დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010310013294402
საქმე Nბს-871-867(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ჟ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ა. ფ-ე (მოპასუხე)
მესამე პირები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. ლ-ემ 2013 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა. ფ-ის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 მაისის N01-07/69 ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ“ ბრძანების; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობის N03-05/28; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2013 წლის 22 ივლისის N177 ,,ჟ. ლ-ის 2013 წლის 20 ივნისის N702 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ბრძანების, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 14 აპრილის N01-07/78 ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილებების შესახებ“ ბრძანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების N03-05/33 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით ჟ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და განმარტავს, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", არ გაანალიზა სარჩელში, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, კერძოდ: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი სახის სამუშაო.
კასატორის განმარტებით საქმეში წარმოდგენილი იყო მშენებლობის ორგანიზების პროექტი-აბანოს შენობის რეკონსტრუქცია და სასტუმროს მშენებლობა, თუმცა ამ პროექტს საერთო არაფერი აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის მოთხოვნებთან, ამასთან 2012 წლის 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ ა. ფ-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ მასალებს, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 14 თებერვლის N02/13-751 წერილს და მასზე 5 ფურცელს დანართის სახით, სადაც დეტალურად აღწერილია ყველა უკანონობა იმ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციასთან, რეაბილიტაციასთან და ა.შ. კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ გათვალისწინებულ სხვა სამუშაოსთან, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები არღვევს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ყველა პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ სხვა) და მათ შორის კასატორის კანონიერ უფლებებს და მოთხოვნებს და ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 25 სექტემბერს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ა. ფ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ... ქ. N6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 30 აპრილს ა. ფ-ის უფლებამოსილმა პირმა - მ. ფ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტები და ქ. ბათუმში, ... ქუჩა N35/... ქუჩა N6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა მოითხოვა.
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს, მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვის გასაცემად. ასევე დადგენილია, რომ ა. ფ-ის უფლებამოსილი პირის - მ. ფ-ის განცხადება განხილულ იქნა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოში - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში და ამ საბჭოს 2013 წლის 10 მაისის №03-04/11 სხდომის ოქმის N7 გადაწყვეტილებით, შეთანხმებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქუჩა N35/... ქუჩა N6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაცია და გადაწყდა სამუშაოების ნებართვის გაცემა. შესაბამისად, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა 2013 წლის 14 მაისს მიიღო №01-07/69 ბრძანება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ. სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 მაისის №01-07/69 ბრძანების საფუძველზე, მოქალაქ ა. ფ-ეზე (უფლებამოსილი პირი მ. ფ-ე) გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების N03-05/28 სანებართვო მოწმობა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, სანებართვო ობიექტს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, მდებარე - ქალაქი ბათუმი, ... ქუჩა N35/... ქუჩა N6, შესასრულებელ სამუშაოებს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო - სარეკონსტრუქციო სამუშაოები (სასტუმროს მშენებლობა).
საკასაციო პალატა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტსა და 25-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია სამუშაოების ნებართვა, რომელსაც გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. ამასთან, 47-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილია, რომ ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, განსახილველ შემთხვევაში, ა. ფ-ის უფლებამოსილი პირის - მ. ფ-ის განცხადება განხილულ იქნა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოში - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში და ამ საბჭოს 2013 წლის 10 მაისის №03-04/11 სხდომის ოქმის N7 გადაწყვეტილებით შეთანხმებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქუჩა N35/... ქუჩა N6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაცია და გადაწყდა სამუშაოების ნებართვის გაცემა, რა დროსაც წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტები და გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების N03-05/28 სანებართვო მოწმობა, ამასთან ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ აღნიშნული აქტით ჟ. ლ-ეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, რაც სარჩელის დაკმაყოფილება უარის თქმის საფუძველია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობებს ობიექტის ადგილზე დათვალიერებისა და საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღძრული შუამდგომლობის დასაბუთება-საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული პროცესუალური კომპეტენცია დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ამ მიზნით - დანიშნოს ექსპერტიზა და ადგილზე დათვალიერებით შეამოწმოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინარჩუნებს თუ არა თავის სტატუსს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები ანუ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე ამოწმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინების კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით და შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი მოქმედი კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, რის გამოც, არ არსებობს ჟ. ლ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 404-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ჟ. ლ-ის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნისა და ადგილზე დათვალიერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება;
4. კასატორს - ჟ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 20.11.2017წ. №14922751 გადახდის ქვითრით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე