დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.12.2017
საქმის ნომერი
ბს-793-789(2კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010310015001115020

საქმე N793-789(2კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. კ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. კ-იმ 2015 წლის 6 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომელმაც მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ....) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 16 დეკემბრის №01-1-/4812 მიმართვის ბათილად ცნობა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ....) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ....) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ....) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნებზე, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, 2015 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება, დ. კ-ის სარჩელისა გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მესამე პირის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, შეწყდა რეგისტრაციის შესახებ, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2015 წლის 03 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი გამოცემის შესახებ, სარჩელზე უარის თქმის მოტივით. ამავე გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 16 დეკემბრის №01-1-/4812 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი, რამდენიმე ერთეული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 16 დეკემბრის №01-1-/4812 მიმართვა, ქობულეთში, სოფელ ... მდებარე, მ. კ-ის საკუთრებაში აღიარებული, 3018 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში (საკადასტრო კოდი: ...).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 18 დეკემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის - დ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 15 ოქტომბერს დ. კ-ის დედის - მ. კ-ის სახელზე გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხოლო 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 08 თებერვლის განჩინებით, ერთ წარმოებად გაერთიანდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები: №3/ბ- 574-16წ. (მოსარჩელე დ. კ-ი; მოპასუხე: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; მესამე პირი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; დავის საგანი: ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა) და №3/ბ-02-17წ. (მოსარჩელე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მესამე პირი: დ. კ-ი; დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა). ვინაიდან, ორივე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს მ. კ-ის სახელზე (მემკვიდრე დ. კ-ი) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 15 ოქტომბერს №... საკუთრების მოწმობის საფუძველზე გადაცემული სოფელ ... მდებარე 3018 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ზედდება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 16 დეკემბრის №01-10/4812 მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 27 386 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია კანონის დარღვევით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ამავე კანონის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ის ფუნდამენტური საფუძვლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი, კერძოდ, დაინტერესებული პირის მოწვევა და მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში (107-ე მუხლი); გადაწყვეტილება აუცილებლად მიღებული უნდა იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე (109-ე მუხლი) და უნდა დგებოდეს სხდომის ოქმი. აღნიშნული წარმოების წესები, ასევე განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ „საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის N525 ბრძანებულების III თავში, რომლითაც განსაზღვრულია, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის შესახებ შედგეს სხდომის ოქმი, სადაც უნდა დაფიქსირდეს კომისიის თავჯდომარის, წევრებისა და მდივნის ხელმოწერები, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

კასატორის განმარტებით, ზემოხსენებული პროცედურების გავლის შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია. კასატორიაღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.11.2015 წლის წერილით დადგენილია, რომ მოქალაქე მ. კ-ის სახელზე ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ მოიპოვება, მხარეს არც სასამართლოში წარმოუდგენია მტკიცებულების სახით სხვა დოკუმენტი, შესაბამისად, სააგენტოს მოთხოვნა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.10.2008 წლის N14841 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანი იყო და სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა.

კასატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ: ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა". ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების" დამტკიცების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 01 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების" მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა". ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია მოახდინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს საკუთრებად და ამასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები, რომლებიც წარმოადგენს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმეტს.

კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება რეგისტრაციის დროს არავის, მათ შორის არც მ. კ-ის საკუთრებას არ წარმოადგენდა, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარადგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 16 ნოემბრის N12/796 წერილი, რომლის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ ქობულეთის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მ. კ-ის სახელზე არ მოიძებნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები. ე.ი. ის საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვა, აღიარების კომისიაში არ მოიძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიას საერთოდ არ უმსჯელია და არ უღიარებია მ. კ-ისათვის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 15 ოქტომბერს დ. კ-ის დედაზე, მ. კ-ის სახელზე გაცემულ იქნა საკუთრების უფლების მოწმობა №14841, ქობულეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 3018 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2013 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელე დ. კ-ის სახელზე გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი დედის, მ. კ-ის სამკვიდროზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 16 დეკემბრის N01-10/4812 მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, 27386 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, განაცხადის №..., საკადასტრო კოდით .... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 03 აგვისტოს მიმართვას თან ახლდა საკადასტრო აზომვითი ნახაზიის ელექტრონულ ვერსია. დადგენილია, რომ 2015 წლის 3 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი №... საკუთრების მოწმობა არ შეიცავდა მ. კ-ის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, კერძოდ პირად ნომერს. დ. კ-ის დაევალა, მ. კ-ის იდენტიფიკაციისათვის წარედგინა კორექტირებული საკუთრების უფლების მოწმობა ან/და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღიარების კომისიის მიერ გაცემული ცნობა, თუ ვის სახელზე იყო გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. სარეგისტრაციო წარმოების დროს ასევე დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (...) და შესაბამისად, დ. კ-ის დაევალა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული და ქაღალდის ვერსიის წარდგენა, ხოლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 - დღიანი ვადა. იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 6 სექტემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული საკუთრების უფლების მოწმობის მიმართ აწ გარდაცვლილი მ. კ-ის კანონიერი ნდობა უნდა შეფასდეს, როგორც დაცვის ღირსი, ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალები და გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა დაცული და შენახული კომისიის მიერ, ვერ გახდება საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით და მან არ უნდა გამოიწვიოს მხარის კანონით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვა.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნას და მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე, სამინისტროს უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, რათა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვასთან დაკავშირებით, არ იყო უფლებამოსილი მიეღო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კანონიერი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითაც შეილახა დ. კ-ის საკუთრების უფლება, რაც მან თვითონ სახელმწიფოსგან მოიპოვა კანონით დადგენილი წესით და რის რეალიზებასაც შეეცადა მისი კანონიერი მემკვიდრე, მოსარჩელე დ. კ-ი, რითაც ის წინააღმდეგობაში მოვიდა როგორც ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებთან და გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის აქტებით დეკლარირებული, მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოება, სახელმწიფო სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელების პერიოდისათვის, არსებობდა თუ დიმიტრი დიმიციდის საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და განხორციელებული რეგისტრაციით შეილახა თუ არა მისი საკუთრების უფლება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე