დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 09.12.2019
საქმის ნომერი
ბს-585(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-585 (კ-19) 09 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ლ-მა 16.11.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 19.10.2017წ. №MOD7 1701004839 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ს. ლ-ის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის წარდგინების გაცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.2018წ. განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 19.10.2017წ. №MOD7 1701004839 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გაცემა ს. ლ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმებზე და აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ, ვინაიდან ს. ლ-ის მიერ სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდის ნამსახურებაში ჩათვლის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს სამხედრო პოლიციიდან სპეციალური წოდებით დათხოვნილ პირთა კომპენსაციით უზრუნველყოფას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის მიხედვით პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური და სხვ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ლ-ი 1995-2012 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 2013-2017 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში, სადაც მან მუშაობა დაასრულა 11.10.2017წ., ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით. ამდენად, დგინდება რომ ს. ლ-ის მიერ შინაგან საქმეთა ორგანოებსა და სამხედრო სამსახურში ნამსახურებმა წლებმა შეადგინა 20 წელზე მეტი, რაც „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 11.1 მუხლის შესაბამისად მას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს. აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის კანონმდებლობა მოითხოვს კომპეტენტური ორგანოს მიერ სოც. უზრუნველყოფის სამსახურში წარდგინების გაგზავნას (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-15 მუხ.), რაზეც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებით ს. ლ-ს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა გასაჩივრებული აქტით ს. ლ-ის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მითითებული მოსაზრება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდის ნამსახურების წლებში ჩათვლის დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.02.2011წ. №90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულებით“ განსაზღვრულია, რომ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება ნებისმიერ უწყებაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები (4.6 მუხ.). ამასთანავე, კანონმდებლობა არ შეიცავს სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდის ნამსახურების წლებში ჩათვლის დაუშვებლობის შესახებ რაიმე სპეციალურ მითითებას.

ამდენად, ს. ლ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამხედრო პოლიციაში მუშაობა ექცევა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლით განსაზღვრულ მოწესრიგებაში და მისი მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების შედგენის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურისათვის გაგზავნის თაობაზე საფუძვლიანია.

ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება ამავე საკითხზე საკასაციო პალატის მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 17.10.2019წ. №ბს-107 (კ-19)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო პრეტენზიებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი