დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-281(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. თ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 3 ნოემბერს ლ. თ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლ. თ-ას დაჯარიმების შესახებ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 29 სექტემბრის №91/განკ განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ლ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 29 სექტემბრის №91/განკ განკარგულება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანთან შეუსაბამოდ არ მიიჩნია ლ. თ-ას 2017 წლის 27 ივნისის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ინფორმაციასა და მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ფიქსირდება სხვადასხვა ნაშთები. ასევე არასრულად არის შეტანილი ინფორმაცია მოსარჩელისა და მისი მეუღლის სახელფასო შემოსავლების შესახებ.
კასატორის განმარტებით, მოცემული ცდომილებების მასშტაბის პირობებში, წარმოუდგენელია შემოსავლებისა და გასავლების ბალანსის რაიმე სახის კანონზომიერების პოვნა. ლ. თ-ას მეუღლის შემოსავლებში ცდომილებათა ზღვარი მნიშვნელოვანი ოდენობისაა, რაც აღემატება ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის ფარგლებში არსებული ცდომილებების ზღვრებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ დეკლარაციაში არსებული დარღვევები იმ მნიშვნელობის ცდომილებებად, რომელიც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიზნებს არ ეწინააღმდეგება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ გაუფრთხილებელი სამართალდარღვევა ჩაიდინა გამოხატული მოქმედებით, მოსარჩელე არ ითვალისწინებდა თავისი მოქმედების მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა მას უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა იგი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულების ჯეროვანი, ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების გარეშე, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის საფუძვლით მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს (მუხ. 1).
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს წესს. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №361/სა ბრძანებით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ, დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის ლ. თ-ას მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ლ. თ-ას მიერ 2017 წლის 27 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეიცავდეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი); კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა – სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი.
ამავე კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტით, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტმა 2017 წლის 26 სექტემბერს შეადგინა №138 დასკვნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ...ის - ლ. თ-ას 2017 წლის 27 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად შეფასდა და დეკლარაციაში არასრული მონაცემების შეტანად იქნა მიჩნეული ლ. თ-ას მიერ დეკლარაციაში მისი და მისი მეუღლის დეკლარაციის შევსების დღეს არსებული საბანკო ნაშთები. ასევე უარყოფითად შეფასდა და დეკლარაციაში არასრული მონაცემების შეტანად იქნა მიჩნეული ლ. თ-ას მიერ 2016 წელს მისი და მისი მეუღლის მიერ მიღებული სახელფასო შემოსავლისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემების შეუსაბამობა. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. თ-ას ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლ. თ-ას 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, დადგენილია და მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ, რომ 2017 წლის 27 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ლ. თ-ას მიერ ქონებრივ დეკლარაციაში არასწორად იქნა მითითებული მისი და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით. დეკლარაციაში ასევე არასწორად იქნა მითითებული მისი მეუღლის - მ. ი-ის 2016 წელს მიღებული შემოსავალი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო, სწორედ კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა დაადგინოს გამოვლენილი უზუსტობის ხასიათი, უსწორობა ხომ არ არის ტექნიკური, მექანიკური ხასიათის მატარებელი, ასევე, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენასა და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, ლ. თ-ას მიერ 2017 წლის 27 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული არ ქმნიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლ. თ-ას 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარზე 24.03.2021წ. №00428 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (ს/კ 205047288) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება.
3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (ს/კ 205047288) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.03.2021წ. №00428 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე