განჩინება

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330802219002946693
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219002946693

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№161-19 ქ. თბილისი

ა------ გ------, 161-19 25 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ - ნ---- მ-------ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ------ ა------ს

თარჯიმან - ნ---- ი-----------ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ------ ა------ს (G----------) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- მ-------ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

 

2016 წლის 17 მაისს თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით გ------ ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საცავში დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, რის საფუძველზეც 2016 წლის 31 მაისს საბოლოო სახე მიიღო.

 

2016 წლის 20 დეკემბერს თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით გ------ ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

2017 წლის 21 მარტს თ--------ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-6 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

 

2017 წლის 4 მაისს თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით გ------ ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

2017 წლის 2 ივნისს თ--------ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-5 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

 

2017 წლის 28 სექტემბერს თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული პირველი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით გ------ ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 292-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 თვით. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, რის საფუძველზეც 2017 წლის 16 ოქტომბერს საბოლოო სახე მიიღო.

 

2017 წლის 16 ნოემბერს თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ზემოაღნიშნულ განაჩენებთან დაკავშირებით გამოსცა ბრძანებები გ------ ა------ს დაკავების შესახებ.

 

2018 წლის 8 იანვარს თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ა------სათვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 26 თვით.

 

2. თ--------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, გ------ ა------ს მიერ თ--------ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 17 მაისის განაჩენი:

 

2016 წლის 24 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ--------ის რესპუბლიკაში, ქალაქ ბ--------აში, გ------ ა------ შევიდა დაზარალებულ შ------- ბ---------ს კუთვნილ მაღაზიაში და იმ დროს, როდესაც შ. ბ--------- მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, გ------ ა------ მაღაზიაში არსებული თაროდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა არყის ერთ ბოთლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. ა------ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა დაახლოებით 96 თურქული ლირა.

 

2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენი:

 

2015 წლის 4 სექტემბერს თ--------ის რესპუბლიკაში, ქალაქ ბ--------აში, ასმალის სახელობის ყავახანაში ყოფნის დროს გ------ ა------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაგიდიდან ფარულად დაეუფლა ქემად ბიიქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს 600 თურქული ლირის მატერიალური ზიანი მიაყენა.

 

2017 წლის 4 მაისის განაჩენი:

 

2016 წლის 13 ოქტომბერს თ--------ის რესპუბლიკაში, ქალაქ ბ--------აში, ი--- ჩ------–ის სახელობის მეჩეთში ყოფნის დროს, დაახლოებით 20:11 საათზე, გ------ ა------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მეჩეთში არსებულ, დაზარალებულ ა------ ქ-------ას კუთვნილ ქურთუკს და მასში მოთავსებულ მობილურ ტელეფონს, მართვის მოწმობასა და საბანკო ბარათს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა.

 

2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენი:

 

2017 წლის 28 მაისს გ------ ა-----მა, რომელიც თ--------ის რესპუბლიკაში ბ--------ას ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო მოთავსებული, სხვა რამდენიმე პატიმართან ერთად გადალახა დაწესებულების დამცავი რკინის ღობე და გაიქცა.

 

3. თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (საცავში დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში), ასევე – 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე), ასევე – 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ღამის საათებში) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა, შესაბამისად: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

4. თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 292-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა) ითვალისწინებს 6 თვიდან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა), რაც ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

5. გ------ ა------ს მიმართ თ--------ის რესპუბლიკაში გამამტყუნებელი განაჩენები მიღებულ იქნა 2016 წლის 17 მაისს, 2016 წლის 20 დეკემბერს, 2017 წლის 4 მაისსა და 2017 წლის 28 სექტემბერს. შესაბამისად, ვინაიდან თ--------ის რესპუბლიკაში აღნიშნულ განაჩენებთან დაკავშირებით თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გ. ა------ს დაკავების ბრძანებები თითოეულ განაჩენთან მიმართებით გამოსცა 2017 წლის 16 ნოემბერს მისი მიმალვის გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა მითითებულ განაჩენებთან დაკავშირებით არ არის გასული. ამასთან, თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ------ ა------ს მიმართ გამოტანილი განაჩენებით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით და იგი არ არის გასული.

 

6. 2018 წლის 13 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გ------ ა------ს ექსტრადიციის თაობაზე თ--------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

 

7. 2018 წლის 23 აგვისტოს გ------ ა------ ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

 

8. 2018 წლის 24 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით გ------ ა-----ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

9. 2018 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი გ------ ა------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინების გაუქმების შესახებ.

 

10. 2018 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ------ ა------ს მიმართ შეფარდებული საექსდრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 23 თებერვლამდე.

 

11. 2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით გ------ ა------ს მიმართ შეფარდებული საექსდრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2019 წლის 23 მაისამდე. ამჟამად გ------ ა------ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

12. 2019 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა გ------ ა------ს თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია: თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საცავში დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ღამის საათებში); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული 1-ლი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში და დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 292-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა).

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო გ------ ა------ს თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საცავში დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ღამის საათებში); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული 1-ლი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 292-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა).

 

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ------ ა------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ---- მ-------ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ------ ა------ს თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გ------ ა------ს განმარტებით, მას თ--------ში, ბ--------ას ციხეში, აწამებდნენ რელიგიური ნიშნით, ერთ დღეში ბასრი საგნით სხეულზე მიაყენეს ოცამდე ჭრილობა იმის გამო, რომ გ------ ა-----მა შეიცვალა სარწმუნოება და გახდა ქრისტიანი. ამიტომ მას აქვს იმის საფუძვლიანი შიში, რომ თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში კვლავ დაირღვევა მისი უფლებები და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის შეექმნება საფრთხე; აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წელს ევროსასამართლოს მიერ განხილულ საჩივართა რაოდენობის მიხედვით თ--------მა ყველა ქვეყანას გაუსწრო, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თ--------ი იმ ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა, სადაც ყველაზე მეტად იზღუდება სიტყვის თავისუფლება და ირღვევა ადამიანის უფლებები. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თ--------ში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდა და ამ რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მოიმატა ადამიანის უფლებათა სერიოზულმა დარღვევებმა.

 

14. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ნ---- მ-------ემ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

15. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – გ------ ა-----მა ასევე დაუჭირა მხარი ადვოკატ ნ---- მ-------ის საკასაციო საჩივარს, ითხოვა მისი დაკმაყოფილება და განაცხადა, რომ მზადაა, სასჯელი მოიხადოს საქართველოში, ოღონდ არ გადასცენ თ--------ის რესპუბლიკას.

 

16. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

3. თ--------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ------ ა------ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 23 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ გ------ ა------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ--------ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

 

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თ--------ის რესპუბლიკაში გ------ ა-----ს რელიგიის შეცვლის გამო აწამებდნენ და ექსტრადიციის შემთხვევაში მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს იმავე მტკიცების სტანდარტითა და გარემოებებით, რაც რელევანტურია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ეს კი გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. გ------ ა------ს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ.

 

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თ--------ის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

 

7. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თ--------ის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში გ------ ა------ ისარგებლებს თ--------ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ--------ის რესპუბლიკა. გარდა ამისა, საექსტრაციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გ------ ა------ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, მის მიმართ არ არსებობს რაიმე ნიშნით დევნის საფრთხე, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.

 

8. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ გ. ა------ს შესახებ მოიძია ინფორმაცია ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემებში, რომლებშიც გ------ ა------ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნა.

 

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით გ------ ა------ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე.

 

10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, გ------ ა------ არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია; ასევე ის არ ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირად.

 

11. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც გ------ ა-----მა გასაუბრებისას განმარტა, მას საქართველოში ოჯახი არ ჰყავს, თ--------ის რესპუბლიკაში კი ცხოვრობენ მისი მშობლები, ორი და და ერთი ძმა; 2014 წელს დაინიშნა თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე სინგე ჯეილაზე, რომელიც ნიშნობიდან 2-3 თვეში გაემგზავრა ნიდერლანდების სამეფოში, სადაც ცხოვრობენ ს. ჯეილას მშობლები. ამის შემდეგ გ. ა------ მას არ შეხვედრია მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, ს. ჯეილას ხშირი მიმოსვლა აქვს თ--------ის რესპუბლიკაში. ასეთ ვითარებაში გ------ ა------ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით განატირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

 

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი გ------ ა------ს თ--------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საცავში დაცული ქონების ქურდობა, ჩადენილი ღამის საათებში); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული მე-3 ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა, ჩადენილი საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ღამის საათებში); თ--------ის რესპუბლიკის ბ--------ას რაიონული 1-ლი ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ--------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 292-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მსჯავრდებულის ან პატიმრის გაქცევა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ------ ა------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- მ-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

 

პ. ქათამაძე