დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-756(კ-19) 18 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ა-ის და თ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ვ-ემ 14.08.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმება. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 14.05.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 17.07.2015წ. გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.09.2015წ. განჩინებით, ნ. ვ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ თ. ა-ი და ნ. ა-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2016წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ვ-ის მიერ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. ვ-ის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ითხოვს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და ამასთან, არა სრულად, არამედ ნაწილობრივ, მხოლოდ გადაფარვის (3,5 კვ.მ.) ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.06.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 14.05.2014წ. N... გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ... ქ. N...-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ №...) ნ. ა-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.06.2018წ. N5004056018 ექსპერტის დასკვნით დადგენილი გადაფარვის (3,50 კვ.მ. სხვენის) ნაწილში (ექსპერტის დასკვნის დანართი N2) და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2015წ. N... გადაწყვეტილება ნ. ვ-ის 09.07.2015წ. N...ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ვ-ეს ქ. ბათუმში, ... ქუჩის N...-ში დასთან, მ. ვ-ესთან ერთად თანასაკუთრებაში ერიცხება ქ. ბათუმში, ... ქუჩის N...-ში მდებარე 94.40 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (ს/კ. ...), რაც მათ მემკვიდრეობით მიიღეს დედის, გ. ხ-ისაგან მისი გარდაცვალების შემდეგ. მოსარჩელე ნ. ვ-ის საცხოვრებელ ფართს ემიჯნება, ადრე თ. ა-ის, ხოლო ამჟამად ნ. ა-ის საკუთრებაში რიცხული, ... ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. ბმა „...ის“ 13.05.2014წ. კრების საოქმო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ ... ქუჩის N...-ში მდებარე №13 ბინის ზემოთ არსებული 57.37 კვ.მ. სხვენი თ. ა-ის მიერ მოწყობილია საცხოვრებელი ფართის სახით, რომლითაც ის სარგებლობდა საცხოვრებელი დანიშნულებით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, აზომვითი ნახაზის საფუძველზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აღნიშნული ფართის საკუთრებაში რეგისტრაცია. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 14.05.2014წ. წარდგენილი იქნა ნ. ა-ის სარეგისტრაციო განცხადება ქ. ბათუმში, თ. ... ქ. N...-ში მდებარე N... ბინაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელსაც თან ერთვოდა შპს ,,გ...ის“ მიერ 13.05.2014წ. შესრულებული აზომვითი ნახაზი, სიტუაციურ გეგმასთან ერთად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ ... (განცხ. №...), ბმა ,,...ის“ 14.05.2014წ. საერთო კრების №5 ოქმი (ნოტარიუსი ლ. ჭ-ა, თარიღი 14.05.2014წ. რეგ. №140474775), ასევე, გადახდილი იქნა სარეგისტრაციო მომსახურების საფასური. კრების ოქმის თანახმად, განხილული იქნა ამხანაგობის წევრის, ნ. ა-ის ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებული მანსარდის (სხვენის) 57.37 კვ.მ. ფართის სტატუსის შეცვლა, ანუ საცხოვრებელ ფართად დარეგისტრირება, საცხოვრებელი ბინის სახით, რომელიც მოწყობილია საცხოვრებლად. ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობით დადგინდა, რომ ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ფართი შეესაბამება საცხოვრებელ ფართს და მას მიენიჭა ნომერი - N.... ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 14.05.2014წ. მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ და ნ. ა-ის საკუთრების უფლება აღირიცხა ქ. ბათუმში, ... ქუჩის N...-ში მდებარე 57,37 კვ.მ. ფართის მქონე ბინა N...-ზე, როგორც საცხოვრებელ ბინაზე (ს/კ. ...). 2015 წლის 09 ივლისს ნ. ვ-ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა №... ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითა მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 14.05.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის წარმომადგენელს 09.07.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.06.2018წ. N004373318 დასკვნით ირკვევა, რომ ნ. ვ-ისა და მ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი ს/კ ..., კერძოდ, ქ.ბათუმში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1644 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებული 88.20 კვ.მ. სხვენი შპს ,,ტ...ის“ მიერ 2010 წლის 08 ოქტომბერს შესრულებული აზომვითი (სხვენი) ნახაზისა და შპს ,,გ...ას“ მიერ 2014 წლის 13 მაისს შესრულებული აზომვითი ნახაზის ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ხდება გადაფარვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით ამავე მისამართზე ნ. ა-ის სახელზე დარეგისტრირებულ ბინა N...-ს ფართით 57.37 კვ.მ. (ს/კ. ...) მანსარდსა და ნ. ვ-ის და მ. ვ-ის სახელზე რეგისტრირებულ სხვენს შორის; საჯარო რეესტრის მიერ 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის საკუთრება დარეგისტრირებული ფართით ხდება 21.10.2010წ. გადაწყვეტილებით გ. ხ-ის საკუთრებად, 17.07.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის და მ. ვ-ის საკუთრებაში დარეგისტრირებული სხვენის გადაფარვა, რაც შეადგენს 3.50 კვ.მ-ს. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მიერ 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირებული ფართით (ს.კ. ...) ხდება ნ. ვ-ის და მ. ვ-ის საკუთრებაში დარეგისტრირებული სხვენის (ს.კ. ...) გადაფარვა, რაც შეადგენს 3.50 კვ.მ-ს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის კანონისმიერი საფუძვლები - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ის და თ. ა-ის მიერ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ საჯარო რეესტრის 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით რეგისტრირებული ნ. ა-ის საკუთრება გადაფარვაშია ნ. ვ-ის საკუთრებასთან. კასატორების მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნა ბუნდოვანია. მით უფრო იმ პირობებში, როცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უფრო მცირე ფართზე, აღნიშნული გამორიცხავს გადაფარვის არსებობას. ამასთან, ნ. ვ-ეს სადავო არ გაუხდია კრების ოქმები, რომლითაც განხორციელდა ჯერ სხვენის, შემდეგში სხვენის საცხოვრებელ ფართად რეგისტრაცია და არც ჩუქების ხელშეკრულებაა სადავო. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უფლების დამდგენი დოკუმენტების ძალაში არსებობის პირობებში, დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის და თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ა-ის ინდივიდუალურ საკუთრებაშია ქ. ბათუმში, ... ქუჩის N...-ში მდებარე ... სახლის მე-2 სართულზე მდებარე ფართი 53,29კვ.მ. (ს/კ ...). ბმა „...ის“ 12.10.2010წ. №9 კრების საოქმო გადაწყვეტილებით დადასტურდა თ. ა-ის მიერ ... ქუჩის N...-ში მდებარე სახლის სხვენის 62.60 კვ.მ. ფართის ფლობა. კრებაზე წარდგენილი ნახაზის შესაბამისად, თ. ა-ს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა 62.60 კვ.მ. ფართის სხვენი და ნება მიეცა, საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 26.10.2010წ. გადაწყვეტილებით, ბმა ,,...ის“ 12.10.2010წ. საერთო კრების №9 ოქმის (ნოტარიუსი ნ.ა-ე, თარიღი: 13.10.2010წ. რეგ. №101036445) საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქ. N...-ში მდებარე 62,60კვ.მ. სხვენზე აღირიცხა თ. ა-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 19.11.2010წ. გადაწყვეტილებით მითითებულ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 15.11.2010წ. დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. ა-ის საკუთრების უფლება. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 14.05.2014წ. წარდგენილი იქნა ნ. ა-ის სარეგისტრაციო განცხადება რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით ქ. ბათუმში, თ. ...ს ქ. N...-ში მდებარე N... ბინაზე, რომელსაც თან ერთვოდა შპს ,,გ...ის“ მიერ 13.05.2014წ. შესრულებული აზომვითი ნახაზი სიტუაციურ გეგმასთან ერთად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ ... (განცხ. №...), ბმა ,,...ის“ 14.05.2014წ. საერთო კრების №5 ოქმი (ნოტარიუსი ლ.ჭ-ა, თარიღი 14.05.2014წ. რეგ. №140474775), ასევე გადახდილი იქნა სარეგისტრაციო მომსახურების საფასური. ბმა ,,...ის“ 14.05.2014წ. საერთო კრების №5 ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა ამხანაგობის წევრ ნ. ა-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 57,37კვ.მ. (მის.: ქ. ბათუმი, ... ქ. N..., ბინა N...) ფართის სტატუსის შეცვლა, ანუ საცხოვრებელ ფართად დარეგისტრირება საცხოვრებელი ბინის სტატუსით. ამხანაგობამ განიხილა დღის წესრიგით დასმული საკითხი და დაადასტურა, რომ ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ... ქ. N...-ში მდებარე ფართი ნამდვილად შეესაბამება საცხოვრებელ ფართს და მიენიჭა ნომერი .... ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ... ქ. N...-ში მდებარე N... ბინა ფართით 57,37კვ.მ. აღირიცხა ნ. ა-ის საკუთრებად (ს/კ ...). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 09.07.2015წ. წარდგენილი იქნა ნ. ვ-ის წარმომადგენლის №... ადმინისტრაციული საჩივარი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ 14.05.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის წარმომადგენელს 09.07.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ვ-ეს ქ. ბათუმში, ... ქუჩის N...-ში დასთან, მ. ვ-ესთან ერთად თანასაკუთრებაში ერიცხება ქ. ბათუმში, ... ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული 94.40 კვ.მ. ფართი (ს/კ ...), რაც მათ მემკვიდრეობით მიიღეს დედის, გ. ხ-ისაგან მისი გარდაცვალების შემდეგ. ნ. ვ-ის აწ გარდაცვლილმა დედამ, გ. ხ-მა საკუთრებაში მიიღო ... ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოდან განთავსებული 88.20 კვ.მ. სხვენი, რომელიც მის გარდაცვალებამდე ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში (ს/კ. ...).
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ნ. ვ-ის და მ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სხვენი (ს/კ ...) გადაიფარა საჯარო რეესტრის მიერ 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართით (ს/კ ...). აღნიშნული დგინდება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.06.2018წ. N004373318 დასკვნით, რომლის თანახმად, ნ. ვ-ისა და მ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტებში დაცული 88.20 კვ.მ. სხვენის შპს ,,ტ...ის“ მიერ 08.10.2010წ. შესრულებული აზომვითი (სხვენი) ნახაზისა და შპს ,,გ...ას“ მიერ 13.05.2014წ. შესრულებული აზომვითი ნახაზის ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა გადაფარვის არსებობა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 14.05.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ N... ბინასა და ნ. ვ-ის და მ. ვ-ის სახელზე რეგისტრირებულ სხვენს შორის. გადაფარვის ოდენობა შეადგენს 3.50 კვ.მ-ს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ბუნდოვანია, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილი არ არის აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება და ასეთი დოკუმენტის არსებობაზე კასატორები არც მიუთითებენ. განსახილველ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია, ხოლო კასატორების მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო პრეტენზია ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უფლების დამდგენი დოკუმენტების ძალაში არსებობის პირობებში, უსაფუძვლოა კასატორების მითითება რეგისტრაციის გაუქმების დაუშვებლობაზე, ვინაიდან სადავოა არა უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი ან/და ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე სხვენზე თუ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ან უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არამედ სადავოა შპს ,,გ...ის“ მიერ 13.05.2014წ. შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად განხოციელებული ცვლილების რეგისტრაციის კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია გადაფარვის (3,5კვ.მ) არსებობა ნ. ვ-ის და მ. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ სხვენთან. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა შესრულებული სზაკ-ის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 13.1 მუხლზე, რომლის თანახმად თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ, ხოლო ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონისა და სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მოთხოვნებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ა-ის და თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის და თ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. გადაწყვეტილება;
3. დ. ხ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.08.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე