განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №-20210018002229609
საქმე №ას-1935-2018 25 მარტი, 2019 წელი
№ას-1935-2018 ხ---------ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ---- ხ---------ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ---- ხ---------მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ (შემდგომ – მოპასუხე, სააგენტო) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2017 წლის 14 აგვისტოს №1259/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის – 1875 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან – 2017 წლის 14 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
3. აღნიშნული სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს №1259/კ ბრძანებით მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, რის სამართლებრივ საფუძველზედაც მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ – სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ხოლო ფაქტობრივ მიზეზად – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №116 დასკვნაში მითითებული გარემოებები მოსარჩელის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტების თაობაზე.
4. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უსაფუძვლო და ყოვლად არაარგუმენტირებულ დასკვნებს ეფუძნება. რეალურად მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დასაქმებული იყო სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2015 წლის 19 ოქტომბრიდან.
6. უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №523/ს ბრძანებით, სააგენტოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინსპექტირების ჯგუფი მივლინებულ იქნა სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული მარტვილის სატყეო უბანში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა არაერთი დარღვევის ფაქტი, რაც რეაგირებისათვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.
7. აღნიშნული შემოწმების შედეგად, სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №116 დასკვნის საფუძველზე, დარღვევის მნიშვნელობიდან და მოცულობიდან გამომდინარე, სააგენტოს უფროსის 2017 წლის 14 აგვისტოს №1259/კ ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
8. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილი დარღვევები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გარემოს და რაზეც მისი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
9. უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელი რეგიონის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 387 ფაქტს მოიცავს, რაც გაცილებით ნაკლებია იმ ფაქტებზე, რაც რეალურად დაფიქსირდა და შიდა კონტროლის სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებით მხოლოდ ერთი სატყეო უბნის ფარგლებში აღმოჩნდა.
10. შიდა კონტროლის სამსახურისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე ადასტურებს, რომ იცოდა ტყეებში არსებული სხვადასხვა დარღვევების შესახებ, რისთვისაც მან მოითხოვა რამდენიმე სამცველოს შემოწმება და გამოავლინა სხვადასხვა სამართალდარღვევები, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 19 ოქტომბრის თათბირზე სააგენტოს უფროსმა მიუთითა სამოქმედო ტერიტორიის კონტროლზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. ზუგდიდი რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს №1259/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, მოპასუხე სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის – 1875 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან – 2017 წლის 14 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №116 დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა პერიოდულობითა და შერჩევითი წესით განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული კოლხეთი-მარტვილის სატყეო უბანში ტყის დაცვისა და სოციალური ჭრის ტყეკაფების მდგომარეობა.
14. შემოწმებულ სამცველოებში შემოწმების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ტყეკაფის არასწორად გამოყოფისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები, სატყეო-სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტები, ტყის ფონდში გზების პროექტების გარეშე გაყვანისას მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა. ამ მიზნით მოჭრილ-მოტეხილია ხე-ბუჩქნარი, ტყეკაფში ჭრაში დანიშნული ხეების დიამეტრი ხშირ შემთხვევაში არ ედრება ტყეკაფის მასალებში მითითებულ ხეთა დიამეტრებს.
15. მითითებული დარღვევების გამო, გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 986 299,55 ლარი. №116 დასკვნის თანახმად, შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ ზედამხედველობის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, სატყეო სამსახურის მეტყევე, სატყეო უბნის უფროსი, ტყის მცველები. ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა მოსარჩელეს, მეტყევეს, უბნის უფროსს, ტყის მცველებს.
16. 2017 წლის 19 ივლისს კოლხეთი-მარტვილის სატყეო უბანში ჩატარებული შემოწმების შესახებ მოსარჩელის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ შემოწმებულ უბნებზე სულ გამოვლინდა 351 466,62 ლარის ზიანი. ასეთი რაოდენობის უკანონო ჭრები გამოწვეული იყო უბნის უფროსის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობით. მართლია, აღნიშნული უბნის ტყეკაფისა და სამცველოების შემოწმება მოსარჩელეს ჰქონდა დავალებული, თუმცა ასეთ მასშტაბურ დარღვევებზე არ უფიქრია. იგი პერიოდულად ახდენდა ტყის ფონდის დათვალიერებას, თუმცა ტყის სიღრმეში სამსახურებრივი მანქანით შესვლას ვერ ახერხებდა გზის რელიეფიდან გამომდინარე.
17. უკანონო გზების ჭრასთან დაკავშირებით, არც უბნის უფროსს და არც სხვას მსგავსი მასშტაბური ფაქტები არ მიუწოდებიათ და წინადადებები არ წარუდგენიათ. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახდენდა რეაგირებას.
18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავოა, სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს №1259/კ ბრძანება გ---- ხ---------თან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი).
19. მოპასუხემ სადავოდ გახადა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ დასაქმებული – მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობებს ჯეროვნად ასრულებდა. მოპასუხის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია დასაქმებულის მოქმედების შესაბამისობა შინაგანაწესთან და სხვა დებულებებთან.
20. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინაწარ დადგენილი ძალა. ყველა მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს მათი დასაშვებობის, განკუთვნადობის, იურიდიული ძალისა და შინაარსის მიხედვით.
21. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ქმედება სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევის კუთხით შეფასებულია საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №116 დასკვნის, ასევე, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, რაც გაზიარებულ არ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
22. საქმეზე წარმოდგენილი შიდა აუდიტის №116 დასკვნის თანახმად, 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა პერიოდულობით შერჩევითი წესით განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებული, კოლხეთი-მარტვილის სატყეო უბანში ტყის დაცვისა და სოციალური ჭრის ტყეკაფების მდგომარეობის შესწავლა. დასკვნა დაფუძნებულია მოკვლეული ტერიტორიის დათვალიერების შედეგებზე, იქ დასაქმებული ფიზიკური პირების, ასევე, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებებზე.
23. აუდიტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებების შედავების კუთხით მოსარჩელეს, გარდა სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ახსნა-განმარტებისა, რაიმე კონკრეტულ გარემოებებზე, რაც სხვაგვარად წარმოაჩენდა სასამართლოს წინაშე მოკვლევის შედეგებს და დასაქმებულის ქმედებას, არ წარმოუდგენია, ასევე, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები (მაგ. დასკვნის მიხედვით, გამოკითხული პირების, მოწმის სახით დაკითხვით მიღებული ჩვენებები), რაც გააქარწყლებდა დასკვნაში ასახულ ფაქტებს.
24. რაც შეეხება დასკვნის შედგენამდე სააგენტოს უფროსისადმი გაგზავნილ მოხსნებით ბარათებს საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით, ასევე, ამ გადაწყვეტილების 2.3. პუნქტში დაფიქსირებული ქმედებებს, რაზეც თავად მოსარჩელემ მიუთითა, სააპელაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს იმგვარ ფაქტებს, რაც გამორიცხავდა აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების არსებობას და დაადასტურებდა მის მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.
25. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრივ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოკვლეული გარემოებები გასაზიარებელია.
26. მართალია, აუდიტის დასკვნის თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია სამსახურებრივი ვალდებულებები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მუშაკის მიერ, შრომითი ვალდებულების უხეში დარღვევა შეიძლება დაედოს საფუძვლად. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის ნორმა-პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით.
27. ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.
28. გადაცდომის დროს, მიზანშეწონილობის კუთხით, არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.
29. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, არსებობდეს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
30. აუდიტის დასკვნისა და თავად მოსარჩელის 2017 წლის 19 ივლისის ახსნა-განმარტების შეფასების საფუძველზე ირკვევა, რომ უბნის ტყეკაფისა და სამცველოების შემოწმების ვალდებულება მოსარჩელემ ვერ განახორციელა იმ მიზეზით, რომ, გზის რელიეფიდან გამომდინარე, ტყის სიღრმეში სამსახურებრივი მანქანით ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისათვის რაიმე ქმედება არ განუხორციელებია, თუნდაც მოეთხოვა ისეთი ავტომობილი, როგორიც აუდიტორული შემოწმების დროს იქნა გამოყენებული, რომლის უფლებაც მინიჭებული ჰქონდა ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულებით, ხოლო შემდეგში, 2017 წლის 1 იანვრიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 12/26/2016 №50 ბრძანებით.
