განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002049751
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №510აპ-18 ქ. თბილისი
ქ-----ა გ-------, 510აპ-18 20 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ქ-----ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ქ-----ას ბრალი დაედო ძარცვის მცდელობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობაში, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი არაერთგზის; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ქონებრივ დაზიანებაში მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა გ------- ქ-----ამ 2017 წლის 25 ივნისს, ღამის საათებში, თ---–--–ი, გ--------–-ს ქუჩის №- კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში განთავსებულ ლიფტში, სცადა, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ი----- ბ----–---–-ს კუთვნილ ოქროს სამკაულებს. გ------- ქ-----ამ ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, მას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ი----- ბ----–---–-ა, რომელსაც მიეხმარა მისი შვილი მ-----– ბ----–---–-ც, ხოლო გ------- ქ-----ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზემოაღნიშნული ქმედების დასრულებით ი----- ბ----–---–ს მიადგებოდა 1990 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2017 წლის 25 ივნისს, ღამის საათებში, თ---–--–ი, გ--------–-ს ქუჩის №- კორპუსის ერთ- ერთ სადარბაზოში განთავსებულ ლიფტში, გ------- ქ-----ამ ი----- ბ----–---–ს ხელებითა და ფეხებით სახისა და ტანის არეში მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2017 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–ი, პ-----ს გამზირზე მდებარე ,,ა-–--------ს’’ მაღაზიის წინ, გ------- ქ-----ამ გააჩერა თ-------- ჭ----------ს ავტომანქანა „MERCEDES-BENZ C180’’, სახ.#---------, რომლითაც მას მგზავრები გადაჰყავდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და მოსთხოვა თ---–--–ი, ნ--–------ს მეორე პ-–-------ე წაყვანა. მგზავრობის საფასურს შეადგენდა 5 ლარი. თ---–--–ი, ნ--–------ს მე-2 პ-–-----ს მე-2 მ/რ-ის მე-2 კვარტლის №- კორპუსთან გ------- ქ-----ა ავტომანქანიდან ჩამოვიდა და თ-------- ჭ----------ს განუმარტა, რომ ფულს ჩამოუტანდა, თუმცა იგი უკან არ დაბრუნებულა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით:
გ------- ქ-----ა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------- ქ-----ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით - ჯარიმა 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ქ-----ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ქ-----ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 27 ივნისიდან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- ქ-----ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში გ------- ქ-----ას გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- ქ-----ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- ს-----მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში გ------- ქ-----ას გამართლებას, ხოლო სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში - უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები ურთიერთშესაბამისია და ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მათ შორის არ არსებობს რაიმე სახის წინააღმდეგობა. დაზარალებულ ი----- ბ----–---–-სა და მოწმეების - გ---- რ-----–-–---–-ს, თ----- რ-----–-–---–-ს, ლ---- შ-----ს, კ--- კ-------ს, ვ------- ჟ----–---–----ს, ზ------ ო-----–---–--ა და სხვათა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- ქ-----ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (მაგალითისთვის იხ. №151აპ-09; 57აპ-15; №161აპ-16), ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, „Georgiadis v. Greece“, N21522/93, 29/05/1997, §43).
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- ქ-----ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე