დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-136(კს-19) 08 ივნისი, 2020
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ფ-ა (მოსარჩელე), წარმომადგენელი - გ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირები - ა. გ-ე, გ. ხ-ე, ი. თ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
02.12.2015 წ. თ. ფ-ას წარმომადგენელმა გ. ვ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ... ნაკვეთზე რეგისტრირებული მონაცემების შესწორება. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, განმცხადებელს განესაზღვრა 30-დღიანი ვადა დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 18.02.2016წ. გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა თ. ფ-ას წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თ. ფ-ამ 04.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 18.01.2016წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ...ის ......, N..., ს.კ. N..., რეგისტრირებულ უფლებაში სათანადო კორექტირებული საზღვრებითა და კონფიგურაციით ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.05.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. გ-ე და გ. ხ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.2018წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. თ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. სასამართლო სხდომაზე აპელანტ თ. ფ-ას და მესამე პირის ი. თ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. შუადგომლობის ავტორის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე (N3/3289-18), მოსარჩელე - გ. ხ-ე, ა. გ-ე, მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - თ. ფ-ა და ი. თ-ე, დავის საგანი - მესამე პირების რეგისტრირებული მონაცემების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმისათვის (N3ბ/1354-18), რადგან შუამდგომლობის ავტორი ითხოვს გ. ხ-ის და ა. გ-ის რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანას, სწორედ იმის გამო, რომ ნაწილობრივ მათი რეგისტრაცია უკანონოა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. საოქმო განჩინებით აპელანტ თ. ფ-ას და მესამე პირის ი. თ-ის წარმომადგენლის გ. ვ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ N3ბ/1354-18 ადმინისტრაციულ საქმეზე არ უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება N3/3289-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენადაც N3/3289-18 ადმინისტრაციულ საქმეზე განიხილება ა. გ-ის და გ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიმართ და მოთხოვნილია რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი დავის (საქმე N3ბ/1354-18) ფარგლებში მოსარჩელის - თ. ფ-ას მიერ მოთხოვნილია უძრავ ნივთზე (მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ... N..., ს.კ. ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას, რომლის მესაკუთრეებსაც წარმოადგენენ ა. გ-ე და გ. ხ-ე, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოსადგენი იყო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ა. გ-ისა და გ. ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება, ასევე წარმოსადგენი იყო შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის როგორც ქაღალდის, ისე მისი ელექტრონული ვერსია, სწორედ აღნიშნული ქმედების განუხორციელებლობა გახდა საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და აღნიშნული დავის საფუძველი. შესაბამისად არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თ. ფ-ას წარმომადგენლის გ. ვ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ. ხ-ესა და ა. გ-ეს უკანონოდ დაურეგისტრირა უძრავი ქონება, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყოველგვარი წარმომადგენლობითი დოკუმენტის გარეშე იყო ვალდებული შეესწორებინა არასწორად განხორციელებული რეგისტრაცია. რაც შეეხება ადმინისტრაციული საქმეზე (N3/3289-18) სადავოდ გამხდარ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილებას, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით კანონის შესაბამისად განხორციელდა ი. თ-ის და თ. ფ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნულის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ დააკმაყოფილა მოსარჩელეების გ. ხ-ისა და ა. გ-ის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრებულია ი. თავრთქილაძის და თ. ფ-ას მიერ. შესაბამისად აღნიშნულ საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მიმდინარე საქმის განხილვისათვის. კერძო საჩივრის ავტორი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, 3.61, 9.1 მუხლებზე, ასევე სკ-ის 102-ე, 105-ე, 414-ე, 415-ე, 419-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების შეჩერებას N3/3289-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ თ. ფ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით. სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში თ. ფ-ას სარჩელის გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის დავის საგანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 18.01.2016წ. N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ...ის ... ... N..., ს.კ. N..., რეგისტრირებულ უფლებაში სათანადო კორექტირებული საზღვრებითა და კონფიგურაციით ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ფ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და უძრავ ნივთზე (ს.კ. N...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ ა. გ-ე და გ. ხ-ე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 18.01.2016წ. N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს მოეთხოვა ცვლილების რეგისტრაციის განსახორციელებლად შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ვინაიდან უძრავი ქონების მესაკუთრეებად ა. გ-ე და გ. ხ-ე ფიქსირდებოდნენ, ამავე შეჩერების გადაწყვეტილებით დადგინდა შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელი ნახაზის როგორც ელექტრონული, ისე ქაღალდის ვერსიის წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. N... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემული დავის ფარგლებში სწორედ ზემოაღნიშნული აქტების კანონიერებაა სადავოდ გამხდარი თ. ფ-ას მიერ, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 26.10.2017წ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც თ. ფ-ას მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა. საპელაციო წესით საქმის განხილვისას თ. ფ-ამ იშუამდგომლა ზემოაღნიშნული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე N3/3289-18 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ N3/3289-18 ადმინისტრაციულ საქმეზე ა. გ-ის და გ. ხ-ის მიერ მოთხოვნილია რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გადაწყვეტილების 2.19 კვ.მ. ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა. დავაში მესამე პირებად ჩაბმულნი არიან თ. ფ-ა და ი. თ-ე, ხოლო სსიპ სააჯრო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2018წ. N... გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეხება N...საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე განხორციელებულ ცვლილების რეგისტრაციას, რომლის მესაკუთრეებსაც ი. თ-ე და თ. ფ-ა წარმოადგენენ.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში დავა ეხება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოების შეჩერების და შეწყვეტის კანონიერების საკითხს N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებასთან მიმართებაში, ხოლო მეორე შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ N...საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე განხორციელებული შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციის კანონიერებას. ამდენად, განსახილველ დავებს არ აქვთ ერთმანეთთან ისეთი შემხებლობა, რომ აუცილებელი იყოს საქმის წარმოების შეჩერება, შესაძლებელია წინამდებარე დავების დამოუკიდებლად განხილვა. თ. ფ-ას სარჩელთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტა საჭიროებს რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილებებისათვის უძრავი ნივთის მესაკუთრეთა თანხმობის საჭიროების, აგრეთვე ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიის წარდგენის მოთხოვნის მართებულობის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გარკვევას. მხოლოდ სადავო აქტების უკანონობის დადგენის შემდეგ დგება კორექტირების შესახებ აქტის გამოცემის დავალების მართლზომიერების საკითხი. სასკ-ის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო სასკ-ის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. გასაჩივრებულ აქტებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 18.01.2016წ. N... გადაწყვეტილებას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. N... გადაწყვეტილებას არ აქვს უშუალო და პირდაპირი კავშირი N3/3289-18 საქმის დავის საგანთან - 23.04.2018წ. რეგისტრაციის შესახებ მიღებული N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან, რომლის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერებას ითხოვს კერძო საჩივრის ავტორი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სხვა პირების სახელზე რეგისტრაციის ნაწილობრივ ცვლილებას აქტის გამოცემით, მეზობლად მდებარე ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოცემული აქტები სხვა საქმის (N3/44-19) განხილვის საგანს შეადგენს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ფ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ფ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე