განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210015795499
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015795499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №ას-1605-2018 28 დეკემბერი, 2018 წელი

№ას-1605-2018 მ----, ქ-------- ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

 

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორები – მ--- მ----, ლ---- ქ-------- (მოპასუხეები)

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-------------------ი“ (მოსარჩელე)

 

თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „გ------------“, ვ-–- ს----–--

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება

 

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

 

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „გ-------------------მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ--- მ----ს (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“), ლ---- ქ--------ს (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „კერძო საჩივრის ავტორები“), შპს „გ------------სა“ (შემდგომში − „მესამე მოპასუხე“) და ვ-–- ს----–--ს (შემდგომში − „მეოთხე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 335037 აშშ დოლარისა და 796475 ლარის გადახდა. მესამე და მეოთხე მოპასუხეების მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ, პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 14 დღე. მათ უნდა მიეთითებინათ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, ასევე მიეთითებინათ იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მათ უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

8. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება გაეგზავნა პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელს − ც-–---- ც--------ს, რომელსაც ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 19 ივლისს.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 20 ივლისიდან და ამოიწურა 2018 წლის 2 აგვისტოს, რომელიც არ ყოფილა უქმე ან დასვენების დღე. პირველ და მეორე მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა და მეორე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

11.1. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა 2018 წლის 2 აგვისტოს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ბოლო დღეს, სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სამ ეგზემპლარად, თანდართული საბუთებითა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიით. ამასთან, იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, ხარვეზი დადგენილ ვადაში შეავსეს;

11.2. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შეცდომით გადაეცა სხვა მოსამართლის (ლ. გვარამიას) თანაშემწეს და მხოლოდ 2018 წლის 5 ოქტომბერს დაბრუნდა კანცელარიაში. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იმავე დღეს (5 ოქტომბერს) გადაეცა მოსამართლე ოთარ სიჭინავას თანაშემწეს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

15. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შესავსებად მხარეს განესაზღვრა 14 დღე (იხ. ტ. 3. ს.ფ. 4-7).

18. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება გაეგზავნა პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელს − ც-–---- ც--------ს, რომელსაც ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 19 ივლისს (იხ. ტ. 3. ს.ფ. 17).

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

20. ამდენად, ხარვეზის შესავსებად მხარისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 20 ივლისიდან და ამოიწურა 2018 წლის 2 აგვისტოს.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მხარეს დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის (იხ. ტ. 3. ს.ფ. 29-31).

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე − კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის განცხადებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის სპეციალისტის ლია ჭუმბურიძის პასუხზე, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს 17 საათსა და 27 წუთზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებში შევიდა პირველი და მეორე მოპასუხეების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელზეც მითითებული არ იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე და საქმის ნომერი. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, აღნიშნული მხარეების გათვალისწინებით, მოძიებულ იქნა შესაბამისი საქმე და საქმეზე დასართავად ჩაბარდა მოსამართლის თანაშემწეს. 2018 წლის 5 ოქტომბერს მოცემული დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი მიმართვით დაბრუნდა კანცელარიაში. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გამოვლინდა, რომ იდენტური მხარეებით საქმე ასევე წარმოებაში იყო მოსამართლე ოთარ სიჭინავასთან და შესაბამისად, იმავე დღეს გადაეცა მის თანაშემწეს (იხ. ტ. 3. ს.ფ. 61).

23. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მოსამართლე ლევან გვარამიას თანაშემწის მიმართვა, რომლითაც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაბრუნდა კანცელარიაში (იხ. ტ. 3. ს.ფ. 35). აღნიშნულ მიმართვას ერთვის პირველი და მეორე მოპასუხეების დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი (თანდართული დოკუმენტაციითა და CD დისკით), რომლის პირველ გვერდზე დასმული სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2018 წლის 2 აგვისტოს (იხ. ტ. 3. ს.ფ. 36).

24. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში პირველ და მეორე მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. მართალია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მომენტში სააპელაციო პალატა არ ფლობდა ინფორმაციას მხარის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, თუმცა საქმის მასალებში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ პირველმა და მეორე მოპასუხეებმა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლოს დღეს, 2018 წლის 2 აგვისტოს, ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, თანდართული დოკუმენტაციითა და CD დისკით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სააპელაციო პალატას არ შეუფასებია პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში წარდგენილი დოკუმენტები, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ--- მ----სა და ლ---- ქ--------ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე მ--- მ----სა და ლ---- ქ--------ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

 

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

 

ბ. ალავიძე