განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
330100117002227518
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002227518

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №549აპ-18 ქ. თბილისი

ა----------–- ვ-------, 549აპ-18 19 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ----------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით

 

ვ------- ა----------–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვე, 2 (ორი) დღე და 4 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 18 მაისიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 3 (სამი) თვითა და 28 დღით (2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით) თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ვ------- ა----------–მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი), გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.

 

2. აღნიშნული განაჩენით ვ------- ა----------–ს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ-------–--–----–-------–----–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ძებნილ ვ------- ა----------–-ს დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას, მან მოახერხა გაქცევა, რა დროსაც გადააგდო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი „STEYR S9” მოდელის N------ პისტოლეტი და 10 ცალი 9 მმ. კალიბრიანი „PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, რომლებსაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-- გ----------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენის გამოტანისას არ იყო ნასამართლევი, სასამართლომ არ მიუსაჯა სასჯელის მინიმუმი. გარდა ამისა, 2017 წლის 14 დეკემბრიდან 2018 წლის 18 მაისამდე პერიოდი - 5 თვე და 3 დღე, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში, არ ჩაითვალა სასჯელის მოხდის ვადაში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი - მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ-- გ---------- საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და მსჯავრდებულისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას; ამასთან, იმ ვადის სასჯელის ვადაში ჩათვლას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული ვ------- ა----------–- მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, კერძოდ: 2017 წლის 14 დეკემბრიდან - 2018 წლის 18 მაისამდე პერიოდის - 5 თვისა და 3 დღის ჩათვლას სასჯელის ვადაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ----------ს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რის გამოც საკასაციო პალატა არ მსჯელობს მსჯავრდებულის ბრალეულობის საკითხზე.

 

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ------- ა----------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, კერძოდ: ვ------- ა----------–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ძველი რედაქცია) და სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 16 აგვისტოდან.

 

4. პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას - 2017 წლის 29 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულისათვის 2017 წლის 9 ნოემბერს ვ------- ა----------–ს წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და იმავე დადგენილებით მას დაუზუსტდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება. მითითებული ბრალდების საქმეზე 2017 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვ------- ა----------–- პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულის დროს - 2017 წლის 29 სექტემბერს იყო შეურაცხადი. აღნიშნულის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ------- ა----------–-ს მიმართ ნაწილობრივ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. ვ------- ა----------–ს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა - 1 წლითა და 6 თვით და მკურნალობის ჩასატარებლად მოთავსდა სტაციონარში - შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი).

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ-- გ---------- საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელის გარდა, ვ------- ა----------–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინების საფუძველზე მის მიერ 2017 წლის 14 დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის გამოტანამდე, იძულებითი მკურნალობის სახით ფსიქიატრიულ სტაციონარში - შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მოთავსების პერიოდი.

 

6. საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მსჯელობასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის გამოტანამდე ვ------- ა----------–-ს მიერ შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) ყოფნის პერიოდი - 5 თვე და 3 დღე მოიცავს ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, ფსიქიატრიულ მკურნალობას, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება სასჯელის მოხდის ვადაში, მიუთითებს შემდეგს: მართალია, სააპელაციო პალატა სწორად აღნიშნავს, რომ ვ------- ა----------–-ს შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მოთავსების პერიოდი არ ითვლება სასჯელის ვადაში, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესრიგებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით მოთავსების პერიოდის ჩათვლის საკითხს სასჯელის მოხდის ვადაში - განაჩენის გამოტანამდე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ვ------- ა----------–-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის აღსრულება არ შეჩერებულა, ხოლო ბოლო - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ მას სასჯელის მოხდა განსაზღვრული აქვს და ამჟამადაც აგრძელებს მის მოხდას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხი, მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ და ზემოხსენებული ვადა ვ------- ა----------–ს უნდა ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

 

7. რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-სათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, როდესაც მან სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო ყველა ის გარემოება, რაც კანონით არის გათვალისიწინებული და ვ------- ა----------–ს შეუფარდა ადეკვატური, სამართლიანი და პროპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას, რის შესაბამისადაც, განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ვ------- ა----------–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- გ----------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. ვ------- ა----------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

4. ვ------- ა----------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვე, 2 (ორი) დღე და 4 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ვ------- ა----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

7. მსჯავრდებულ ვ------- ა----------–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 18 მაისიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) თვე და 2 (ორი) დღე (2017 წლის 16 აგვისტოდან - 2018 წლის 18 მაისამდე პერიოდი).

 

8. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ვ------- ა----------–მა სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა გააგრძელოს საერთო წესით;

 

9. მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ვ------- ა----------–- უკვე მოთავსებულია შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი);

 

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

11. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე