ს გვამი დასვრილი იყო თეთრი საღებავით. თეთრი საღებავის კვალი კი მიდის სწორედ იმ ვაგონამდე (სასაწყობე ვაგონი N3), რომელშიც ცხოვრობდა ი----- ბ---------. შესაბამისად, შეუძლებელია, ამ კვალის არსებობა დანაშაულის ადგილზე ყოფნის გარეშე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს შეექმნა ი----- ბ---------ს ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომლის თანახმად, ი----- ბ--------- არის აგრესიული, ფიცხი პიროვნება და არ შეუძლია თავის გაკონტროლება, დამოკიდებულია ალკოჰოლზე. სწორედ მისი იმპულსური ხასიათი გახდა იმის საფუძველი, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასტიკად ეცემა ა-–---------- ბ--------, რის შემდეგაც კისრის არეში ზეწოლით გაგუდა იგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ა-–---------- ბ-------- მოკლულია 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე. დროის ამ მონაკვეთში კი დასახლებული ტერიტორიიდან საკმაოდ დაშორებულ ადგილზე უცხო პირები არ გადაადგილდებიან. ი----- ბ--------მა ის ღამე რომ შემთხვევის ადგილზე გაატარა, დასტურდება ტ------- ბ--------ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თვალი მოჰკრა ჯიხურში მისი მეუღლის გვამს, შეეცადა მეზობელ ჯიხურში მცხოვრებისთვის ეთხოვა დახმარება, თუმცა კარი არავინ გაუღო. მოგვიანებით კი მითითებული ჯიხურიდან პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყვანეს ი----- ბ---------, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ი----- ბ--------- იმყოფებოდა ჯიხურში, მაგრამ იგი შეგნებულად არ აღებდა კარს. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ მოყავისფრო ქურთუკზე, რომელიც ეფარა ა-–---------- ბ--------ს ცხედარს, აღმოჩენილი სისხლის ლაქები, რომლის გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის ა-–---------- ბ--------სა და ი----- ბ--------ს, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სხვა პირი - ეს გარემოება არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. მართალია, ქურთუკზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქები არ ეკუთვნის ხსენებულ პირებს, მაგრამ არც ის ფაქტია დადგენილი, რომ ეს ლაქები უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დღეს გაჩნდა ქურთუკზე. გარდა ამისა, არც ოდოროლოგიური და არც სხვა ექსპერტიზის დასკვნებით არ დადასტურებულა შემთხვევის ადგილზე სხვა პირის ყოფნის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ი----- ბ--------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი----- ბ--------ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 12 ივნისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N------------- გადაწყვეტილებით ი----- ბ--------- 2017 წლის 8 თებერვალს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 4 თვითა და 4 დღით ადრე. დანაშაულის ჩადენის დროს - 2017 წლის 15 მაისს მას ზემოაღნიშნული განაჩენით ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, მის მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ი----- ბ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ასევე რეციდივის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ი----- ბ--------მა სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი უნდა მოიხადოს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი თამარ ზაქუტაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანას.
მსჯავრდებულ ი----- ბ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ--- ტ--–----- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. ბ---------ს გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).
9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ბრალდების მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ი----- ბ--------ს განესაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (საქმე #399აპ-14; 83აპ-18).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილისა და მსჯავრდებულ ი----- ბ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ტ--–-----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე