ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #020141318700062431
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №88აგ-18 ქ. თბილისი
დ-------- მ-----, 88აგ-18 15 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი(თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატ ი-----–- ბ--------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით მ----- დ--------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 150-ე მუხლების პირველი ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. მ----- დ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ----- დ--------ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 26 ივნისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მ----- დ--------ს ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება მის მიერ ფიზიკური და ფსიქიკური იძულების გამოყენებით ხათუნა პაქსაძისათვის, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, სოციალური ქსელის - „ოდნოკლასნიკის“ პაროლის გამორთმევისა და შეცვლის შესახებ. მ----- დ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე და 150-ე მუხლების პირველი ნაწილებით - ჯარიმა - 2000-2000 ლარი, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- დ--------ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 26 ივნისიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით პროკურორისა და მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატის - ი-----–- ბ--------ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. 2018 წლის 26ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატმა ი-----–- ბ--------ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,მოითხოვა მ----- დ-------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა შემდეგი მოტივებით: 2017 წლის 29 მარტის შემდგომ პერიოდში, როდესაც აღნიშნულ სს საქმეზე დასრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, ბრალდების მხარემ მ----- დ-------ის ოჯახს დაუბრუნა მ----- დ-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ტელეფონი დაათვალიერეს ოჯახის წევრებმა და აღმოაჩინეს საეჭვო შეტყობინებები, რაც ახალ გარემოებას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო წარმოდგენილი მესიჯების შინაარსი, სასამართლო აღარ მიიჩნევდა სარწმუნოდ, რომ მ----- დ--------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატ ი-----–- ბ--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატმა ი-----–- ბ--------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონის (რომელიც ამოიღეს ბრალდებულ მ----- დ-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად) გახსნა და დათვალიერება მოხდა როგორც გამომძიებლის, ისე - ადვოკატის მიერ, რა დროსაც დათვალიერდა ტელეფონში არსებული მიმოწერა. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს შუამდგომლობის ავტორის პოზიციას, რომ ტელეფონში არსებული მიმოწერა წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, რომელიც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ობიექტურად არ იყო ცნობილი დაცვის მხარისათვის.
4. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატ ი-----–- ბ--------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატ ი-----–- ბ--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ----- დ-------ის ადვოკატ ი-----–- ბ--------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებდარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე