დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.02.2026
საქმის ნომერი
ბს-498(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-498(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები)– თ. ბ-ა, ზ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი

გასაჩივრებული განჩინება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 2 სექტემბერს თ. ბ-ამ და ზ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათი მარწმუნებელი - დ. წ-ი არის სს „თ...ს“ აქციონერი. დ. წ-ისთვის ცნობილი გახდა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და წესდების პირობების დარღვევით, 27.06.2022წ. 12:00 საათზე მოწვეული იყო სს "თ...ს" აქციონერთა მორიგი საერთო კრება. არსებობდა საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ სს „თ...“ დ. წ-ის წარმომადგენლის შენიშვნებს კრების ოქმში არ ასახავდა, რის გამოც თ. ბ-ამ მიიღო გადაწყვეტილება საერთო კრების ფარულად ჩაწერის თაობაზე. ზემოაღნიშნული ჩანაწერი დ. წ-იმა გამოიყენა მტკიცებულებად სასამართლოში არსებულ სამოქალაქო საქმეზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 8.08.2022წ. N06/03/16 ბრძანების თანახმად, 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდზე განისაზღვრა ზ. ბ-ისა და თ. ბ-ას მიერ 2022 წლის 27 ივნისს სს "თ...ს" აქციონერთა საერთო კრების აუდიოჩანაწერის გზით მონაცემების დამუშავების არაგეგმური შემოწმების ჩატარება. ზემოაღნიშნული ბრძანება არ შეიცავს არაგეგმური შემოწმების სათანადო დასაბუთებას და მისი გამოცემის საფუძვლად მიეთითა მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის უფროსის მოხსენებითი ბარათი. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახეზე იყო მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სადავო პერიოდში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2.03.2022წ. N04 ბრძანებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის“ (ძალადაკარგულია 01.03.2024წ. N34 კანონით) მე-18 მუხლის „თ“ (საკითხის შესწავლა სცდებოდა სამსახურის კომპეტენციას) და „დ“ ქვეპუნქტებით (სასამართლო წარმოებაშია საქმე). მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სააქციო საზოგადოების საერთო კრების ოქმის კანონიერების საკითხი რეგულირდება რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ოქმის კანონიერების შემოწმება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა. დ. წ-იმა სს „თ...ს“ წინააღმდეგ სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავაში აუდიოჩანაწერის საფუძველზე 27.06.2022წ. ჩატარებულ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობა მოითხოვა. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ აქციონერთა საერთო კრების მიმდინარეობა ჩაიწერა თ. ბ-ამ, შესაბამისად, თუ ჩაითვლება, რომ ამ უკანასკნელმა არაკანონიერად დაამუშავა ვინმეს პერსონალური მონაცემები, საქმისწარმოება ზ. ბ-ითან მიმართებით უნდა შეწყდეს, რადგან მას ზემოაღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანება ზ. ბ-ის ნაწილში ამ არგუმენტითაც უსაფუძვლოა.

ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს №06/03/16 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს №06/03/16 ბრძანებით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების საქმის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება. ამავე სარჩელით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული ბრძანების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 სექტემბრის განჩინებით თ. ბ-ასა და ზ. ბ-ის შუამდგომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს №06/03/16 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას და ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ბ-ამ და ზ. ბ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით თ. ბ-ას და ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის თანახმად, იმავე სამსახურის უფროსს ეცნობა შემდეგი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 2022 წლის 21 ივლისს სს "თ...მა" მიმართა შეტყობინებით, 2022 წლის 27 ივნისს ჩატარდა სს "თ...ს" აქციონერთა საერთო კრება, რომელსაც კრების სხვა მონაწილეებთან ერთად ესწრებოდნენ სს "თ...ს" აქციათა 0.12%-ის მფლობელი დ. წ-ის წარმომადგენლები: ზ. ბ-ი და თ. ბ-ა. 2022 წლის 8 ივლისს, სს "თ...სთვის" ცნობილი გახდა, რომ ზ. ბ-იმა და თ. ბ-ამ აქციონერთა საერთო კრების აუდიოჩაწერა განახორციელეს, კრების მონაწილე პირთა ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, ამასთან, მათ აღნიშნული ჩანაწერი გამოიყენეს და ხელმისაწვდომი გახადეს მესამე პირებისათვის.

2022 წლის პირველ აგვისტოს, სს "თ...მა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სს "თ...სთვის" ზ. ბ-ის მიერ 2022 წლის 13 ივლისს გაგზავნილი წერილიდან და ამავე პირის მიერ სს "თ...ს" წინააღმდეგ 2022 წლის 7 ივლისს წარდგენილი სარჩელიდან ცნობილი გახდა, რომ ზ. ბ-იმა და თ. ბ-ამ 2022 წლის 27 ივნისს განახორციელეს სს "თ...ს" აქციონერთა საერთო კრების ფარული აუდიო ჩაწერა. ამასთან, სს "თ...მა" 2022 წლის 4 აგვისტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარადგინა ზემოაღნიშნული აუდიოჩანაწერი.

შესაბამისად, სს „თ...მა“ მოითხოვა ზ. ბ-ის და თ. ბ-ას მიერ აუდიოჩანაწერის გზით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა. მოხსენებითი ბარათის თანახმად, "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმების დაწყება (ინსპექტირება).

ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს №06/03/16 ბრძანებით დადგინდა: 1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, ზ. ბ-ის და თ. ბ-ას მიერ 2022 წლის 27 ივნისს სს "თ...ს" აქციონერთა საერთო კრების აუდიოჩაწერის გზით მონაცემების დამუშავების არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირება) ჩატარება 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში; 2. აღნიშნული შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში 2022 წლის 21 ივლისს, 01, და 04 აგვისტოს წარდგენილ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების შესწავლა, კერძოდ, ზ. ბ-ის და თ. ბ-ას მიერ 2022 წლის 27 ივნისს სს ,,თ...ს‘’ აქციონერთა საერთო კრების აუდიოჩაწერის გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერება; 3. არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან ჯგუფის შექმნა ... ; 4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის თანამშრომლებს აქვთ ,,პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ‘’ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 20022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები და ვალდებულებები. 5. შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში, მონაცემთა დამმუშავებელს/უფლებამოსილ პირს აქვს ,,პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები და ვალდებულებები; 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული ბრძანების ზ. ბ-ისათვის და თ. ბ-ასათვის გაცნობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ‘’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 14.06.2023წ.) მე-2 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, მე-5, 26-ე და 403 მუხლებზე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებით დამტკიცებული "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის" (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5, მე-7 და მე-15 მუხლებზე.

სააპელაციო სასამართლომ მითითებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოში მონაცემთა დამუშავების კონტროლს ახორციელებს და სამსახურის უფროსი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. თუმცა ზემოაღნიშნული არ გულისხმობს, რომ სამსახურის უფროსი ყველა შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებას შემოწმების თაობაზე. აუცილებელია მოხსენებითი ბარათის შემდგენმა შემოწმების დაწყებაზე უფლებამოსილ პირს მიუთითოს პოტენციური გადაცდომის არსებობის თაობაზე, რაც საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.

განსახილველ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი ასახავდა სწორედ სს ,,თ...ს’’ წარმომადგენლის მიერ განცხადებაში დასახელებულ შესაძლო გადაცდომასთან დაკავშირებულ გარემოებებს, რაც დასტურდებოდა შესაბამისი დოკუმენტებით. ამდენად, სახეზე იყო იმგვარი მოცემულობა, რაც საჭიროებდა სათანადო მოკვლევასა და შეფასებას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტთა მოსაზრებაზე მასზედ, რომ არსებობდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ საერთო სასამართლოებში მიმდინარეობდა დავა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რაზეც უნდა დაწყებულიყო (ან მიმდინარეობს) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა. ეს უკანასკნელი ვერ გაიგივდებოდა საერთო სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესითა და ,,მეწარმეთა შესახებ‘’ საქართველოს კანონის ფარგლებში განსახილველ საკითხთან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება, იურიდიული პირის სასარგებლოდ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში, დაკავშირებულია ინდივიდუალურად მათთან და არა იურიდიულ პირებთან. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებთან მიმართებაში არ გამოიკვეთა იმგვარი მოცემულობა, რაც გამორიცხავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყების შესაძლებლობას, რაც თავისთავად გამორიცხავდა ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას-მოპასუხისთვის მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმისწარმოების შეწყვეტის დავალებას.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტების მოსაზრებას, რომ ვინაიდან ზ. ბ-ის არ განუხორციელებია აუდიოჩაწერა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მის მიმართ შეეწყვიტა საქმის წარმოება. პალატის მითითებით, კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეუძლებელია მოეთხოვოს იმის განჭვრეტა და ცხადად დადგენა პერსონალური მონაცემები კონკრეტულად ვის მიერ და რა მიზნით დამუშავდა. არაგეგმური შემოწმების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფის შექმნის მიზანია მოკვლევის განხორციელება და ფაქტების დადგენა. ამდენად, სააპელაციო პალატამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან ინსპექტირების დაწყება შესაძლო სამართალდარღევის ფაქტზე კანონიერად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-ამ და ზ. ბ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს №06/03/16 ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგან ემყარება მხოლოდ ამავე სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოხსენებით ბარათს.

სადავო პერიოდში მოქმედი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2.03.2022წ. N04 ბრძანებით დამტკიცებული "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის" (შემდგომში "წესი") მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით ამომწურავად იყო განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოებები, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც კი დაუშვებელს ხდიდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემის მომენტშივე ანუ 2022 წლის 8 აგვისტოს არსებობდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ორი გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, მითითებული წესის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ (საკითხის შესწავლა სცილდება სამსახურის კომპეტენცია) და „დ“ ქვეპუნქტებით (სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა) განსაზღვრული შემთხვევები.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სს „თ...ს“ 2022 წლის 27 ივნისის აქციონერთა საერთო კრებას ესწრებოდნენ არა ფიზიკური პირები, არამედ სს “თ...ს” ორგანოების წევრები, აქციონერები, გენერალური დირექტორი, კრების მდივანი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. შესაბამისად, აუდიოჩაწერით არ დგინდება რომელიმე ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემის დამუშავება. კასატორები მიიჩნევენ, რომ ბანკის მიერ მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცილდებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციას, რადგან სააქციო საზოგადოების საერთო კრების აუდიო ოქმის შექმნის კანონიერება/უკანონობის საკითხი განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ საკითხს. საერთო კრების ოქმის კანონიერების შეფასება სასამართლოს კომპეტენცია. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემის მომენტში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა აღნიშნულ საკითხზე, რაც ასევე ცნობილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის. კასატორები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნავენ, რომ განსახილველი შემთხვევა გამოირიცხება მოხმობილი კანონის მოქმედების სფეროდან. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დგინდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტში იმავე მხარეებს შორის საერთო კრების ოქმის კანონიერების თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოება.

კასატორები აღნიშნავენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6.10.2022წ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თ. ბ-ას მიერ სს "თ...ს" საერთო კრების აუდიო ჩაწერისა და გამჟღავნების (27.06.2022წ) დღიდან გასული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას აუდიოჩანაწერის შექმნისა და გამჟღავნების ნაწილში თ. ბ-ასთვის დაეკისრებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კასატორები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა ხანდაზმულობის ვადის გასვლა, მას საქმისწარმოება არ შეუწყვეტია. კასატორები მიუთითებენ „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მონაცემთა კანონიერების შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება თუ სამსახურისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ. კასატორები მიიჩნევენ, რომ არსებობდა ზემოაღნიშნული „წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემადგენლობები, შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებული იყო შეეწყვიტა მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლა. კასატორები ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მონაცემთა დამუშავების პროცესში დადგინდა აუდიოჩანაწერის მარტოოდენ თ. ბ-ას მიერ წარმოება, გაუმართლებელი იყო ზ. ბ-ის მიმართ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფაქტზე დაწყებული საქმისწარმოების გაგრძელება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ უკანასკნელის მიმართ საქმისწარმოება უნდა შეეწყვიტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-ისა და თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ასა და ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს №06/03/16 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისთვის ზემოაღნიშნული ბრძანებით დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების საქმის შეწყვეტის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს "თ...ს" წარმომადგენელმა 2022 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. განცხადების თანახმად, 2022 წლის 27 ივნისს ჩატარებულ სს "თ...ს" აქციონერთა საერთო კრებას სხვა მონაწილეებთან ერთად ესწრებოდნენ სს "თ...ს" აქციონერთა 0.12%-ის მფლობელ დ. წ-ის წარმომადგენლები - ზ. ბ-ი და თ. ბ-ა. 2022 წლის 8 ივლისს, ბანკისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ. ბ-იმა და თ. ბ-ამ კრების მონაწილე პირთა ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე აქციონერთა საერთო კრება ფარულად ჩაიწერეს და აუდიოჩანაწერი ხელმისაწვდომი გახადეს მესამე პირებისთვის. განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა ზ. ბ-ისა და თ. ბ-ას მიმართ შემოწმების ჩატარება და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ამავე სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით ეცნობა სს “თ...ს” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში 21.07.2022წ. წარმოდგენილი განცხადების შინაარსი. ბარათში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია სამსახურმა შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებით დამტკიცებული "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის" მე-7, მე-15, მე-19 და 31-ე მუხლების საფუძველზე, მოთხოვნილია თანხმობის გაცემა დაინტერესებული პირის შეტყობინების საფუძველზე არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების, ამ მიზნით თანამშრომელთა ჯგუფის შექმნისა და ადგილზე შემოწმების ჩატარების თაობაზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 აგვისტოს №06/03/16 ბრძანებით დადგინდა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, 1. ზ. ბ-ის და თ. ბ-ას მიერ 2022 წლის 27 ივნისს სს "თ...ს" აქციონერთა საერთო კრების აუდიოჩაწერის გზით მონაცემების დამუშავების არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირება) ჩატარება 2022 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 7 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში; 2. აღნიშნული შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში 2022 წლის 21 ივლისს, 01, და 04 აგვისტოს წარდგენილ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებების შესწავლა, კერძოდ, ზ. ბ-ის და თ. ბ-ას მიერ 2022 წლის 27 ივნისს სს "თ...ს" აქციონერთა საერთო კრების აუდიოჩაწერის გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერება; 3. არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან ჯგუფის შექმნა ... ; 4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის თანამშრომლებს აქვთ ,,პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ‘’ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 20022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები და ვალდებულებები. ... ; 5. შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში, მონაცემთა დამმუშავებელს/უფლებამოსილ პირს აქვს "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №04 ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები და ვალდებულებები, ... ; 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული ბრძანების ზ. ბ-ისათვის და თ. ბ-ასათვის გაცნობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორთა პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნების დასასაბუთებლად ემყარება რამდენიმე არგუმენტს, კერძოდ: 1. სახეზე იყო მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოებები; 2. ხანდაზმულობის ვადის გასვლის და სასამართლოში მიმდინარე დავის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებული იყო შეეწყვიტა აწ უკვე დაწყებული მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2.03.2022წ. N04 ბრძანებით დამტკიცებულია "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესი" (ძალადაკარგულია 01.02.2024წ. N34 ბრძანებით), რომელიც ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) მიერ პერსონალურ მონაცემთა (შემდგომში-მონაცემთა) დამუშავებასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების წესს, მიზნებსა და ძირითად პრინციპებს, ასევე განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომლების, მონაცემთა სუბიექტის, მონაცემთა დამმუშავებლების, უფლებამოსილი პირის, დაინტერესებული პირისა და მესამე პირების უფლება-მოვალეობებს. მითითებული "წესის" მე-5 მუხლის თანახმად, სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა განახორციელოს: ა) მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმებით (ინსპექტირება); ბ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმებით (ინსპექტირება); გ) მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე. წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახური უფლებამოსილია, ჩაატაროს მონაცემთა დამუშავების კანონიერების არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება) საკუთარი ინიციატივით ან შეტყობინების საფუძველზე. წესის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მიეთითება შემოწმების (ინსპექტირების) დაწყების საფუძველი, მიზანშეწონილობა და ფარგლები; ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური ან არაგეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – შემოწმების დაწყების შესახებ ბრძანებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოცემული გასაჩივრებული ბრძანება დაეფუძნა ამავე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა რეაგირებას სს “თ...ს” განცხადებაზე. მოხსენებით ბარათში დეტალურად იყო აღწერილი ქმედება და სავარაუდო გადაცდომის ჩამდენ პირთა ვინაობა, ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის გამოკვლევის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხის არაგეგმური შემოწმება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას მასზედ, რომ შემოწმების დაწყების შესახებ გამოცემული აქტი არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის საკმარის სტანდარტს, რამეთუ ცალსახად დგინდება შემოწმების დაწყების ფორმალური საფუძველის (მოხსენებითი ბარათი, დაინტერესებული პირის განცხადება, მონაცემთა დამუშავების ფაქტი) არსებობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების დაწყების თაობაზე გამოცემულ გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია მისი გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2.03.2022წ. N04 ბრძანებით (ძალადაკარგულია 1.02.2024წ. N34 ბრძანებით) დამტკიცებული “პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის” მე-18 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) განსაზღვრულია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოებები, ესენია: 1. დავის სასამართლო წარმოებაში არსებობა იმავე ფაქტზე და იმავე მხარეებს შორის, რაზეც უნდა დაიწყოს ან მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა (“დ” ქვეპუნქტი) და 2. საკითხის შესწავლა სცილდება სამსახურის კომპეტენციას (“თ” ქვეპუნქტი). ამდენად, კანონმდებელი დაუშვებლად მიიჩნევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ იმავე მხარეებს შორის იმ ფაქტის შესწავლის შესაძლებლობას, რომელზეც პარალელურად დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ნიშანდობლივია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა ასევე დაუშვებელია, თუ აღნიშნული მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. წ-ისა და სს “თ...ს” შორის მიმდინარეობდა არაერთი სამოქალაქო-სამართლებრივი დავა, მათ შორის, ერთ-ერთ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სს “თ...ს” 27.06.2022წ. საერთო კრების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რასთან დაკავშირებითაც მხარემ მტკიცებულების სახით 27.06.2022წ. აქციონერთა კრების აუდიოჩანაწერი წარადგინა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დავა ვერ დაიდენტიფიცირდება როგორც იმავე ფაქტზე მიმდინარე სამართალწარმოება, რამეთუ არც დავის საგანი და არც მხარეები არიან იდენტურნი. ცალსახაა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიემართა ადვოკატების-თ. ბ-ას და ზ. ბ-ის მხრიდან სააქციო საზოგადოების საერთო კრების აუდიოჩაწერის ფარულად შექმნისა და მესამე პირებისთვის გამჟღავნების ფაქტებთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესწავლის საგანი არ ყოფილა სს “თ...ს” 29.06.2022წ. საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 14.06.2023წ.) მე-4011 მუხლზე, რომლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს: მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვასა და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება). ამავე კანონის 4013 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის შემოწმება. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის აუცილებელი წინაპირობაა მონაცემთა დამუშავების ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს მისი მოქმედების არეალს. ზემოაღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე, არაავტომატური საშუალებებით იმ მონაცემთა დამუშავებაზე, აგრეთვე დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა აშკარად პირადი მიზნებისთვის დამუშავებაზე, როდესაც მათი დამუშავება დაკავშირებული არ არის სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან, “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მოწესრიგებულია საერთო კრების ოქმის შედგენის წესი და მისი სავალდებულო რეკვიზიტები. მითითებული კანონის 200.1 მუხლის თანახმად, საერთო კრების დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა შედგეს საერთო კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების თავმჯდომარე. თუ საერთო კრებას ნოტარიუსი ესწრება, საერთო კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს ნოტარიუსიც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საკანონმდებლო აქტით რეგულირებულია სააქციო საზოგადოების საერთო კრების ოქმის წარმოების წესი, ზემოაღნიშნული კრების მონაწილე პირს პროცესის მიმდინარეობის ფარულად ჩაწერის უფლებას არ ანიჭებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ერთ სიბრტყეზე შეფასდეს კანონით დარეგულირებული საერთო კრების მიმდინარეობის ამსახველი ოქმის შემდგენი პირებისა და სხვა პირების უფლებამოსილების ფარგლები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგების ერთ-ერთი მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პერსონალური მონაცემები დაცულ იქნეს არათანაზომიერი ხელყოფისაგან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა.

კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის რეგულირების სფეროს სცილდება სააქციო საზოგადოების საერთო კრების მიმდინარეობის ამსახველი აუდიოჩანაწერის კანონიერების შემოწმება, რადგან ჩანაწერი შეეხება არა ინდივიდუალურად ფიზიკურ პირებს, არამედ ისინი გვევლინებიან საბანკო დაწესებულების ორგანოების სახით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ‘’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის: "ა" პუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით; მითითებული მუხლის "ვ" პუნქტის თანახმად, მონაცემთა სუბიექტი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ აუდიოჩანაწერი მართალია შეეხება მეწარმე სუბიექტის საერთო კრებას, თუმცა მასში უდავოდ მონაწილეობდნენ ფიზიკური პირები, რომელთა პერსონალური მონაცემებიც დაცვის ღირსია.

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხის დავალდებულებას შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების საქმის შეწყვეტის, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2.03.2022წ. N04 ბრძანებით დამტკიცებული "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის" მე-18 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება, თუ სამსახურისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებული პროცესის შეწყვეტა ხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით, რომელიც გამოიცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. თუ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მოიცავს მონაცემთა დამუშავების რამდენიმე შემთხვევას, რომელთაგან ერთის ან რამდენიმეს მიმართ წარმოიშობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა კანონიერების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმსჯელოს ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში. წესის 41-ე მუხლში ასახულია მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შემდეგ მისაღებ გადაწყვეტილებათა სახეები.

მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეზღუდული არ არის იმსჯელოს მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის გამომრიცხავი გარემოების არსებობის თაობაზე საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმეში დაცული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6.10.2022წ. გადაწყვეტილების თანახმად, შპს “ბ...ს” მიერ აუდიოჩანაწერის მოპოვების (27.06.2022წ.) და გამჟღავნების დღიდან (8.07.2022წ და 2.08.2022წ) გასულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას აუდიოჩანაწერის ზემოაღნიშნული პირებისთვის გამჟღავნების ნაწილში შპს “ბ...ის” დაეკისრებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 8.08.2022წ. №06/03/16 ბრძანება წარმოადგენს აღსრულებულ აქტს, რამეთუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად 6.10.2022წ. მიიღო Nგ-130/2022წ გადაწყვეტილება, რომელშიც ასახულია და ნამსჯელია ხანდაზმულობის საკითხზეც. საგულისხმოა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და მისი კანონიერება სხვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში უნდა შეფასდეს (დღევანდელი მდგომარეობით შეჩერებულია). ამდენად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა - მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების საქმის შეწყვეტის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორთა მითითებას მასზედ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებული იყო ზ. ბ-ის ნაწილში შეეწყვიტა წარმოება, რადგან არ დგინდებოდა მის მიერ აუდიოჩანაწერის შექმნა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურს საქმისწარმოების დაწყების ეტაპზე შეუძლებელი იყო წინასწარ განესაზღვრა სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა. ამასთან, ვინაიდან წარმოების მასალებით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა ზ. ბ-ისაც ჩაეწერა და გაევრცელებინა აუდიოჩანაწერი, მის ნაწილშიც მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლის დაწყების თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს “ბ...ს” (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 1.05.2025წ. N2097 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს “ბ...ს” (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-ას და ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს “ბ...ს” (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 1.05.2025წ. N2097 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70 პროცენტი - 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა