განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002284074
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№623აპ-18 ქ. თბილისი
თ----------ე ჯ----–,623აპ-18 15 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–- რ-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით ჯ----– თ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ჯ----– თ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
ჯ----– თ----------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----– თ----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:ჯ----– თ----------ე სამშენებლო ბოძების მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაეცნო შპს ,------ს“ დირექტორს - თ------ ნ---–--ეს, რომელიც დაარწმუნა, რომ ბ------ში, ა--–--ის ქ. №4--–ი მდებარე ბინა №1--ში მიმდინარე მშენებლობისათვის ესაჭიროებოდა ლითონის 100 ცალი სამშენებლო ბოძი. ჯ----– თ----------ესა და შპს ,,დ---ს’’ შორის 2017 წლის 11 თებერვალს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ერთი თვის ვადით. ჯ----– თ----------ემ შპს ,,დ---ის’’ კუთვნილი ლითონის სამშენებლო ბოძები, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული მისამართისა, გადაიტანა ფ-------- ხ--–--–ის გამზირის №6---ში და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითიც შპს ,,დ---ს’’ მიაყენა 2200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ-–- რ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ჯ----– თ----------ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ვინაიდან ჯ----– თ----------ეს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „დ---ის“ კუთვნილ 100 ცალი სამშენებლო დგარი და მსჯავრდებულს სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების განზრახვა არ ჰქონია.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. დაცვის მხარის ვერსიას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებითაც თაღლითობის შემადგენლობის ყველა ნიშანი დასტურდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების - თ------ ნ---–--ის, ა---------– თ---------ისა და ზ------ ქ-------ის ჩვენებები, მეიჯარე შპს ,,დ----“ და მოიჯარე ჯ----– თ----------ეს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება, სამშენებლო დგარების დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები და სასაქონლო ექსპერტიზის N3---- დასკვნა), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ის ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური ნიშნების არსებობა.
8. ასევე, არ არსებობს გარემოება, რომლითაც დასტურდება, რომ სასამართლოებმა საქმე საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განიხილეს, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა დაზარალებულის წარმომადგენელი - თ------- მ------ე, ვერ გახდება გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან განსახილველ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია შპს ,------“, რომლის ინტერესებს გამოძიების ეტაპზე წარმოადგენდა ამავე კომპანიის იურისტი - თ------- მ------ე, რომელიც გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და საქართველოს სსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილ უფლებებს, ხოლო სასამართლო განხილვისას დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენდა კომპანიის დირექტორი -თ------ ნ---–--ე, რომლის ჩვენებაც დაცვის მხარემ თავად მიიჩნია უდავო მტკიცებულებად.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ----– თ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-–- რ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე