დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.01.2026
საქმის ნომერი
ბს-41(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-41(კ-25) 15 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ლ. ქ-ა, მ. ლ-ი, მი. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ლ-იმა 2022 წლის 18 ივლისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ 1168 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების წესით რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხე მხარისთვის საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი იმ საფუძვლით ეთქვა, რომ მიწის ნაკვეთი ხვდება ტყის მასივის კონტურში, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით არ დგინდება სარეგისტრაციო ობიექტის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარეობის ფაქტი. ამასთან, საერთოდ არ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო ობიექტთან მიმართებაში მიწათსარგებლობის გეგმა და არ გადამოწმებულა საჯარო რეესტრში დაცული ტყის კონტურის დაურეგისტრირებელი მონაცემების სისწორე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმები ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს სახელმწიფო ტყის მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ისე, როგორც ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა სადავო გადაწყვეტილებით მოახდინა.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიღო კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ განმარტა, რომ ტყის ფონდის ახლანდელი საზღვარი აღრიცხულია 1993 წლის მდგომარეობით. ამასთან, „სახელმწიფო ტყის ფონდის“ საზღვრების დადგენისას, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილების მიხედვით, ტყითმოწყობის ქაღალდზე არსებული საზღვრები გადაიტანეს ელექტრონულ რუკებზე და შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტყის კონტურის შიგნით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თვითნებურად დაიკავა ტყის ტერიტორია და მასზე ვრცელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესი ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობის შესახებ. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და მიუთითებს, რომ კანონმდებლობა უშვებს მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, ზოგადი წესის თანახმად, მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ტყის მიწას, საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება, თუმცა გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ტყის მართვის უფლებამოსილი ორგანო მიიღებს შესაბამის დასკვნას კონკრეტული მიწის მონაკვეთის ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, რაც ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვასა და დაცვას. ამდენად, კანონმდებლობით დაშვებულია ტყის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობა. ტყის საზღვრის კორექტირება დასაშვებია მხოლოდ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თუმცა მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიმართა. კასატორს მიაჩნია, რომ ტყის საზღვრის კორექტირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მოეხდინა. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ. ლ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო შემთხვევა უკავშირდება ევროკონვენციით დაცული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ შედავებებს (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ- სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონით განსაზღვრულია სარეგისტრაციო დოკუმენტის დეფინიცია, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით, სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ, რომელიც ტარდება ამ თავით დადგენილი წესით. ინსტრუქციის 375 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას აღიარებს, თუ მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამ შემთხვევაში, ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე (კომლის წევრებზე) აღიარებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარება ხდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 378 მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი, ასევე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: სახელმწიფო ტყის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც დაკავებულია ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომლის ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის მართვისა და დაცვის განხორციელებას.

საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 378 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 25 თებერვალს თ. ლ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 1168 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებით თ. ლ-ის უარი ეთქვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1167,9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ხვდება ტყის მასივის კონტურში, რომელიც არ ექვემდებარება აღიარებას, აგრეთვე მიწის ნაკვეთი არის დაუმუშავებელი და არ არის მოქცეული მყარ მიჯნაში. ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილებით თ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ვლინდებოდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი. სადავო გადაწყვეტილების თანახმად, დაინტერესებული პირის ნება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებაზე გამოხატულია სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, რომლის შემთხვევაში ტყის მასივის კონტურის საზღვრები არ ექვემდებარება კორექტირებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანების პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტი ექცევა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ტყე არის ტყის კონტურის შიგნით არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია: ბ.ა) ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია − ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს; ბ.ბ) სხვა ტერიტორია: ბ.ბ.ა) ტერიტორია, სადაც ტყის შემქმნელი სახეობები ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია; ბ.ბ.ბ) ტყის მიწა − ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვა. ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდი მიიჩნევა სახელმწიფო ტყედ, რომლის საზღვრები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრმა ადგილზე დაათვალიერა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი და 2022 წლის 7 აპრილს შეადგინა №... ოქმი, რომლის თანახმად, ადგილზე გამოცხადებული პირებისაგან მიღებული ინფორმაციის, მიწის ნაკვეთზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის, მოძიებული დოკუმენტაციის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ტყის მასივის კონტურთან დაფიქსირდა ზედდება. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელი იყო. დაინტერესებული პირის მეზობლები ოქმზე ხელის მოწერით ადასტურებენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ამავე ოქმში მითითებულია, რომ დაინტერესებული პირის განცხადებით, საარქივო ცნობით განსაზღვრული 12500 კვ.მ (სარეგისტრაციოდ დარჩენილია 7204 კვ.მ) მიწის ნაკვეთი მდებარეობს სხვა ადგილას და არ შეესაბამება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს, რომელიც დაკავებულია თვითნებურად 2007 წლის 20 სექტემბრამდე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში არსებულ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის კასპის არქივის 2011 წლის 29 აპრილის №AA2011011434-03 საარქივო ცნობაზე (ტომი 1, ს.ფ. 68), რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულოს საარქივო დოკუმენტების, 1992 წლის, საკრებულოში შემავალი სოფლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიების ჟურნალის ჩანაწერის მიხედვით, ...ის დასახლების სიის, რიგით №14-ზე თ. ბ.-ს ძე ლ-ის აწერია 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, თ. ლ-ის სახელზე, ზემოაღნიშნული საარქივო ცნობის საფუძველზე უკვე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: ...; ...; ...), ჯამში - 5296 კვ.მ (ტომი 1, ს.ფ. 93, 96, 99). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1168 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა იმ პირობებში, როდესაც იგი სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, როგორც თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი ნორმატიული აქტების თანახმად გამორიცხულია ტყის ფონდის საზღვრებში არსებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში აღიარება. ასევე საგულისხმოა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის დაუმუშავებელი და არ არის მოქცეული მყარ მიჯნაში, რაც 2022 წლის 7 აპრილის №... დათვალიერების ოქმით დგინდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ტყე არ არის მხოლოდ ხეებით დაფარული ტერიტორია, ტყის კონტურში შეიძლება მოქცეული იყოს ის ტერიტორია, სადაც არ დგას ხეები, თუმცა ექცევა ტყის ფონდის საზღვრებში. საგულისხმოა, რომ ტყის ფონდის ამჟამინდელი საზღვარი აღრიცხულია 1993 წლის მდგომარეობით. ამასთან, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილების მიხედვით, ტყითმოწყობის ქაღალდზე არსებული საზღვრები გადატანილია ელექტრონულ რუკებზე. მითითებული რუკის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტყის კონტურის შიგნით. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია ექცევა საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, რაც გამორიცხავს სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებას.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ის 13.03.2025წ. №23326958363 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. ზ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე 13.03.2025წ. №23326958363 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე