განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700069301
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№713აპ-18 ქ. თბილისი
ს--------- ნ-------, 713აპ-18 16 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ნ------- ს---------სა და ლ-–- ტ--------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენით:
ნ------- ს---------, - დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ------- ს--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 27 მარტიდან.
ლ-–- ტ--------ე, - დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 27 მარტიდან.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ნ------- ს--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ------- ს--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2017 წლის 27 მარტიდან.
ლ-–- ტ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 27 მარტიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით ნ------- ს--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ნ------- ს--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 27 მარტს, დაახლოებით 18:20 საათზე, თ---–--–ი, მეტროსადგურ „ს-----------------------–ის“ ვესტიბიულში, ნ------- ს--------- ლ-–- ტ--------ესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი--- ს----–--ს კუთვნილ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 130 ლარის მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრში მსჯავრდებული ნ------- ს--------- უთითებს, რომ არის უდანაშაულო და განაჩენი მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების საფუძველზე არის გამოტანილი. იგი არის 58 წლის და დაავადებულია შიდსით. ამდენად, ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
6. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრში მსჯავრდებული ლ-–- ტ--------ე უთითებს, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია. დაზარალებულს არ მიუთითებია მასზე, როგორც დამნაშავეზე. განაჩენი მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების საფუძველზე არის გამოტანილი.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოწმეების - ლ---- ზ-----ის, რ----- მ-------ის, ი-----–- ა-----–---–-სა და ა-–---------- ჟ-------–---–ის ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ნ------- ს---------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ-–- ტ--------ის მიერ - საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: პოლიციელების ჩვენებების სანდოობაზე), რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და იზიარებს.
11. რაც შეეხება ნ------- ს---------ს მითითებას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (ჯანმრთელობის მდგომარეობა) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ნ------- ს--------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ნ------- ს---------სა და ლ-–- ტ--------ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე