განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001345594
№ბს-719-719(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი
ნ--------ე ბს-719-719(კ-18) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ-----------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 25 აპრილს გ-----------------ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2007 წლის 12 იანვარს მასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 4 წლის ვადით ხელშეკრულება დაიდო, კერძოდ, 2011 წლის 12 იანვრამდე. მითითებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 მუხლში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაგრძელებულიყო ხელშეკრულების ვადა.
2011 წლის 3 მაისის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან, თუმცა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. მოსარჩელემ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე ფაქტობრივად იმსახურა, მაგრამ მის მიმართ არ გაცემულა ხელფასი, რომლის ოდენობაც 1875 ლარია.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ-----------------ის სასარგებლოდ, მიუღებელი ხელფასის სახით, 1875 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით გ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 12 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების 3.1 პუნქტში აღინიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის“ მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 წელს. ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტში მიეთითა, რომ ხელშეკრულების 3.1 მუხლში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გაგრძელებულიყო წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის 2009 წლის 2 ივლისის №3 ბრძანებით, სერჟანტი გიორგი ფიდოს ძე ნ--------ე დაინიშნა გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I ათეულის მსროლელად 2009 წლის 1 ივლისიდან და ამავე ბრძანებით გათავისუფლდა გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ სასწავლო სფეროს ჯავშანსატანკო კურსის (ახალციხე) დაცვისა და უზრუნველყოფის ჯგუფის სატრანსპორტო ჯგუფის მძღოლის თანამდებობიდან.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 14.01.2011წ. №1/9 §3; 21.01.2011წ. №1/14 §2; 25.01.2011წ. №1/16 §1; 27.01.2011წ. №1/18 §2; 02.02.2011წ. №1/22 §2; 04.02.2011წ. №1/24 §3; 08.02.2011წ. №1/26 §2; 10.02.2011წ. №1/28 §1; 11.02.2011წ. №1/29 §2; 14.02.2011წ. №1/30 §2; 16.02.2011წ. №1/32 §1; 18.02.2011წ. №1/35 §1; 22.02.2011წ. №1/37 §2; 28.02.2011წ. №1/41 §1; 02.03.2011წ. №1/43 §1; 04.03.2011წ. №1/45 §2; 04.03.2011წ. №1/45 §4; 08.03.2011წ. №1/47 §2; 10.03.2011წ. №1/49 §1; 11.03.2011წ. №1/50 §2; 14.03.2011წ. №1/51 §1 ბრძანებები, რომლებითაც, სერჟანტი გ-----------------ის შემადგენლობით, დგებოდა სადღეღამისო განაწესი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2011 წლის 16 მარტის №1/3-1804 წერილით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთაგან კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის 2011 წლის 9 მარტის №1 ოქმის საფუძველზე, კონტრაქტის შემდგომ გაგრძელებაზე უარი ეთქვა სერჟანტ გიორგი ფიდოს ძე ნ--------ეს.
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 2011 წლის 18 მარტის №54 §2 ბრძანებით სერჟანტი - გიორგი ფიდოს ძე ნ--------ე კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2011 წლის 18 მარტიდან მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან (საფინანსო კმაყოფიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო მოხსნილია 2011 წლის 12 იანვრიდან) და ამავე თარიღიდან წარდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 3 მაისის №1140 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულის I დაცვის ოცეულის I დაცვის ათეულის მსროლელი, სერჟანტი გიორგი ფიდოს ძე ნ--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 18 მარტიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველესად უნდა შეფასებულიყო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, იგი წარმოადგენდა კერძო სამართლებრივ თუ საჯარო სამართლებრივ - ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა შეფასებულიყო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხი.
კერძო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა გამიჯვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განიმარტა, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის, როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, ანუ მას შეუძლია დადოს როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
განსახილველ შემთხვევაში გ-----------------ე ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ ფუნქციას - გადიოდა სამხედრო სამსახურს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამდენად, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მიაკუთვნებს ფორმასავალდებულო ხელშეკრულებებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება. დადგენილია, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 12 იანვრის შემდეგ ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ დადებულა, აღნიშნულის თანახმად კი, ზეპირი ფორმით იგი ვერ დაიდებოდა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის ბრძანებები, რომელიც ადგენდა მოსარჩელის მონაწილეობით სადღეღამისო განაწესს და რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული 2007 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ვადა 2011 წლის 11 იანვრის შემდგომ ითვლებოდა გაგრძელებულად 2011 წლის 18 მარტამდე. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებისთვის სავალდებულო იყო მისი წერილობითი ფორმით დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულების არარსებობის პირობებში კი მხარეებს არ წარმოეშვებათ უფლებები და მოვალეობები. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ეკისრებოდა რაიმე სახის ვალდებულება გ-----------------ის მიმართ 2011 წლის 11 იანვრიდან, ისევე როგორც, გ-----------------ე არ იყო ვალდებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მითითებული თარიღის შემდგომ.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულების არსებობის პირობებშიც კი სასარჩელო მოთხოვნა მოკლებული იქნებოდა სამართლებრივ საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მესამე ნაწილის შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ 2011 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდზე შრომის ანაზღაურების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით მომართა სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილს - 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-----------------ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გ-----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება; გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-----------------ის სასარგებლოდ დარიცხული 1781,82 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2018 წლის 6 მარტის სასამართლო სხდომაზე გ-----------------ემ დააზუსტა მოთხოვნა და მიუღებელი ხელფასის სახით 1946,34 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება მოითხოვა, საიდანაც ხელზე გასაცემი იყო 1557.09 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის - პოლკოვნიკ ლერი გელხაურის 2016 წლის 27 დეკემბრის NMOD 6 16 01225339 წერილზე, რომლის თანახმად, გ-----------------ეზე მითითებულ პერიოდში (2011 წლის 12 იანვრიდან - 18 მარტამდე) დარიცხული და ხელზე გასაცემი თანხა შეადგენდა ჯამში 1946.34 ლარს (დარიცხული), ხოლო ხელზე გასაცემი - 1557,09 ლარს. ამ წერილის შინაარსიდან დგინდება ვალდებულების აღიარებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო გ-----------------ის წინაშე აღიარებდა დავალიანების არსებობას. სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით, ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხზე სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ გ-----------------ემ მისი 4-წლიანი კონტრაქტის ამოწურვისთვის სრულად ხელფასი მიიღო. გ-----------------ისთვის, როგორც ხელშეკრულების მხარისთვის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა საკონტრაქტო 4-წლიანი ვადის განმავლობაში არსებული ხელფასი, ხოლო, როდესაც 4-წლიანი საკონტრაქტო ვადა გავიდა, მან ფაქტობრივად გააგრძელა მუშაობა და დამატებით, 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე, მოუწია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, სანამ არ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ამ პერიოდში გამოცემული ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე გ-----------------ის შემადგენლობით დგებოდა სადღეღამისო განწესი, მიუხედავად კონტრაქტის ვადის გასვლისა. ამრიგად, გ-----------------ისთვის მოპასუხეს მხრიდან ძირითად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა 4-წლიან საკონტრაქტო პერიოდში გათვალისწინებული ხელფასი, ხოლო აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ნამსახურებმა პერიოდმა წარმოშვა ხელფასის გაცემის დამატებითი ვალდებულება.
სააპელაციო პალატის მითითებით, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის პოლკოვნიკი ლერი გელხაურის N MOD 6 16 01225339 წერილით ირკვევა, რომ 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე დარიცხული და ხელზე გასაცემი თანხა შეადგენდა ჯამში 1946.34 ლარს (დარიცხული), (საიდანაც 10.97 ლარი არის წოდებრივი სარგო, 302.71 ლარი - თანამდებობრივი სარგო, 31.37 ლარი - პროცენტული დანამატი, 1436.77 ლარი - დანამატი, 164.52 ლარი - კვების დანამატი), ხოლო ხელზე გასაცემი - 1557,09 ლარს. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას 2018 წლის 6 მარტის სასამართლო სხდომაზე გ-----------------ემ დაადასტურა, რომ იმყოფებოდა საქვაბე კმაყოფაზე, შესაბამისად, N MOD 6 16 01225339 წერილში მითითებული კვების კომპენსაცია - 164,52 ლარის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო იყო. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1946,34 ლარიდან სარჩელი საფუძლიანი იყო მხოლოდ 1781.82 (1946,34 – 164,52 = 1781.82) ლარის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა გ-----------------ის სააპელაციო საჩივარი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 4 წლით, რომელიც დასრულდა 2011 წლის 12 იანვარს. 2011 წლის 3 მაისის თავდაცვის მინისტრის #1140 ბრძანებით გ-----------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2011 წლის 18 მარტიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება, შესაბამისად, გ-----------------ე 2011 წლის 12 იანვრიდან მოიხსნა საფინანსო კმაყოფიდან, თუმცა აღნიშნული ფაქტი მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, როცა ის აპელირებს 2016 წლის 27 დეკემბრის #225339 წერილზე, რომლის თანახმად, გ-----------------ის სახელზე 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე დარიცხული და ხელზე ასაღები თანხებია გაშიფრული. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილით ადმინისტრაციული ორგანო აღიარებდა დავალიანების არსებობას და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე. კასატორის აღნიშვნით, მითითებული წერილის საფუძველი იყო იურიდიული დეპარტამენტის წერილი და იგი არ შეიცავდა დავალიანების გადახდის დაპირებას. ჯავშანსატანკო სწავლების ცენტრს არ აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამდენად, მის მიერ გაცემული ცნობა ვერ იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ვალის აღიარება. მითითებული ცნობა ადასტურებდა არა თავდაცვის სამინისტროს მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს, რომ ემსახურა 2011 წლის 12 იანვრიდან 2011 წლის 18 მარტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2007 წლის 12 იანვარს გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. ამავე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა დათქმა მასზედ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელი იყო ამავე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება.
დადგენილია, რომ 2011 წლის 12 იანვრის შემდგომ ამავე წლის 14 მარტამდე გამოცემულია ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე გ-----------------ის შემადგენლობით დგებოდა სადღეღამისო განაწესი.
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 2011 წლის 18 მარტის №54 ბრძანებით, კონტრაქტის გაგრძელების მსურველთა შერჩევის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ-----------------ე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2011 წლის 18 მარტიდან (საფინანსო კმაყოფიდან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო მოხსნილია 2011 წლის 12 იანვრიდან) და წარდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნაზე 2011 წლის 18 მარტიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 3 მაისის №1140 ბრძანებით გ-----------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 18 მარტიდან, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის სახით მოითხოვა 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 18 მარტამდე სახელფასო ანაზღაურების გაცემა.
მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დავის საგანს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება წარმოადგენს, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 2007 წლის 12 იანვარს დადებული ხელშეკრულების ვადა, მართალია, ამოიწურა 2011 წლის 12 იანვარს, თუმცა იგი გაგრძელდა ამავე წლის 18 მარტამდე. აღნიშნულის დამადასტურებელია ჯავშანსატანკო ცენტრის მეთაურის ის ბრძანებები, რომლებიც ადგენდა მოსარჩელის მონაწილეობით სადღეღამისო განაწესს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის კანონისმიერი საფუძვლების დადგენა, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა - ადმინისტრაციული ორგანოსათვის თანხის დაკისრების თაობაზე, გამომდინარეობს თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველესად უნდა შეფასდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, იგი წარმოადგენს კერძო სამართლებრივ თუ საჯარო სამართლებრივ - ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხი, ვინაიდან განსხვავებულია ასეთ ხელშეკრულებათა დადებისა და ვადის გაგრძელების წესი და ფორმა, ასევე, მათი სამართლებრივი ბუნება.
საკასაციო სასამართლო კერძო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა გამიჯვნასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის, როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, ანუ მას შეუძლია დადოს როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. სწორედ ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნას ემსახურება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნების ლეგალურ დეფინიციაში მოცემული ელემენტი: „საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით“. ხელშეკრულების მიზანი უნდა განვსაზღვროთ მისი შინაარსიდან გამომდინარე, არსებითია იმის დადგენა, თუ როგორია საქმის ფაქტობრივი გარემოებების, განსაკუთრებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ან დადგენილი მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება (სუს 2014 წლის 17 ივნისის #623-598(კ-13) განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 12 იანვარს დადებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც გ-----------------ე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, ხოლო მასთან დადებული ხელშეკრულება ატარებდა საჯარო უფლებამოსილების მიღწევის მიზანს, რის გამოც მისი დადების, შეწყვეტის, გაგრძელების ან შესრულების კანონიერება უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით, დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება. აღნიშნული კრიტერიუმი ერთ-ერთ განმასხვავებელ ფაქტორად გვევლინება კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-----------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 12 იანვრის შემდეგ ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ დადებულა, ხოლო, როგორც უკვე აღინიშნა, ზეპირი ფორმით იგი ვერ დაიდებოდა. ამდენად, გ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა არ არის საფუძვლიანი, ვინაიდან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ერთადერთი ლეგიტიმური ფორმა არის წერილობითი და მისი გაგრძელებაც ასევე უნდა გაფორმდეს წერილობით, რასაც მოცემულ შეთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლოს აზრით, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მისი გაგრძელების თაობაზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებისთვის სავალდებულოა მისი წერილობითი ფორმით დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულების არარსებობის პირობებში კი გ-----------------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის მეთაურის 2016 წლის 27 დეკემბრის NMOD 6 16 01 #225339 წერილზე, რომლის თანახმად, გ-----------------ეზე 2011 წლის 12 იანვრიდან ამავე წლის 19 მარტამდე დარიცხული და ხელზე ასაღები თანხებია გაშიფრული. საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო გ-----------------ის წინაშე აღიარებდა დავალიანების არსებობას.
ვალის აღიარების საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის ვალის აღიარებად მიჩნევისთვის, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე. ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და აანაზღაურებს დავალიანებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად უთითებს მოთხოვნის არსებობის აღიარებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა და მისი თავიდან დაწყება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები გ-----------------ის სააპელაციო საჩივარზე - ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ?? ???????? 412-? ?????? გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა გ-----------------ის სარჩელი და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი