განჩინება

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066403
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066403

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№499აპ-18 ქ. თბილისი

ა--------- ნ---- , 499აპ-18 11 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირიმოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენზე თ---–--ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელისა და მსჯავრდებულ ნ---- ა--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ა-----ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

 

ნ---- ა---------, – დ----------–-------–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი - მე–3 ნაწილებითა და სსკ–ის 128–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილებით - ჯარიმა 10 000 ლარი;

მასვე საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით;

საქართველოს სსკ–ის 128–ე მუხლით ჯარიმა – 5000 ლარი;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---- ა---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა –10 000 ლარი; მასვე საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით.

 

2. აღნიშნული განაჩენი თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თ---–--ის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

2016 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 23.20 საათზე, თ---–--ში, დ----–-----ში, ა---–----ის მხრიდან ბ----ის მიმართულებით ავტომობილ „VOLVO S 40 სახელმწიფო ნომრით A-------- მოძრაობდა თ---------- დ----–---–ი. ამასთანავე, დ----–-----ში, რ---------–ის ქუჩის №-–თან, ს----------–-----------ის შენობის წინ, ნ---- ა---------მ, რომელიც მოძრაობდა თავისი ავტომობილით Toyta Vitz,“ სახ. ნომრით W--------, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, გზის მარჯვენა ნაპირიდან მოუხვია მარცხნივ, გადაკვეთა ღერძულა ხაზი და შევიდა ბ----ის მიმართულების სამოძრაო ზოლში და შესვლის შემდეგ სავალ ნაწილზე გაჩერდა, რა დროსაც მასზე შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, ამავე მიმართულებით მოძრავმა მძღოლმა თ---------- დ----–---–მა ავტომობილის საჭე მიმართა მარცხნივ, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. შეჯახების შედეგად თ---------- დ----–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მისმა მგზავრმა შ----- მ------მ – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

როდესაც ნ---- ა---------მ დაინახა, რომ ავტომანქანა, რომელსაც თ---------- დ----–---–ი მართავდა ხეს შეეჯახა, არ მიიღო არავითარი ზომები დაზარალებულის დასახმარებლად და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ---- ა--------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის (სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით) მისჯას.

6. პროკურორის მითითებით, ორივე დაზარალებულს დღემდე ესაჭიროება მკურნალობა. დაზარალებულ თ---------- დ----–---–ს სიცოცხლის შესანარჩუნებლად დასჭირდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია როგორც საქართველოში, ასევე - საზღვარგარეთ, რის შედეგადაც დღეს შეუძლია მხოლოდ ხელჯოხით გადაადგილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა დამნაშავის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - დაზარალებულთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ---- ა---------მ თავისი ავტომობილით გადაუჭრა გზა თ---------- დ----–---–ის ავტომობილს, რომელმაც ამის შედეგად შეიცვალა მიმართულება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, შემდეგ კი დავარდა გზაზე. ნ---- ა---------მ დააფიქსირა აღნიშნული ვითარება და დედამისთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მისი დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ გარკვეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად. ნ---- ა---------ს კი არ ჰქონია მისწრაფება - დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა (განსაკუთრებით კი - თ---------- დ----–---–ისათვის, რომელიც ამასთან დაკავშირებით აცხადებს პრეტენზიას). მსჯავრდებული მორალურადაც კი არ დახმარებია დაზარალებულს.

 

7. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და ნ---- ა--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

8. დაცვის მხარის მითითებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თ---------- დ----–---–ს შემთხვევის დროს უნდა ემოძრავა 40 კმ/სთ სიჩქარით. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს N--------- დასკვნით თ. დ----–---–ს რომ ემოძრავა 60 კმ/სთ სიჩქარით, მისი გაჩერებისათვის საჭირო იქნებოდა დაახლოებით 45 მეტრი. კასატორისათვის გაუგებარია, თუ როგორ დადგინდა 45 მეტრის საჭიროება მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის ისეთი სახის გარემოებები, როგორებიცაა: თ. დ----–---–ის რეაქცია მოცემულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების ტექნიკური საშუალება, მისი ინდივიდუალური ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, რა მოდელისაა სატრანსპორტო საშუალება და როგორია მისი გაჩერების მანძილი. კასატორის მოსაზრებით, დაზარალებულების ჩვენებები არ შეესაბამება ერთმანეთს; ნ---- ა---------მ და მ----- კ-----–--ამ კი სასამართლოს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენება მისცეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ემაყრება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.

 

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

11. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

12. სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებული ფაქტია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ნ---- ა--------ის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების (საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტი) დარღვევამ. თ. დ----–---–ს დასაშვები (60 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც, ტექნიკური თვალსაზრისით, გზის სავალ ნაწილზე დაახლოებით გზის მართობულად გაჩერებულ ავტომობილ „Toyta Vits-ზე“ შეჯახების თავიდან აცილება ავტომობილის დამუხრუჭებით არ შეეძლო; მის მიერ მანევრის შესრულება მოძრაობის მიმართულების შეცვლის სახით (რასაც ხესთან შეჯახება მოჰყვა) არ ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. თ. დ----–---–ის ჩვენებით, როდესაც ვერცხლისფერმა ავტომანქანამ „გაუკეთა მანევრი,“ გადაუჭრა გზა და გაჩერდა შუა ტრასაზე, მან საჭე აიღო მარცხნივ - შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ნ---- ა---------ს, რომელსაც წარმოეშვა სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა მისი წინარე ქმედებით (ავტოსატრანსპორტო შემთხვევა), დაზარალებულები შეკრებილი ხალხის იმედად მიატოვა, არ დარეკა არც საპატრულო და არც სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.

 

13. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს ნ. ა--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი - მე–3 ნაწილებითა და სსკ–ის 128–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

14. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მსჯავრდებულს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არ არის ნასამართლევი), დამამძიმებელი გარემოება (მკურნალობის ხარჯები არ არის ანაზღაურებული) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ---- ა---------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

15. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თ---–--ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელისა და მსჯავრდებულ ნ---- ა--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ა-----ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე