დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-529(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 10 ივლისს მ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 20 თებერვლის №03-260/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ჭ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე კანონით დადგენილი წესით; გ) დაეკისროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელე მ. ჭ-ეისათვის მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდა 2016 წლის 29 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მესამე პირი და ნაცვლად იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა, მიეთითა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 20 თებერვლის №03-260/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ჭ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მ. ჭ-ეისთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდა 2016 წლის 29 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. ჭ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ომამდე, იყო სოხუმი, იგი ოჯახით, შიდასამეურნეო საქმიანობითა და სხვა გარემოებებით ძირითადად დაკავშირებული იყო სოფელ ...თან. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
პალატამ მიუთითა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და მართებულად მიიჩნია მ. ჭ-ეის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მიუღებელი დევნილის შემწეობის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს ჰქონდა მინიჭებული დევნილის სტატუსი, რომელიც ჩამოერთვა 2020 წლის 20 თებერვლის №03-260/ო ბრძანებით იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მისი ქ. სოხუმში, სოფელ ...ში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ცხოვრობდა თუ არა მუდმივად მ. ჭ-ე 1992 წლამდე ქალაქ სოხუმში.
სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებს, რომელთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია განსხვავდება თავად მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს მიწოდებული ინფორმაციისგან, კერძოდ, ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით მ. ჭ-ე 1992 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად სოხუმში. მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრებით კი ირკვევა, რომ დაიბადა ... წელს ქალაქ სოხუმში. 1974-1984 წლებში სწავლობდა სოხუმის №... სკოლაში. 1984 წლიდან ... წლამდე სწავლობდა ქალაქ ოზურგეთში, ...ში. ... წელს დაოჯახდა ოზურგეთში. ... წელს ქალაქ სოხუმში შეეძინა პირველი შვილი ს. ნ-ე, ხოლო მეორე და მესამე შვილები კ. ნ-ე და ლ. ნ-ე დაიბადნენ ოზურგეთში. მოსარჩელის განმარტებით, იგი დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდა ოზურგეთში, ხოლო სოხუმში ცხოვრობდნენ მისი ძმა და რძალი. რაც შეეხება მშობლებს, მამა - კ. ჭ-ე მესტიის ...ის დირექტორი იყო ... წლიდან ომამდე და ცხოვრობდა მესტიაში, დედა - ძ. ჩ-ი იყო მესტიის ...ის დირექტორის მოადგილე ... წლიდან ომამდე და ისიც ცხოვრობდა მესტიაში. მოსარჩელის შვილები კ. ნ-ე (დაბ....წ) და ს. ნ-ე (დაბ. ...წ.) საბავშვო ბაღში დადიოდნენ ოზურგეთში. უფროსი შვილი ს. ნ-ე ... წელს სკოლაში შევიდა ოზურგეთში და სკოლაც იქ დაამთავრა. ოზურგეთის №... აქვს დამთავრებული მეორე შვილს - კ. ნ-ეს. მოსარჩელის მეუღლე ზ. ნ-ე მუშაობდა ოზურგეთის ...ის თავმჯდომარედ და №...ად. აფხაზეთის ომის შემდეგ წავიდა მოსკოვში. მოსარჩელე თავად განმარტავს, რომ ... წლიდან 2001 წლამდე ცხოვრობდა ოზურგეთში ძმასთან ერთად და აფხაზეთის ომის დროს სოხუმში არ ყოფილა. 2001 წლიდან ცხოვრობს თბილისში. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადმოცემული საკუთარი ბიოგრაფიიდან ნათლად, ცხადად და უტყუარად დგინდება, რომ იგი თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით დაკავშირებული იყო ოზურგეთთან და შესაბამისად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ქალაქი სოხუმი, სოფელი ...ი ვერ იქნებოდა. მ. ჭ-ეის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემების ნამდვილობა უტყუარად დასტურდება გასაუბრების თითოეულ გვერდზე თავად მოსარჩელისვე მიერ დაფიქსირებული ხელმოწერით.
კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მას დატოვებული უნდა ჰქონდეს იძულების წესით. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელი. შესაბამისად, მოსარჩელის პერიოდულად სოფელ ...ში ყოფნა ვერ ჩაითვლება იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ ის თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით დაკავშირებული იყო სოხუმთან. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ. ჭ-ეის საცხოვრებელ ადგილად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის ამონაწერში მითითებულია, აფხაზეთი ასსრ სოხუმის რაიონი, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომი. ამავდროულად სასამართლო განმარტავს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს.
რაც შეეხება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტო იდენტურობის დადასტურების კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №01/523 დასკვნას, მისი სარწმუნოება თავად ამ ორგანოს მიერ გაცემული აქტით ქარწყლდება, სადაც მითითებულია, რომ მ. ჭ-ე მეუღლესთან და შვილებთან ერთდ 1992 წლამდე ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში, მაშინ როცა მოსარჩელის მეუღლე დასაქმებული იყო მუდმივ და სისტემატურ სამუშაოზე ოზურგეთში, ბავშვები ბაღში და სკოლაში დადიოდნენ ოზურგეთში.
ყოველივე ზემოაღნიშნულით ცხადად დასტურდება, რომ მ. ჭ-ემ სააგენტოს სტატუსის მინიჭების მიზნით მიაწოდა ყალბი დოკუმენტი და ინფორმაცია. აშკარაა, რომ იგი ... წლიდან ცხოვრობდა ოზურგეთში მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, განსაზღვრულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ დასადგენია პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის წარდგენილი საბუთების სისწორე. მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა. დასახელებული ნორმების საფუძველზე ცალსახაა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ანაზღაურებას შეჩერების მთელი პერიოდისათვის. ამდენად, 2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილის შემწეობის სააგენტოსთვის დაკისრება სცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ გამომდინარეობს ამ კანონის მიზნებიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და 2016 წლის 29 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დრომდე მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში ჩამოთვლილია პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები. დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2014 წლის 18 იანვარს მ. ჭ-ეის სახელზე გაცემული იყო დევნილის მოწმობა, რომლის თანახმად, მ. ჭ-ეს მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და იძულებით გადაადგილებამდე მისი საცხოვრებელი ადგილად მითითებული იყო სოხუმი, სოფელი ...ი (ს.ფ. 16); ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 30 დეკემბრის №01-523 წერილით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ კომისიამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა მ. ჭ-ეის, ს. ნ-ეისა და კ. ნ-ეის საქმეები, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და მიიღო დადებითი გადაწყვეტილებები. კომისიის მიერ მათ დაუდასტურდათ სოხუმში, სოფ. ...ში აფხაზეთის ა/რესპუბლიკის ოკუპაციამდე, 1992 წლის სექტემბრამდე პერიოდში ცხოვრების ფაქტი (ს.ფ. 98-100); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს 2020 წლის 7 თებერვლის MIA 5 20 00327961 წერილის თანახმად, მისამართზე: ქ. ოზურგეთი, ...ის ქუჩა №..., 1993 წლამდე მ. ჭ-ეისა და მისი შვილების - ს. და კ. ნ-ეების მუდმივად ცხოვრების შესახებ ინფორმაცია შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში არ მოიპოვება (ს.ფ. 47); დ) დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ. ჭ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. დასკვნის შესაბამისად, გასაუბრების დროს მ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს, ქალაქ სოხუმში. 1974-1984 წლებში სწავლობდა სოხუმის №... სკოლაში. 1984 წლიდან ... წლამდე სწავლობდა ქალაქ ოზურგეთში, ...ში. ... წელს დაოჯახდა ოზურგეთში. ... წელს ქალაქ სოხუმში შეეძინა პირველი შვილი, ხოლო მეორე და მესამე შვილები ... და ... წელს დაიბადნენ ოზურგეთში. მეუღლესთან ზ. ნ-ესთან ერთად აღარ ცხოვრობს დაახლოებით 18 წელია, თუმცა განქორწინება არ არის რეგისტრირებული. მ. ჭ-ეის განმარტებით, იგი დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდა ოზურგეთში, ხოლო სოხუმში ცხოვრობდნენ მისი ძმა და რძალი. შვილები კ. ნ-ე (დაბ....წ) და ს. ნ-ე (დაბ. ...წ.) საბავშვო ბაღში დადიოდნენ ოზურგეთში. უფროსი შვილი - ს. ნ-ე ... წელს სკოლაში შევიდა ოზურგეთში და დაამთავრა ოზურგეთის №.... იგივე სკოლა აქვს დამთავრებული მეორე შვილს - კ. ნ-ეს. მოსარჩელის მეუღლე ზ. ნ-ე მუშაობდა ოზურგეთის ...ის თავმჯდომარედ და №...ად. აფხაზეთის ომის შემდეგ წავიდა მოსკოვში. ... წლიდან 2001 წლამდე ცხოვრობდა ოზურგეთში და აფხაზეთის ომის დროს სოხუმში არ ყოფილა (ს.ფ. 45-46); ე) დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 20 თებერვლის №03-260/ო ბრძანებით, მ. ჭ-ეს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი (ს.ფ. 50).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბერი №11 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი მოთხოვნის შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან და საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“ (შემდგომში – კომისია).
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, დაინტერესებული ან/და უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადი მომართვის, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, კომისია: ა) ვალდებულია საფუძვლიანად შეისწავლოს შემოსული განცხადება, არსებული ინფორმაცია და წარმოდგენილი მასალები; ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს განმცხადებლისაგან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი: დაბადების მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების (განქორწინების) მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა, ასევე გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა წარმოებაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დოკუმენტები; გ) მოითხოვოს/მიიღოს უფლებამოსილი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობითი განმარტებები; დ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მასალებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან/და მოიწვიოს 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული სამსახურების ყოფილი თანამშრომლები; ე) უფლებამოსილია, მიღებული ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გააცნოს დაინტერესებულ პირს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალიწინებულ ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 3 დეკემბრის №95/01-13 ოქმის თანახმად, კომისიის მიერ მოკვლეულ იქნა ინფორმაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის მუდმივი მაცხოვრებლებისგან. მოწმე გ. ფ-ემ (თანაკლასელი) დაადასტურა, რომ მ. კ.-ს ასული ჭ-ე, მისი ძმა - თ. ჭ-ე (დაბ. ...წ.), მშობლები, დედა - ძ. ჩ-ი და მამა - კ. ჭ-ე, ნამდვილად ცხოვრობდნენ აფხაზეთში, მათთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ მ. ჭ-ეის შვილები - ს. ნ-ე (დაბ. ... წ.) და კ. ნ-ე (დაბ. ...წ.). მომხსენებელმა - თ. ჯ-ამ აღნიშნა, რომ მ. ჭ-ეის და მისი შვილების - ს. ნ-ეისა და კ. ნ-ეის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ დაეჭვების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მის შესახებ ფლობს საკმაოდ დიდ ზეპირ ინფორმაციას და მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მიაჩნია სანდოდ.
ამავე სხდომის ოქმის თანახმად ს. და კ. ნ-ეების მშობლები დაოჯახდნენ ოზურგეთში 1984 წელს. ოჯახური კონფლიქტისა და მამის ავადმყოფობის გამო, მ. ჭ-ე საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში მშობლების სახლში. ომამდე მ. ჭ-ე პერიოდულად ჩადიოდა ოზურგეთში, მეუღლის სახლში. ძირითადად კი ცხოვრობდა აფხაზეთში. იმ პერიოდში მ. ჭ-ეის მამა ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ესაჭიროებოდა მოვლა, ამიტომ მ. ჭ-ე თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა მამასთან ერთად სოხუმში, სოფ. ...ში.
კომისიამ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, იმსჯელა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე, საიმედოობასა და უტყუარობაზე და ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სანდო და სარწმუნოა. შესაბამისად, კომისიის წევრების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით მ. ჭ-ეს, ს. ნ-ესა და კ. ნ-ეს დაუდასტურდათ სოხუმში, სოფ. ...ში აფხაზეთის ა/რესპუბლიკის ოკუპაციამდე, 1992 წლის სექტემბრამდე პერიოდში ცხოვრების ფაქტი (ს.ფ. 101-104).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ ვერ დასძლია მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აჭარის ა/რესპუბლიკის ოკუპაციამდე, 1992 წლის სექტემბრამდე არ იყო სოხუმი, სოფ. ...ი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ომამდე, წარმოადგენდა სოხუმი, სოფელი ...ი. იგი ოჯახით, შიდასამეურნეო საქმიანობითა და სხვა გარემოებებით ძირითადად დაკავშირებული იყო სოფელ ...თან. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, ბათილად არის ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 20 თებერვლის №03-260/ო ბრძანება და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ჭ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი დევნილის შემწეობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე