განჩინება

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
020141318700062023
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700062023

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №84აგ-18 2 აპრილი, 2019 წელი

დ-------ე ე-----ო, 84აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე-----ო დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- პ-----ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ე-----ო დ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარი; ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41-ე ნაწილის შესაბამისად, ე-----ო დ-------ე გათავისუფლდა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევისაგან.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ე-----ო დ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუზველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-----ო დ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ე-----ო დ-------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 17 მარტიდან - 2015 წლის 23 მარტამდე. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარი. ე-----ო დ-------ეს,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ე-----ო დ-------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ----- პ-----ემ, რომელმაც მოითხოვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯოს ე----------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განაჩენები, იგი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე აღუდგეს ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

5. კასატორი ითხოვს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განაჩენებით სქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას, ასევე, ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა, მართალია, იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ე-----ო დ-------ის მიმართ დადგენილ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განაჩენებზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორივე განაჩენით დაკისრებული სასჯელი (ძირითადიც და დამატებითიც) - მოხდილი, უფლებების ჩამორთმევის ვადა - გასული და ნასამართლობაც გაქარწყლებული აქვს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ე-----ო დ-------ის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ (იხ. საქმე №8აგ-18, №2აგ-18).

 

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-----ო დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- პ-----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-----ო დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- პ-----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება ე-----ო დ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- პ-----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე