განჩინება

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
330141319002800101
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141319002800101

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№41-19 11 თებერვალი, 2019 წელი

ჩ----- ზ------, 41-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ზ------ კ-------–--ის

ადვოკატ - ო-–--- გ-----ის

მსჯავრდებულ - ზ------ ჩ----ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ------ ჩ----ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ზ------ ჩ-----ს, – დაბადებულს 1--- წელს, - მოეხსნა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 243–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და გამართლდა.

 

ზ------ ჩ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104–ე მუხლის პირველი, მე–4, მე–6, მე–7 და მე–9 პუნქტებით, სსკ-ის 240–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით, სსკ-ის 238–ე მუხლის პირველი, მე–2 და მე–4 ნაწილებით, სსკ-ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტითა და სსკ-ის 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 104–ე მუხლის პირველი, მე–4, მე–6, მე–7 და მე–9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 240–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 238–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 238–ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 238–ე მუხლის მე–4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის მე–40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------ ჩ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

ზ------ ჩ----- დაპატიმრებულია 1997 წლის 24 ივნისიდან.

 

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით ზ------ ჩ----ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

ზ------ ჩ----ის მიერ ჩადენილი ქმედება სსკ-ის 104–ე მუხლის მე–6, მე–7 პუნქტებით, (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 2007 წელს მოქმედი სსკ-ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებზე;

 

მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 2007 წელს მოქმედი სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 238–ე მუხლის მე–4 ნაწილი (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 2007 წელს მოქმედი სსკ-ის 236–ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

 

მსჯავრდებულ ზ------ ჩ-----ს სსკ-ის 104–ე მუხლის (ძველი რედაქცია) პირველი, მე–4 და მე–9 პუნქტებით, სსკ-ის 238–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით, სსკ-ის 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით, სსკ-ის 240–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და 2007 წელს მოქმედი სსკ-ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ზ------ ჩ----- გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 238–ე მუხლის პირველი, მე–2 ნაწილებით (ძველი რედაქცია), სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ზ------ ჩ----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის განკარგულებით შეწყალებულ იქნა ზ------ ჩ-----, მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით - საქართველოს სსკ-ის 104–ე მუხლის პირველი, მე–4, მე–9 პუნქტებით, სსკ-ის 238–ე მუხლის პირველი, მე–2 ნაწილებით, სსკ-ის 240–ე მუხლის პირველი, მე–2 ნაწილებით, სსკ-ის 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით (ძველი რედაქცია), სსკ-ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236–ე მუხლის პირველი, მე–2 ნაწილებით და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღად მიეთითა 2032 წლის 24 ივნისი.

 

6. 2019 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ზ------ ჩ-----მ და საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ------ ჩ----ის მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ------ ჩ-----მ და ითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის განკარგულების გათვალისწინებით, რომლითაც მას ფაქტობრივად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულმა, აგრეთვე საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნის ძირითადი არგუმენტია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მას უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, მასზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი უნდა გავრცელდეს და სასჯელის საერთო მოცულობა - 35 წელი ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ არგუმენტს არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ:

 

3. საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

 

4. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტმა განსაზღვრა მსჯავრდებულ ზ------ ჩ----ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი, რაც არ ნიშნავს უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლას. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება პირისთვის დანიშნულ სასჯელზე, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, ზ------ ჩ-----ზე უკვე გავრცელებულია ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

 

5. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. მაგალითად N67აგ-16, №41-18), რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ზ------ ჩ----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე