დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 27.09.2022
საქმის ნომერი
ბს-739(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.09.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-739(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.კ-ა, მესამე პირი - ნ.კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 15 ივლისს მ.კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-1126/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ.კ-ას ოჯახის ბინით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით მ.კ-ას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ნ.კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2021 წლის 20 აპრილის N03-1126/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ.კ-ას ორსულიანი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით

უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13, მე-14, მე-19, მე-20 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მეორე, მე-3, მე-6 მუხლებზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმზე“ (დანართი N6) და „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულებაზე“ (დანართი N12).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლი ადგენს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი N7) „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე - შეფასდება 1,5 ქულით. ამავე დანართის N2 შენიშვნის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ დანართის „დ“ ქვეპუნქტს, წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი პირის საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკომლო ჩანაწერი ან სხვა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი).

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ.კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, ქ. სოხუმი, ...ის ქუჩა N14. მისი დროებითი რეგისტრაციის ადგილია თბილისი, ..., შ.ც-ის ქ. N70, ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ..., ...ს ქ. N13. მ.კ-ას დევნილ ოჯახში შედიან: თავად მ.კ-ა და მისი შვილი - ნ.კ-ა (დაბ. ...წ.).

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მ.კ-ას ოჯახი 2002 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს ჟ.ა-ის საკუთრებაში, მისამართზე: თბილისი, ..., ...ის ქუჩა N13. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება N...(მდებარე: ქალაქ თბილისში, ..., ...ის ქუჩა N13/10-ში) საკუთრების უფლებით ეკუთვნის ჟ.ა-ას (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2017 წლის 5 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება) და არ წარმოადგენს მ.კ-ას „მამა-პაპისეულ“ სახლს. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, შეფასება განხორციელდა 9 (ცხრა) ქულით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო არ არის, რომ მ.კ-ას დევნილი ოჯახი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით მ.კ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საკითხის განხილვის ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მიზეზით, ქირის გარეშე ცხოვრების გამო. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-1126/ო ბრძანებით, მ.კ-ას უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განახორციელა მონიტორინგს დაქვემდებარებული 1193 განაცხადის მოკვლევა, შეადგინა შესაბამისი ოქმები და მოამზადა ფოტომასალა. შედეგად, განმცხადებლებს წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. პალატის მოსაზრებით, დევნილი ოჯახისათვის მუდმივი ალტერნატიული, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არქონა და მისი იძულებით, დროებით ცხოვრება სხვის (თუნდაც ნათესავის/ახლობლის) საკუთრებაში არსებულ ფართში, ქირის გარეშე, არ ადასტურებს დევნილი ოჯახისათვის ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობას და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი N6) მიხედვით, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე - შეფასდება 1.5 ქულით („დ“ პუნქტი). ამავე პერიოდში მოქმედი „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) ადგენს, რომ დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, შეფასდება 1,5 ქულით („დ“ პუნქტი). ამრიგად, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, შეფასდეს შესაბამისი კრიტერიუმით (1.5 ქულა). ამასთან, აღნიშნული შეფასების კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინოს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. ამასთან, კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ სხვისი საკუთრებით დროებითი სარგებლობის შესაძლებლობა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს, საკითხის განხილვის ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის შესაბამისი კრიტერიუმების (9 ქულა) მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები. სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-1126/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ იმ ნაწილში მოიშველია 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომელიც ქულათა პრიორიტეტულობაზე მიუთითებს და ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მინიჭებული ქულები არის წინასწარი და გამომდინარეობს დევნილის მიერ განაცხადის შევსების დროს მიწოდებული ინფორმაციიდან. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მინიჭებული ქულა არის აბსოლუტურად უტყუარი და არ საჭიროებს გადამოწმებას. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისათვის, მათ უნდა დააკმაყოფილონ ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობები. ამასთანავე, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობა, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. უპირატესობა ენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში, მ.კ-ას ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 9 ქულა. საქმეზე წარმოდგენილია მოსარჩელის მისამართზე განხორციელებული არაერთი მონიტორინგის ამსახველი ოქმი, მათ შორის - 2016 წელს განხორცილებეული მონიტორინგის შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ სახლი ...ს ქუჩაზე არის მამა-პაპისეული და საჯარო რეესტრში არავისზე არ არის დარეგისტრირებული. საქმეზე ასევე წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მ.კ-ა 1995 წლიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: თბილისი, ..., ...ის ქუჩა N13. ამავე მისამართზე უფიქსირდებოდა საცხოვრებელიც. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელე წლებია ცხოვრობს მამა-პაპისეულ სახლში, რომელიც 2017 წელს გადაფორმდა მის დედინაცვალზე - ჟ.ა-ზე.

კასატორი თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის სასწრაფოდ განსახლების საჭიროების არარსებობას, ქულათა მიუხედავად. მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის მიზეზით და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის 12 აპრილის N19 ოქმში მითითებულია მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული იმ განცხადებების მოკვლევის თაობაზე, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. ეს იმას ნიშნავს, რომ განისაზღვრა ქულათა მინიმალური ოდენობა იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა საკითხიც გავიდა კომისიის სხდომაზე. აღნიშნული არ ადასტურებს, რომ 4,5 ქულის მქონე პირები დაკმაყოფილდნენ.

კასატორის განმარტებით, მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. ამდენად, სადავო საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს, ქულათა ოდენობის გარდა, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სხვა ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე წლებია, ცხოვრობს მამა-პაპისეულ სახლში, რომელიც 2017 წელს გადაფორმდა მის დედინაცვალზე - ჟ.ა-ზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N1-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამრიგად, მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა. ასეთი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მდგომარეობა განსხვავებულია იმ დევნილი ოჯახებისაგან, რომელთაც არა აქვთ და არც ჰქონიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით (საგულისხმოა, რომ ამავე შინაარსის ნორმებს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1), „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). აღნიშნული ბრძანება ჯერ კიდევ მოქმედებდა მოცემულ სადავო საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მ.კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N03-1126/ო ბრძანების გამოცემას).

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ.კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ...ს ქუჩა N13. ჰყავს 1999 წლის 7 თებერვალს დაბადებული შვილი - ნ.კ-ა.

მ.კ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა საცხოვრებელი ფართის გადაცემა. მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

მ.კ-ას განცხადების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 9 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1,5 ქულა; ომში დაღუპული ან საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრებისათვის მინიჭებული ქულები: 1,5 ქულა; 3,0 ქულა; 3,0 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით მ.კ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა, ქირის გარეშე ცხოვრების გამო, საკითხის განხილვის ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 20 აპრილს გამოსცა N03-1126/ო ბრძანება, მ.კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

2017 წლის 12 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, ...ს ქუჩა N13/10-ში მდებარე ბინაზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებულია ჟ.ა-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში ან/და ნაგირავებ (ქირით ან ქირის გარეშე) სხვის საკუთრებაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა, არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით..საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუს 23.12.2021წ. Nბს-900(კ-21), 22.07.2021წ. Nბს-83(კ-21), 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20) განჩინებები და სხვ.).

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო საკითხის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის სადავო 2021 წლის 20 აპრილის N03-1126/ო ბრძანება „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“, უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მ.კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს -წარმატების პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე