განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2019
საქმის ნომერი
010332219900025446
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#010332219900025446

საქმე #სსდ-24-19 25 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

შემადგენლობა:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი - მ--- გ------

საჩივრის ავტორი - ადვოკატი ზ------- თ---–--–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წარმომადგენელი - თ----- ხ------–----ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 23 აპრილის #069/18 გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ვ------- თ-------–---–ის საჩივრის საფუძველზე, ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საჩივრის ავტორის განცხადებით, მან 2018 წლის მარტში ადვოკატ ზ------- თ---–--–---–თან ზეპირი ფორმით იურიდიული მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც ადვოკატმა იკისრა ვალდებულება სარჩელი შეეტანა და წარმომადგენლობა განეხორციელებინა სამივე ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, თავდაპირველად, მომსახურების თანხად განისაზღვრა 300 ლარი, თუმცა, საბოლოოდ, საჩივრის ავტორის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 860 ლარი. საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ ზ------- თ---–--–---–ს მისი ინტერესები უნდა დაეცვა სამოქალაქო საქმეზე, მაგრამ ადვოკატს არანაირი მოქმედება არ განახორციელა კლიენტის ინტერესების დასაცავად. განხილვის კოლეგიის სხდომაზე ვ------- თ-------–---–მა დაადასტურა ადვოკატის მიმართ პრეტენზიების არსებობა და მისთვის გადაცემული თანხის დაბრუნება მოითხოვა.

ადვოკატმა - ზ------- თ---–--–---–მა ეთიკის კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ვ------- თ-------–---–ის ინტერესებს წარმოადგენდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეზე. ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ის არის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი, მას სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების უფლება ჰქონდა. ამასთან, ადვოკატმა უარყო ვ------- თ-------–---–ისაგან 860 ლარის აღების ფაქტი და აღნიშნა, რომ კლიენტმა მას თავდაპირველად გადაუხადა 200 ლარი, ხოლო შემდეგ 50 ლარი. კლიენტისგან აღებული თანხიდან 45 ლარი გადაიხადა კლიენტის საქმეზე მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებში.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ადვოკატი ზ------- თ---–--–---–ი ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - გაფრთხილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ეთიკის კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის მარტში ვ------- თ-------–---–სა და ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ს შორის შედგა შეთანხმება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. ადვოკატი არის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი.

ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის რჩევით, ვ------- თ-------–---–მა გაიხმო სარჩელი, რომელიც მის მიერ შეტანილი იყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში ზ------- თ---–--–---–ის საქმეში ჩართვამდე, ხოლო უკვე ადვოკატის წარმომადგენლობით ვ------- თ-------–---–მა შეიტანა ახალი სარჩელი, რომელზეც სასამართლომ დაადგინა ხარვეზი. მოსარჩელის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვა.

ადვოკატმა - ზ------- თ---–--–---–მა ვ------- თ-------–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა შს სამინისტროში. ადვოკატმა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურიდან მიიღო წერილობითი პასუხი, რომლის მიხედვით, გამოძიება შეწყდა, ვინაიდან არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. აღნიშნული წერილობითი პასუხი ადვოკატმა საჩივრის ავტორს არ გადასცა.

ეთიკის კომისიამ აგრეთვე მიუთითა სადავო ფაქტებზე. კერძოდ, საქმეში სადავო გარემოება იყო ადვოკატის მიერ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, რადგან საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ადვოკატმა იკისრა ვალდებულება სამოქალაქო დავაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განეხორციელებინა სამივე ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში არსებობს მხოლოდ მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები. საქმეში ასევე, სადავო გარემოებაა ადვოკატის მიერ მიღებული ჰონორარის ოდენობა, რის დასამტკიცებლადაც საჩივრის ავტორმა წარადგინა დისკი, რაზეც ჩაწერილი იყო ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის სატელეფონო საუბარი. განხილვის კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ადვოკატი აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერის თაობაზე ინფორმირებული არ იყო, ჩანაწერი წარმოადგენდა დაუშვებელ მტკიცებულებას.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ზ------- თ---–--–---–მა, როგორც სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატმა, სამოქალაქო დავებში ვ------- თ-------–---–ის ინტერესების დაცვის დროს დაარღვია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები. ასევე, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.

ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ ადვოკატს პროფესიული ეთიკური ვალდებულებები კლიენტის მიმართ წარმოეშობა მასთან ურთიერთობის დაწყებისას, მას შემდეგ, რაც მათ შორის დაიდება შეთანხმება - წერილობითი ან ზეპირი ფორმით. შეთანხმების შემდეგ ადვოკატი ვალდებულია კლიენტს საადვოკატო მომსახურება გაუწიოს კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად, რაც გულისხმობს, რომ ადვოკატი ვალდებულია კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა საშუალება, რითაც უზრუნველყოფს კლიენტის სათანადოდ დაცვას. ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამართლის დარგში სპეციალიზაციის ქონის გარეშე ადვოკატის მომსახურება არ ითვლება კლიენტის კვალიფიციურ მომსახურებად. მოცემულ შემთხვევაში ზ------- თ---–--–---–ი არის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოქმედი ადვოკატი, რომელმაც აიღო ვალდებულება დაეცვა ვ------- თ-------–---–ის ინტერესები სამოქალაქო დავაში. ეთიკის კომისიამ ვერ დაადგინა ადვოკატის მიერ ვ------- თ-------–---–ისათვის სამოქალაქო სპეციალიზაციის არქონის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კლიენტი იყო ხანდაზმული, ცხოვრობდა ქალაქგარეთ, არ ჰქონდა წვდომა საინფორმაციო საშუალებებთან, ხოლო ადვოკატმა არ განუმარტა მას თავისი სპეციალიზაცია, განხილვის კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა დაარღვია კვალიფიციური და კეთილსინდისიერი წარმომადგენლობის ვალდებულება.

განხილვის კოლეგიამ ასევე მიიჩნია, რომ ადვოკატმა ვ------- თ-------–---–ისათვის პროკურატურისგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის მიუწოდებლობით დაარღვია ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წარმოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. კლიენტისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის თაობაზე თავად ადვოკატმა აღნიშნა 2018 წლის 21 ივნისის სხდომაზე, სადაც განმარტა, რომ ჩაიბარა პროკურატურიდან წერილობითი პასუხი, მაგრამ მხარეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

განხილვის კოლეგიამ ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის მიერ არ დარღვეულა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 ნაწილი, რომლის მიხედვით, კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რომელიც კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან მიანდო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ან რომელიც ადვოკატმა სასამართლოსგან, სხვა ორგანოსგან ან პირისგან მიიღო საქმის წარმოების პროცესში. კლიენტისათვის გადასაცემი თანხიდან ადვოკატს უფლება აქვს გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო და გაწეული ხარჯი. მოცემულ შემთხვევაში განხილვის კოლეგიამ ვერ დაადგინა მხარეებს შორის გასაწევი იურიდიული მომსახურების მოცულობა და მომსახურების სანაცვლოდ შეთანხმებული საადვოკატო მომსახურების საფასურის ოდენობა. შესაბამისად, განხილვის კოლეგიამ, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, ვერ იმსჯელა ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევაზე.

ეთიკის კომისიამ დისციპლინური სახდელის ფორმის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა ჩაიდინა ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომა, ამ პირობებში კი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვით ვერ იქნებოდა მიღწეული დისციპლინირების მიზანი და დადგენილი დარღვევებიდან გამომდინარე, ადვოკატის მიმართ გამოიყენა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადვოკატმა - ზ------- თ---–--–---–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. ვ------- თ-------–---–ი არის 93 წლის მოხუცი, სამი კლასის განათლებით. ვერ ერკვევა ვერც სასამართლო, ვერც დანაშაულსა და ვერც სამოქალაქო დავის კატეგორიებში. იგი მოწყვეტილია რეალობას. გაბრაზებულია რძალსა და შვილზე და თვითონ არ იცის რა უნდა. ადვოკატის განმარტებით, იგი სწორედ იმაში ცდილობდა გარკვევას, თუ რა საკითხზე აპირებდა მისი კლიენტი ჩივილს, საქონლის ქურდობაზე, ოჯახურ ძალადობასა თუ საქონლის ღირებულების მოთხოვნაზე. მას ადვოკატი ტაქსით დავატარებდა მცხეთასა და ორთაჭალაში. ამდენად, ვ------- თ-------–---–ს ადვოკატისთვის ის თანხა არ გადაუხდია, რომ უკან დასაბრუნებელიც ყოფილიყო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც ეთიკის კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან იკვეთება, ადვოკატი ზ------- თ---–--–---–ი ბრალეულად იქნა ცნობილი ორი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. აქედან პირველი ეხება ადვოკატის მიერ კლიენტისათვის სპეციალიზაციის თაობაზე ინფორმაციის მიუწოდებლობის ფაქტს. კერძოდ, მან არ განუმარტა კლიენტს, რომ იგი მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი იყო, რითაც დაარღვია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები) და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი (ადვოკატმა კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა).

სადისციპლინო პალატა იზიარებს ეთიკის კომისიის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატს კლიენტის მიმართ პროფესიული ეთიკური ვალდებულებები წარმოეშობა მასთან ურთიერთობის დაწყებისას, მას შემდეგ, რაც მათ შორის დაიდება წერილობითი ან ზეპირი შეთანხმება. შეთანხმების შემდეგ ადვოკატი ვალდებულია კლიენტს საადვოკატო მომსახურება გაუწიოს კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად, თუმცა სადისციპლინო პალატას მიაჩნია, რომ სპეციალიზაციის თაობაზე ინფორმაციის მიუწოდებლობის ფაქტი საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება. აღნიშნული ფაქტის დადასტურებას ართულებს აგრეთვე ადვოკატსა და კლიენტს შორის იურიდიული მომსახურების თაობაზე დადებული ზეპირი შეთანხმება. ამასთან, ადვოკატმა საპროცესო კოლეგიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არის სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი, მას აქვს სამოქალაქო დავებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება და მას მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე უნდა გაეწია კლიენტისთვის დახმარება.

რაც შეეხება მეორე დისციპლინურ გადაცდომას იმის თაობაზე, რომ ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა კლიენტისათვის პროკურატურიდან მიღებული წერილობითი პასუხის მიუწოდებლობით დაარღვია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი (რომლის თანახმად, ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წარმოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ), სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, ადვოკატს ევალება კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია მისი საქმის მიმდინარეობის თაობაზე. კლიენტისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა ადვოკატმა ზ------- თ---–--–---–მა თავად დაადასტურა ეთიკის კომისიისა და სადისციპლინო პალატის სდომებზე და აღნიშნა, რომ მან ჩაიბარა პროკურატურიდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, თუმცა ამის თაობაზე კლინეტისთვის არ უცნობებია, რადგან მათ შორის არსებობდა დაძაბული ურთიერთობა.

სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადაცდომისა და სახდელის პროპორციულობისა და თანაზომიერების საკითხის განმარტება. ეთიკის კომისიამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ადვოკატის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ეთიკის კომისიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა ადვოკატის მიერ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5-მე-9 მუხლებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, ასევე „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევა. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია ადვოკატის ბრალეული ქმედება, ბრალის ხარისხი კი წარმოადგენს კონკრეტული სახდელის ან ზემოქმედების ღონისძიების შერჩევის წინაპირობას. ამასთან, უნდა მოხდეს ადვოკატის პიროვნების, მის მიერ ადრე ჩადენილი გადაცდომების, საქმიანი და მორალური რეპუტაციის, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმისა და მის ჩადენაში ადვოკატის ბრალის ხარისხის შეფასება. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ეთიკის კომისიის მიერ ასეთი შეფასება განხორციელდა არასრულად, რამაც ადვოკატის მიმართ შეუსაბამო სახდელის დაკისრება გამოიწვია. მოცემულ დისციპლინურ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატისთვის დაკისრებული სახდელი - გაფრთხილება არ არის დასაბუთებული და რელევანტური. ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის მიმართ მანამდე რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა, ასევე არ დასტურდება მის მიერ ადრე რაიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.

ეთიკის კომისიას სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა მიეღო გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგი, რომელიც მას მოჰყვა, ადვოკატის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებდა გამოყენებული სახდელის ადეკვატურობას. ნორმაში ალტერნატიული სახდელის გათვალისწინება მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სახდელი ვერ უზრუნველყოფს მისი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი ადვოკატის მიმართ უფრო ნაკლები, კერძოდ, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული ადვოკატის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის ჩადენილ გადაცდომასთან პროპორციულობა. სახდელის დანიშვნის დროს ეთიკის კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება ის ზოგადი წესები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეთიკის კომისიამ თავდაპირველად სადავო გარემოებად მიიჩნია ასევე ადვოკატის მიერ მიღებული ჰონორარის ოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა ზ------- თ---–--–---–ის მიერ კლიენტისგან აღებული ჰონორარის ზუსტი ოდენობა, შესაბამისად, ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, მოცემულ ნაწილში ადვოკატს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა.

სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7566 მუხლი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკანონოდ დაკისრების, დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების უკანონო გამოყენების შემთხვევაში. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 7541 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ დისციპლინურ საქმეზე დადასტურებული გარემოებები, კერძოდ, ადვოკატის მიერ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის არქონის თაობაზე ინფორმაციისა და პროკურატურიდან მიღებული წერილობითი პასუხის მიუწოდებლობის ფაქტები, რამაც ადვოკატის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნა გამოიწვია, მით უფრო იმ პირობებში, როცა ცალსახად არ დგინდება ადვოკატსა და კლიენტს შორის სამოქალაქო დავაში სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების თაობაზე შეთანხმება, ქმნის დისციპლინური ზემოქმედების სახით კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის საფუძველს. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ისათვის დაკისრებული სახდელის მიზანშეუწონლობა კონკრეტული გადაცდომის ჩადენაში მისი ბრალის მცირე ხარისხს უკავშირებდა, რის გამოც გადაცდომისა და სახდელის ურთიერთშესაბამისობის დადგენის, ზოგადად სახდელის სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით, მას უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა, ვიდრე გაფრთხილებაა.

„ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი სრულად ჩამოთვლის ადვოკატთა მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებების ერთ-ერთი სახეა ადვოკატისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა. ამავე კანონის 351 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის განსაზღვრა და ადვოკატისათვის გაგზავნა ევალება.

სადისციპლინო პალატა ასევე მიუთითებს „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების 38-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადვოკატისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შემთხვევაში, იგი უნდა შეიცავდეს რჩევებსა და რეკომენდაციებს იმ ზომების შესახებ, რომელიც ადვოკატმა უნდა მიიღოს პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრისა და დისციპლინური გადაცდომის მომავალში ჩადენის თავიდან აცილების მიზნით. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია და იგი ადვოკატს ჩაბარდება პირადად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7563 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 7566, 7541 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 23 აპრილის #069/18 გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ს დაეკისროს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება - კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას დაევალოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის განსაზღვრა და ადვოკატისათვის გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: /გიორგი შავლიაშვილი/

 

მოსამართლეები: /ზურაბ ძლიერიშვილი/

 

/ვასილ როინიშვილი/