31. მითითებული დოკუმენტები ითვალისწინებდა სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის უფლებას იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭირო იყო სამსახურის ამოცანების შესასრულებლად.
32. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელე ითხოვდა მის უბანზე დამატებითი სპეციალისტების დანიშვნას, მაგრამ სპეციალისტთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, როგორ მოახდენდა იმ ტერიტორიის შემოწმება-დაცვას, რაც მისი მითითებით შეუღწევადი იყო, გაურკვეველია.
33. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აუდიტის დასკვნაში ტყის მცველებმა განმარტეს, რომ მოსახლეობისაგან ხე-ტყის უკანონოდ ჭრა ხდებოდა მათთვის მისადგომ ადგილებში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში არსებობდა ძველი ნაგზაური, რომელიც გატყევებული იყო და შემდეგ მოხდა გზის რეკონსტრუქცია და ალაგ-ალაგ გზების შეჭრა.
34. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, თუკი მოხდებოდა მოსარჩელის მიერ თავისი ვალდებულების შესრულება და იმ ადგილების დათვალიერება, რაც მოსახლეობისთვის და მით უფრო ტყის მცველებისთვის მისადგომი იყო, ან მოითხოვდა მისივე სამსახურებრივი ავტომობილით მიუვალი ადგილების შემოწმებისათვის შესაბამისი გადაადგილების საშუალებას, დაადგენდა ხე-ტყის უკანონო ჭრის და სატყეო-სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტებს, რაც ასახული იქნა კიდეც აუდიტის დასკვნაში.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია მოსარჩელის სამსახურებრივი უმოქმედობა, მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, არასათანადო მენეჯერული უნარ-ჩვევები, რამაც გამოიწვია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მარტვილის სატყეო უბანში უკანონო შედეგები, კერძოდ: 1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სოციალური ჭრის ტყეკაფის არასწორად გამოყოფისა და ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები; 2. სატყეო-სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტები; 3. ტყის ფონდში გზების პროექტების გარეშე გაყვანისას მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა; 4. ამ მიზნით მოჭრილ-მოტეხილი ხე-ბუჩქნარი; 5. ხშირ შემთხვევაში, ტყეკაფში ჭრაში დანიშნული ხეების დიამეტრის შეუსაბამობა ტყეკაფის მასალებში მითითებულ ხეთა დიამეტრებთან; 6. დარღვევების შედეგადაც დამდგარმა ზიანმა შეადგინა 986 299.55 ლარი.
36. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობები უხეშად დაარღვია, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველია.
37. აღნიშნული მსჯელობის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლთაც დადგინდა საწინააღმდეგო, ასევე, სათანადო შეფასება არ მიეცა შიდა აუდიტის დასკვნას და თავად მოსარჩელის წერილობით ახსნა-განმარტებას, დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მისი გაუქმებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის წინაპირობაა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
38. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
39. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა სსსკ-ის 218-ე მუხლით დაკისრებული მოვალეობა და მხარეებს მორიგებაში ხელი არ შეუწყო.
40. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგობრივი უსწორობა განპირობებულია არა მხოლოდ სამართლის ნორმათა არასწორი გამოყენებითა და განმარტებით, არამედ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების უგულვებელყოფით, რაც იმაში გამოიხატა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესთან არსებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები გამოიყენა, რომელთა არსებობა რელევანტური მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
41. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი და ისეთი ფაქტების დადასტურება და უარყოფა, რომელიც ცალსახად მოპასუხე დამსაქმებლის მოვალეობას წარმოადგენს, მოსარჩელის მტკიცების საგნად განსაზღრა, რაც მსგავს საქმეებთან მიმართებით, არა მხოლოდ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების სტანდარტებს ეწინააღმდეგება, არამედ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასაც.
42. დავას არ იწვევს ის საკითხი, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტასთან არის დაკავშირებული, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებზე დაფუძნებითაც დამსაქმებელი დასაქმებულთან წყვეტს ურთიერთობას, ცალსახად დამსაქმებელს ეკისრება, რასაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ გაართვა თავი და აღნიშნულზე შემდეგი გარემოებების ერთობლიობა მეტყველებს: მოსარჩელესთან არსებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხეს მითითებული აქვს საქართველოს გარემოების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც იმავე სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, რომელსაც მოპასუხე სააგენტო ექვემდებარება. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა პრაქტიკულად ახსნა-განმარტების ტოლფასი მტკიცებულებაა, რომელსაც ვერ მიენიჭება საქმის შედეგის განმსაზღვრელი მტკიცებულებითი დატვირთა, თუ მასში მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით არ იქნება დადასტურებული.
43. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო პრეტენზიას წარმოადგენდა ზემოხსენებულ დასკვნაში არარსებული ფაქტების მითითება, ხოლო გარკვეულმა გარემოებებმა, რომლებიც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულფასოვანი და ობიექტური კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო, დასკვნაში ზერელედ ჰპოვა ასახვა და არ იყო გამოკვეთილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგებსა და მოსარჩელის ქმედებებს შორის. მხედველობაშია ის ობიექტური გარემოება, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თავად ზემოხსენებულ დასკვნაში მითითებული ახსნა-განმარტებებით, ვერ დასტურდება, რომ იმ მატერიალური ზარალის განმსაზღვრელ ფაქტებს (ხე-ტყის ჭრა და სხვ.), რომელიც მოსარჩელის ქმედების უშუალოდ შედეგად იქნა მიჩნეული, სწორედ მისი დასაქმების პერიოდში მოხდა, ანუ მოპასუხეს არ გამოუკვლევია და, შესაბამისად, არ დაუდგენია, სადავო ხე-ტყე მოსარჩელის თანამდებობაზე გამწესებამდე ხომ არ მოიჭრა, მით უმეტეს იმ ვითარების ფონზე, რომ მისი დასაქმების პერიოდი საკმაოდ მოკლე დროს მოიცავდა, რაც იმ ოდენობის მატერიალური ზიანის წარმოშობას, რომელიც შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაშია მოცემული, პრაქტიკულად გამორიცხავდა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში გ---- ხ---------ის ახსნა-განმარტებაში მითითებული ციფრობრივი მონაცემებით, ზარალის ოდენობა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულზე სამჯერ ნაკლებია, რაც მონაცემთა განსხვავებულობაზე და, შესაბამისად, მათი ჯეროვანი კვლევის აუცილებლობაზე მეტყველებდა. აღნიშნული მოპასუხეს არ განუხორციელებია, თუმცა საკუთრივ მის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ციფრების გამსაზღვრელი ხე-ტყის ჭრის ფაქტებიც არ იძლევა იმ გარემოების დადასტურების შესაძლებლობას, რომ ამ უკანასკნელს მოსარჩელის დასაქმების პერიოდში ჰქონდა ადგილი.
44. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვერ იქნა დასაბუთებული მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტების არსებობა, ასევე ის გარემოება, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა, რომლებზეც ზემოაღნიშნულ დასკვნაშია აქცენტირებული, უშუალოდ მოსარჩელის დასაქმების პერიოდში მომხდარ ფაქტებს ეფუძნება.
45. შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომელშიც მოხმობილია მოსარჩლეის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ეპიზოდი ტყეკაფისა და სამცველოების შემოწმების დამაბრკოლებელ გარემოებად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების უქონლობის თაობაზე, ვერანაირი ნიშნით ადასტურებს მოსარჩელის დასაქმების პერიოდში იმ ხე-ტყის ჭრის ფაქტებს, რომლებზე აპელირებითაც მოპასუხემ შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა ამ საკითხთან მიმართებით, სააპელაცო სასამართლოს ის არგუმენტიც, რომ მოსარჩელეს სათანადო ტექნიკური მონაცემების ავტომანქანა არ მოუთხოვია, ასევე არარეალურ და საქმეში არსებულ მტიცებულებებში ასახული მონაცემების საწინააღმდეგო დასკვნებს ეფუძნება, რაც იმ მარტივი ჭეშმარიტებით დასტურდება, რომ მოცემულ საქმეში ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, გ---- ხ---------ის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმოებული მიმოწერით, უტყუარად დგინდება, რომ მან თავის დამსაქმებელ უწყებას არაერთხელ მიმართა სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მათ შორის, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ავტომანქანით დახმარების თხოვნით, რაც თავად მოპასუხის მხრიდან იქნა იგნორირებული.
46. ამდენად, მოცემულ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით შეუძლებელია იმ ფაქტის მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგად შერაცხვა, რომლის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა, მით უმეტეს იმ ვითარების ფონზე, რომ ვერც მოპასუხემ და ვერც სასამართლომ ვერ დაასაბუთეს, კონკრეტულად რა ქმედების განხორციელებასა თუ განუხორციელებლობაში გამოიხატა მოპასუხის არამართლზომიერი და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამომხატველი დამოკიდებულება, ასევე, თუნდაც დადგენილად მიჩნეული ფაქტების დადგომის დრო და მათთან მოსარჩელის ქმედების უშუალო კავშირი, ხოლო ასეთის თუნდაც არსებობის პირობებში, რამდენად ადეკვატური იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული უმკაცრესი სანქცია, რომელიც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტაში გამოიხატა. რათქმა უნდა, ეს უკანასკნელი არგუმენტი კასატორის მხრიდან წარმოდგენილი ევენტუალური პოზიციაა, რადგან მოცემულ შემთხვევაში მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი საერთოდ არ იკვეთებოდა, მაგრამ აღნიშნულ ასპექტზე ყურადღებას იმ თვალსაზრისით გამახვილდა, რომ არსებულ შედეგებსა (რომლებიც თუმცა არასრულყოფილად არის გამოკვლეული და დადგენილი) და კონკრეტულ ქმედებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ხარისხის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ მიღებული ზომები აშკარად გაუმართლებელია.
47. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არაკანონიერია სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც, რადგან მოცემული საქმე (მიუხედავად ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფულადი გამოხატულებისა) არაქონებრივ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც მოპასუხე სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბაჟი ზედმეტი ოდენობით იქნა გადახდილი.
48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო სასამართლომ მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობა განიხილა ზეპირი მოსმენით, რა დროსაც შესთავაზა მორიგება და მისცა ვადა მორიგების აქტის წარსადგენად.
49. 2019 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს საკასაციო პალატის წინაშე მისი დამტკიცების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
50. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
51. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.
52. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.
53. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
54. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
55. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
56. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ----- კ-----ის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, მე-3 მუხლით, 49-ე მუხლის მეორე, მეოთხე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“ აცხადებს მზადყოფნას (იღებს ვალდებულებას), რომ გ---- ხ---------ს მორიგების აქტის ძალაში შესვლიდან, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში გადაუხადოს კომპენსაცია – 20 000 (ოცი ათასი) ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით;
2. წინამდებარე მორიგების აქტით განხორციელდეს ცვლილება „სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გ---- ხ---------ის გათავისუფლების თაობაზე“ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ 2017 წლის 14 აგვისტოს №1259/კ ბრძანებაში და სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოსა“ და გ---- ხ---------ს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად განისაზღვროს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს მხარეთა ურთიერთშეთანხმებას. ბრძანებაში ცვლილება განხორციელდეს მორიგების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში;
3. გ---- ხ---------ი უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნებზე, კერძოდ, უარს ამბობს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ 2017 წლის 14 აგვისტოს №1259/კ ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენაზე; იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე; ასევე, სააგენტოს მხრიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე;
4. წინამდებარე აქტით მხარეები თანხმდებიან, რომ არც სასამართლო წესითა და არც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების რომელიმე გზით, მათ შორის აღარ წარმოიშობა დავა, რაიმე სახის მოთხოვნა (პრეტენზია) ანდა ვალდებულება, რაც უკავშირდება გ---- ხ---------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება.
3. განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
4. კასატორ გ---- ხ---------ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ----- კ-----ის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი