დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-672(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-672(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 17 ოქტომბერს მ.დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის N000147 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის N1018 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.დ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ.დ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის N000147 დადგენილების პირველი ნაწილის მოქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ.დ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით მ.დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინება; მ.დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის N000147 დადგენილების პირველი პუნქტის (მ.დ-ისათვის 25000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე) მოქმედების შეჩერება ჩაითვალა კანონისმიერად; მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის N000147 დადგენილების მე-2 პუნქტის მოქმედება, რომლითაც მ.დ-ეს დაევალა ქალაქ თბილისში, ..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება; ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y:...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინებით მ.დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000147 დადგენილებით მ.დ-ეს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობისათვის და მართლზომიერად დადგინდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იგი იძულებული იყო აეშენებინა საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოადგენს მის ერთადერთ თავშესაფარს. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დასახელებული საფუძვლით სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე, ვინაიდან, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულებაა, ხოლო ჯარიმის დაკისრებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალების გამომრიცხველი გარემოება განსახილველ საქმეში არ გამოვლენილა. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ.დ-ის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, მოსარჩელეს კი არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.დ-ის მიერ.

კასატორი სადავო აქტების კანონიერების საფუძვლად მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის, სხვა თავშესაფრის არქონის გამო, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის შესაბამისობის დაცვის მიზნით, დაჯარიმება და ნაგებობის დემონტაჟი საფუძველსაა მოკლებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.დ-ის საკასაციო საჩივარი, ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის N000147 დადგენილების პირველი პუნქტის (მ.დ-ისათვის 25000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე) მოქმედება შეჩერებულია კანონისმიერად, ხოლო ამავე დადგენილების მეორე პუნქტის (რომლითაც მ.დ-ეს დაევალა ქალაქ თბილისში, ..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება; ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y:...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი) მოქმედება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე Nბს-1402(კს-22).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მ.დ-ის მიმართ შედგა №000147 მითითება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ..., საკადასტრო კოდი: №..., მ.დ-ის მიერ განხორციელებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით, მ.დ-ეს განესაზღვრა 07 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 18 დეკემბრის №000147 შემოწმების აქტის შესაბამისად, მ.დ-ის მიერ არ შესრულებულა 2018 წლის 10 დეკემბრის №000147 მითითებით გათვალისწინებული პირობები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000147 დადგენილებით მ.დ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით, ქ. თბილისში, ..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება; ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y:...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით, მ.დ-ეს დაევალა, ქ. თბილისში, ..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება; ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y:...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება მ.დ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 ივლისის №1018 ბრძანებით მ.დ-ის 2019 წლის 25 იანვრის №19/01190252065-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის №000147 დადგენილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობა უკანონობის საფუძველს ქმნის. უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის - სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი - უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე (გარკვეული კატეგორიის შენობისათვის) (სუსგ 2021 წლის 29 დეკემბრის საქმე Nბს-160(კ-19)). სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო ამავე პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, I კლასს განეკუთვნება 60მ2-მდე სართულის იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა და გრუნტის ზედაპირიდან 4მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი, დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. ამდენად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინებას, სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამის მშენებლობის ნებართვას. შესაბამისად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.

მოცემულ საქმეში, მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოები ისეა ნაწარმოები, რომ საქმეში არ მოიპოვება ამ სამუშაოების წარმოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობას სადავოდ არ ხდის თავად მოსარჩელეც, ხოლო კასატორის მიერ მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მითითებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დასახელებული საფუძვლით სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 იანვრის N000147 დადგენილების პირველი ნაწილის მოქმედება. ხოლო ამავე დადგენილების მეორე პუნქტის (რომლითაც მ.დ-ეს დაევალა ქალაქ თბილისში, ..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება; ჯიპიეს კოორდინატები: X:...; Y:...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული (განთავსებული) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი) მოქმედება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე Nბს-1402(კს-22). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ.დ-ეს (ს/კ:...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 24 მაისს №21986571584 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300703150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინება;

3. მ.დ-ეს (ს/კ:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 24 მაისს №21986571584 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300703150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი