დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1098(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ძ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 7 აგვისტოს ვ.ძ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ მატერიალური ზიანის - 37 472 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმიისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ვ.ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვ.ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება - 7 681 ლარის ოდენობით; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვ.ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1 500 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმიისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმიისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვ.ძ-ემ ...ის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსაგან შეიძინა მიწის ნაკვეთები, კერძოდ მიწის ნაკვეთში, ს/კ ..., გადაიხადა 4027- ლარი; მიწის ნაკვეთში, ს/კ ..., გადახადა - 1902 ლარი; მიწის ნაკვეთში, ს/კ ..., გადაიხადა - 1752 ლარი.
2013 წლის 11 თებერვალს კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ვ.ძ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე - ს/კ ...; ს/კ ... და ს/კ ....
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოცეულ შემთხვევაში სახეზე იყო ვითომ-კრედიტორისათვის თანხის დაკისრების სამივე წინაპირობა - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქონების გაზრდა 7681 ლარის ოდენობით (4027+1752+1902), მოსარჩელის ქონების ხარჯზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით; ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ის სამართლებრივი საფუძველი, რაც მოსარჩელის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოშობდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 7 681 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი სწორად დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოების მითითება არაბრალეულობის შესახებ არარელევანტურად მიიჩნია და აღნიშნა, რომ შესრულების კონდიქციის არსებობისას, აუცილებელი არ არის ურთიერთობის სუბიექტთა ბრალეულობის დადგენა, ვითომ-კრედიტორისათვის (თანხის მიმღებისთვის) ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული სიკეთის უკან დაბრუნება ხორციელდება შესრულების - თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლის უკანონობის და არა ვალდებულებითი ურთიერთობის მხარეთა ბრალეული ქმედების გამო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები და არა დელიქტურ - სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რადგან ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობებისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალურ ვადას, ასეთ ინსტიტუტს წარმოადგენს, მათ შორის, უსაფუძვლო გამდიდრებაც. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნებისთვის კანონი არ აწესებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა 3 წელი და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს მხარეთა შორის სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია პრივატიზებულ ქონებასთან, ხოლო განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ბათილობის საერთო წესიდან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ზოგად კანონისმიერ საფუძველს და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო, ათწლიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით მოეთხოვა უკვე შესრულებულის უკუქცევა, წარმოიშვა მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/48 - 12 საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო, რომელიც პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ვ.ძ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის გამოთვლის წესის მიხედვით, მოსარჩელეს ათწლიანი ხანდაზმულობის ვადაში აქვს აღძრული სარჩელი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულად ვერ ჩაითვლებოდა და მათი განხორციელება ვადის გასვლის გამო ვერ დაბრკოლდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დავა გადაწყვიტა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით, მაშინ, როდესაც მოსარჩელე წარდგენილ სარჩელში მიუთითებდა მხოლოდ დელიქტურ ნორმებზე, ასევე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები დაუზუსტებელი იყო და მხარე ვერ ასაბუთებდა მატერიალურ ზიანს.
შესაბამისად, კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი და შეიჭრა მოსარჩელის კომპეტენციაში თავად აირჩიოს დავის საგანი.
კასატორი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, როგორც სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებულია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დადგენის თაობაზე.
ამდენად, კასატორის მითითებით, ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წელს, გასულია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელე ვ.ძ-ისათვის თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით უძრავ ქონებებზე გაუქმებული საკუთრების უფლების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის (მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასის ოდენობით) ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ვ.ძ-ემ ...ის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსაგან შეიძინა მიწის ნაკვეთები, კერძოდ: მიწის ნაკვეთში, ს/კ ..., გადაიხადა - 4027 ლარი; მიწის ნაკვეთში, ს/კ ..., გადახადა - 1902 ლარი; მიწის ნაკვეთში, ს/კ ..., გადაიხადა - 1752 ლარი.
2013 წლის 11 თებერვალს კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ვ.ძ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე - ს/კ ...; ს/კ ... და ს/კ ....
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს საკუთრების უფლება აღნიშნული მიწის ნაკვეთებზე გაბათილდა. სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ის სამართლებრივი საფუძველი, რაც მოსარჩელის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოშობდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადის გამოყენების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო, რომელიც პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა, წარმოიშვა მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/48 - 12 საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 თებერვალს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი