განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
330100116001233721
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001233721

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №517აპ-19 ქ. თბილისი

მ---------ე ნ---, 517აპ-19 17 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - მიხეილ სადრაძის

ადვოკატ - დ-------ი მ-----–-–---–ის

მსჯავრდებულ - ნ--- მ---------ის

მონაწილეობით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მიხეილ სადრაძისა და მსჯავრდებულ ნ--- მ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– კ------ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენით:

 

ნ--- მ---------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.

ნ--- მ---------ე, - დაბადებული 1----–-–------------–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ--- მ---------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების გამო მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--- მ---------ემ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა.

 

3. ნ--- მ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 10 დეკემბერს დ-------ი კ----------ემ მიიღო ინფორმაცია ნ--- მ---------ის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით, საგამოძიებო სამსახურში დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დ-------ი კ----------ე. იგი შეხვდა ნ--- მ---------ეს. შეხვედრაზე დ-------ი კ----------ემ გამოთქვა მიწის ნაკვეთის შესყიდვის სურვილი სასტუმროს ასაშენებლად. ნ--- მ---------ემ დ-------ი კ----------ეს შეახვედრა გ-- (გ------) ბ----–---–ი, რომელსაც სურდა, გაესხვისებინა თ---–--ში, გ---–---- ქუჩაზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებული, დაახლოებით 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დ-------ი კ----------ე და გ-- ბ----–---–ი შეთანხმდნენ მიწის ნაკვეთის შესყიდვის პირობებზე. ნ--- მ---------ემ დ-------ი კ----------ეს აღუთქვა, რომ დაეხმარებოდა გ-- ბ----–---–ის მიწის ნაკვეთის შეძენასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში, ხოლო სამომავლოდ, გ-- ბ----–---–ის მიწის შესყიდვის შემდეგ - მომიჯნავე სახელმწიფო მიწის ნაკვეთების შეძენაში. ნ--- მ---------ემ, რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება ან იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი, რომ მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოეგვარებინა მშენებლობის ნებართვისა და სახელმწიფო მიწის ნაკვეთების შესყიდვის საკითხები, მოტყუებით, თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება, დ-------ი კ----------ეს მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარი. 2015 წლის 14 დეკემბრის შეხვედრაზე ნ--- მ---------ემ მოატყუა დ-------ი კ----------ე, რომ გ-- ბ----–---–მა გაზარდა შესაძენი მიწის ნაკვეთის კოეფიციენტი და ნაცვლად 2000 კვადრატული მეტრი შენობისა, შეძლებდა 2800 კვადრატული მეტრის მშენებლობას, რომლის სანაცვლოდაც გ-- ბ----–---–ისათვის უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარი და რასაც მისთვის მისაცემი 50 000 დოლარიდან გაისტუმრებდა. 2015 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე ნ--- მ---------ემ დ-------ი კ----------ე მოატყუა, რომ გ-- ბ----–---–მა დამატებით მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი (არქიტექტურული ხარჯებისათვის), ხოლო მისი თხოვნით გ. ბ----–---–მა თანხა დაუკლო და 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა, ასევე, ხ------- ი-----–---ისთვის 50 000 დოლარიდან უნდა გადაეცა 10500 აშშ დოლარი. ამავე შეხვედრაზე ნ--- მ---------ემ სცადა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით თანხას - 50 000 აშშ დოლარს, რაც გამოართვა დ-------ი კ----------ეს, თუმცა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იგი დააკავეს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ზინიკო ქობალიამ და მსჯავრდებულ ნ--- მ---------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-------ი მ-----–-–---–მა.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ზინიკო ქობალიასა და მსჯავრდებულ ნ--- მ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------ი მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

ნ--- მ---------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე. ნ--- მ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ--- მ---------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 

6. პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, 2019 წლის 1 ოქტომბერს მსჯავრდებულსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მიხეილ სადრაძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

 

7. 2019 წლის 4 ოქტომბერს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ნ--- მ---------ეს შორის 2019 წლის 1 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:

 

ნ--- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19.180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

8. 2019 წლის 17 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ, მსჯავრდებულმა ნ--- მ---------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-------ი მ-----–-–---–მა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მიხეილ სადრაძესა და მსჯავრდებულ ნ--- მ---------ეს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ნ--- მ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

 

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ნ--- მ---------ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ნ--- მ---------ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მიხეილ სადრაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ნ--- მ---------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მიხეილ სადრაძესა და მსჯავრდებულ ნ--- მ---------ეს შორის;

 

4. ნ--- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19.180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

5. მსჯავრდებულ ნ--- მ---------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 11 ივლისის ჩათვლით;

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

 

ბ. ალავიძე