განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
010332219900023706
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 010332219900023706

საქმე N სსკ-05-19 8 ივლისი, 2019 წელი სსკ-05-19 ჯი--–---–- ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: პაატა ქათამაძე,მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი), ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – მა----- ჯი--–---–-

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გასაჩივრებული აქტი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე კენჭისყრის ეტაპზე დაუშვებლობის შესახებ

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. 2019 წლის 21 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას საჩივრით მომართა მა----- ჯი--–---–მა (შემდეგში: საჩივრის ავტორი, განმცხადებელი, მოსამართლეობის კანდიდატი), რომელმაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში: ორგანული კანონი) 354 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო 2018 წლის 1 აგვისტოს გამოცხადებულ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით იგი შეფასების შედეგად ვერ გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე.

3. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 351 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „მოსამართლეობის კანდიდატი შეირჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე.“ იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი: „სასამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა ფასდება ამ მუხლის მე-3, მე-16 პუნქტების შესაბამისად, ხოლო სასამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისა - ამ კანონის 363 მუხლისა და 364 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად“. ბლანკეტური ნორმების მიხედვით გარდა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობისა კანონი კარნახობს საბჭოს წევრებს იმ ფუნდამენტურ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა იქნეს გამოკვლეული, კერძოდ, მოსამართლისა და მოქალაქის - პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, სიმართლისმოყვარეობა, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი თუ სხვა მოვალეობების შესრულებისას.

3.1 საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საბჭოს წევრების მხრიდან დაირღვა ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პრინციპების მოთხოვნა, (კონკურსი ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს). რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ წევრების უმრავლესობა იყო მიკერძოებული, არც ერთი მათგანი არ დაინტერესებულა მისი პროფესიული უნარებით, არ გამოკვლეულა მისი მოსამართლედ ყოფნის პერიოდში გადაწყვეტილების

 

მიღების, სხდომის წარმართვის, საქმის სირთულეების დაძლევის უნარი, ეთიკური პორტრეტი, დისციპლინური დევნის უქონლობა, ასევე სხვა ანალიტიკური უნარები, რომელიც აუცილებელია მოსამართლედ განწესებისათვის.

3.2. საბჭოს წევრთა მიკერძოებულობის უტყუარი მტკიცებულებაა ერთი და იმავე პირობებში და ერთი და იმავე მოცულობითი რადიკალურად განსხვავებული შეფასებების მითითება. ორგანული კანონის და „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის“ 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 წესის კატეგორიული მოთხოვნაა ობიექტურობა და არა სუბიექტური მიზნები და განწყობა.

3.3. შეფასების გაკეთებისას საბჭოს წევრების გადაწყვეტილებები იყო ფორმალური და არ ემსახურებოდა კანდიდატის რეალურ შეფასებას და კვალიფიციური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის შერჩევას. იუსტიციის საბჭოს მხრიდან იგნორირებულ იქნა მისი მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, საკვალიფიკაციო გამოცდის მაღალქულიანი შედეგები და მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთაგან რამდენიმე დღესაც სასამართლო პრაქტიკის საფუძვლადაა მიჩნეული.

3.4. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების დაბალი მაჩვენებლის მიკერძოებულად მითითებით ხელოვნურად ქმნის ბარიერს, რომ კანდიდატმა ვერ მიიღოს გასაჩივრების შედეგი, კერძოდ, ორგანული კანონის 354 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ფორმით: „ა) მოსამართლის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ; ბ) მოსამართლის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე“.

4. საჩივრის ავტორის განმარტებით ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობეს, რომ მოსამართლედ გამწესებაზე მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე არ დაუყენებიათ.

5. საჩივრის ავტორის მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, თანდართული მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული, შემდეგ გარემოებათა გამო :

6. ორგანული კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონის 354, 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე“. ამავე კანონის 354 მუხლის პირველი პუნქტისა და „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში“.

7. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი უფლებამოსილია, საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე. ასეთ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს იმ მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ, რომლებიც ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით შეფასებისა და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით შეფასების ფურცლებში შეტანილი ინფორმაციის შეჯამების შედეგების მიხედვით გადავიდნენ კენჭისყრის ეტაპზე. ეს დასკვნა გამომდინარეობს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-11 პუნქტის ბოლო წინადადებიდან (შეჯამების შედეგების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მოსამართლეობის კანდიდატს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად), ასევე, ამავე მუხლის მე-12 პუნქტისა (მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომელიც კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია) და მე-14 პუნქტის (მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა) შინაარსიდან.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსამართლეობის კანდიდატმა ვერ დაძლია კომპეტენტურობის კრიტერიუმის ზღვარი (იხ. შეფასების ქულათა შეჯამების ოქმი), რის გამოც იგი შეფასების შედეგად, ვერ გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე და შესაბამისად, მისი კანდიდატურა არ ყოფილა წარდგენილი კენჭისყრაზე 351 მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წინაპირობის არარსებობის გამო. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კენჭისყრაზე არ დაუყენებია და შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ არ გამოუცია, „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ორგანული კანონის 354 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებას ექვემდებარება. აღნიშნული ნიშნავს, რომ საკვალიფიკაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას წარმოებაში მიიღოს წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლოს და იმსჯელოს იმ გარემოებებზე, რომლებზეც წინამდებარე განჩინების აღწერილობით ნაწილშია მითითებული.

9. საჩივარი არ არის დასაშვები საკვალიფიკაციო პალატის პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან (იხ.საქმე № სსპ-2-17, №სსკ 01-18, № სსკ-03-19 ).

10. ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, წარმოდგენილი საჩივარი არ ექვემდებარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში განხილვას, რის გამოც საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, საკვალიფიკაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრის ავტორს უფლება აქვს საერთო სასარჩელო წესით დაიცვას საკუთარი ინტერესები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 15.1„ზ“; 191.1; 365

 

მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა----- ჯი--–---–ს უარი ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებაზე;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: პაატა ქათამაძე

 

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი

 

ეკატერინე გასიტაშვილი