დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1000(3კ-25) 17 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. შპს „...“ (მოსარჩელე); 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე); 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
მესამე პირი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
დავის საგანი - აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა; თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 29 მაისს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმართ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის 12 ივლისს 17:00 სთ-ზე გამართული აუქციონის შედეგების: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №17 ოქმისა და ამ ოქმის საფუძველზე 2012 წლის 13 აგვისტოს გაცემული საკუთრების უფლების №16 მოწმობის ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „...სთვის“ 1 900 000 ლარის დაბრუნების, მიყენებული ზიანის - 478 333 ლარის და 2015 წლის 12 მაისის შემდგომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 1 900 000 ლარის გადახდამდე შპს „...ის“ სასარგებლოდ ამ თანხის ყოველწლიური 10%-ის გადახდის დავალების მოთხოვნით. მოგვიანებით მოპასუხეებად მიეთითნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...“ დაფუძნდა 1996 წელს. შპს „...“ და შპს „ს...“ იყო ერთ ბიზნეს ჯგუფში გაერთიანებული კომპანიები, რომლის თანამფლობელები იყვნენ ზ.ი-ე და დ.მ-ი. საქმიანობის საგანი იყო ...ის იმპორტი, საცალო და საბითუმო რეალიზაცია. შპს „...ს“ საკუთრებაში იყო ...ის ქსელი, ...ების საბითუმო ბაზები, ... და სხვა აქტივები. ბიზნესჯგუფი წარმატებულად მუშაობდა, იყო მსხვილი გადამხდელი. 2012 წლის 12 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასი იყო 8000 ლარი, ხოლო ბიჯი - 800 ლარი. აუქციონში სხვა მონაწილე არ ყოფილა. ამდენად, ქონება, რომლის შეძენაც შპს „...ს“ შეეძლო 8800 ლარად, შეძენილ იქნა 1 900 000 ლარად. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა მოთხოვნილი შპს „...ს“ პარტნიორთა გადაწყვეტილება - კრების ოქმი. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ განცხადებაზე თანდართული იყო მხოლოდ წესდება, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე მაშინ, როდესაც შპს „...ს“ წესდების თანახმად, უძრავი ქონების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა პარტნიორთა 100%-ის თანხმობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 19 მაისს სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებულ იქნენ დ.მ-ი და ზ.ი-ე, რომლებიც შპს „...ს“ დირექტორები და პარტნიორები იყვნენ. სასამართლოს 2012 წლის 20 მაისის განჩინებით მათ შეეფარდათ პატიმრობა, რომელიც მოგვიანებით - 2012 წლის 8 ივნისსა და 7 ივლისს შეცვლილ იქნა გირაოთი. პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 2014 წლის 12 მარტამდე, ვიდრე პროკურატურის დადგენილებით საქმის გამოძიება არ შეწყდა. ამდენად, აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში შპს-ს დირექტორებისა და იმავდროულად საწარმოს პარტნიორების მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა საქართველოს პროკურატურის უკანონო ქმედებებს, თუმცა მოცემული ორგანო საქმის განხილვაში ჩართული არ ყოფილა. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ობიექტური განხილვა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და საქმის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევაზე, რის გამოც, რაიონულ სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე უნდა ემსჯელა საქმეში პროკურატურის ჩართვის საჭიროებაზე და ყველა პირის ჩართულობით უზრუნველეყო საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა.
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“. კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში ჩართვის საჭიროების შესახებ და მიუთითა, რომ პროკურატურა არ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, გაურკვეველია რა სახით შეიძლება შეეხოს სასამართლოს მისაღები გადაწყვეტილება მთავარ პროკურატურას. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც თანხის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტს და არა მთავარ პროკურატურას. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება. საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროების შესახებ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს მთავარი პროკურატურა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული უწყება არ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომელიც არსებობს შპს „...სა“ და მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება საქართველოს გენერალური პროკურატურა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის 12 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგები - 2012 წლის 12 ივლისის აუქციონის მომწყობი კომისიის ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №17 და ოქმის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის 13 აგვისტოს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №16; ახალციხის მუნიციპალიტეტს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 900 000 ლარის გადახდა, ასევე, 478 333 ლარის და 2015 წლის 12 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ყოველწლიურად 1 900 000 ლარის 10 პროცენტის გადახდა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ახალციხის მუნიციპალიტეტს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 478 333 ლარის, ასევე, 2015 წლის 12 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 1 900 000 ლარის 10%-ის გადახდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის შპს „...ს“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 478333 ლარის და 2015 წლის 12 მაისის შემდგომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 1 900 000 ლარის გადახდამდე ზიანის ანაზღაურების სახით ამ თანხის ყოველწლიური 10%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების შეცვლის ნაწილში, კერძოდ, მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომლის დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ უტყუარად ვერ იქნა დასაბუთებული, რომ საწარმოს მიერ თანხა განთავსებული იქნებოდა საბანკო ანგარიშებზე. წარმოდგენილი სარჩელიც არ შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც სავარაუდო იქნებოდა 2012 წლის ივლისში შპს „...ს“ მიერ 1 900 000 ლარის საბანკო ანგარიშზე განთავსების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...მა“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
კასატორი შპს „...“ მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განსხვავდება ჩვეულებრივი, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისაგან. შპს „...ს“ არ სურდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა, მისი მიზანი არ იყო 8000 ლარად შეფასებულ ქონებაში 1 900 000 ლარის გადახდა, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზეა, რადგან საწარმოს ეს თანხა უნდა მიემართა მოგების მიღების მიზნით, მათ შორის, საბანკო ანაბარზე განთავსების გზით. აუქციონში გადახდილი თანხის გამოყენების შეუძლებლობა მეწარმე სუბიექტისათვის მიიჩნევა, როგორც ამ თანხის ბრუნვის შედეგად მისაღები შემოსავლის დაკარგვის საფუძველი იმის გათვალისწინებით, რომ ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საშუალება და მეწარმის მიერ მისი ფლობა ქმნის ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელებით სარგებლის მიღების უპირობო ვარაუდს. მოპასუხეთა ქმედების შედეგად, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული სიკეთე მომგებიანად ვერ გამოიყენა. შპს „...“ აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის მოცულობის დადგენისათვის გადამწყვეტია არა დაზარალებულისთვის ზიანის მიყენების, არამედ ზიანის წყაროს თავისი შედეგებითურთ აღმოფხვრის მომენტი, ვინაიდან მიუღებელი შემოსავალი არ დგება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, არამედ მისი მოცულობა იზრდება ზიანის მომტანი ქმედების შედეგების სრულ გამოსწორებამდე.
კასატორი ადმინისტრაციული ორგანოები, პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციული ორგანო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ დაადგენდა წარმომადგენლად გამოცხადებული პირის შესაძლო არაუფლებამოსილების ფაქტს. სასამართლომ უგულებელყო შპს „...ს“ წესდების 6.6 პუნქტი, სადაც განხილულია ის შემთხვევაც, როდესაც კრების მოწვევა არ არის აუცილებელი საერთო კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის დროსაც. ამ გარემოების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, ეჭვქვეშ დაეყენებინა წარმომადგენლობის უფლებამოსილების ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანოები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა სადავო დოკუმენტის არაუფლებამოსილი პირის მიერ დადების და ადმინისტრაციული ორგანოსათვის აღნიშნული ინფორმაციის ინფორმირების ფაქტი. კასატორები ასევე არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას სამართლებრივ ურთიერთობაში მუნიციპალიტეტის არაკეთილსინდისიერებასა და მხარესთან ამორალური გარიგების დადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხარის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს არცერთი ქმედება არ შეიცავდა იძულებით ნიშნებს. აუქციონის ჩატარებისას რაიმე სახის პროცედურული დარღვევა არ გამოვლენილა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ ჩატარებული აუქციონი და მისი შედეგი - საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ს“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ შპს „...“ რეგისტრირებულია 1996 წლის 28 მარტს, იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ. №.../...; წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირები არიან დ.მ-ი და ზ.ი-ე. 2012 წლის 5 ივლისის მდგომარეობით საზოგადოების პარტნიორები არიან: ზ.ი-ე - წილი 2%, დ.მ-ი - წილი 2%, ზ.მ-ი - წილი 2%, შპს „გ...ის“ - წილი 94%.
შპს „...ს“ წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. კრებაზე პარტნიორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება საწესდებო კაპიტალში მათი წილის პროპორციულად; პარტნიორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრებიან პარტნიორები, რომელთაც აქვთ ხმების 100%; თუ კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმ დღის წესრიგით კვლავ მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, თუ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა. კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა დამსწრე ხმების 100%-მა. პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ექსპლუატაცია.
დადგენილია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2012 წლის 21 ივნისს გამოაცხადა ღია აუქციონი, აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 121 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ...ის შენობა. საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვრა 8000 ლარით. 2012 წლის 12 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიას განცხადებით მიმართა შპს „...ს“ წარმომადგენელმა მ.ფ-მა და ითხოვა სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 121 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული ...ის შენობის აუქციონში მონაწილეობის მიღება. მუნიციპალიტეტში შპს „...მა“ წარადგინა განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ასევე წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მინდობილობა, პირადობის მოწმობის ასლი, გადახდის ქვითარი, ბილეთის გადახდის ქვითარი. რწმუნებულებით შპს „...ს“ დირექტორი დ.მ-ი უფლებამოსილებას ანიჭებდა მ.ფ-ის, მონაწილეობა მიეღო უძრავი ქონების შეძენის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში. ასევე განცხადებაზე თანდართული საგადახდო დავალების თანახმად, 2012 წლის 12 ივლისს მ.ფ-ის მიერ გადახდილია ბილეთის ღირებულება 50 ლარი, ხოლო 2012 წლის 4 ივლისს დ.მ-ის მიერ გადახდილია 720 000 ლარი, ასევე 2012 წლის 5 ივლისს დ.მ-ის მიერ გადახდილია 280 000 ლარი, ჯამში 1 000 000 ლარი, დანიშნულებით - აუქციონის წესით გასაყიდი ქონება, მიმღები - ახალციხის მუნიციპალიტეტი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 27 ივნისს დ.მ-ის სახელით აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე უზრუნველყოფის სახით შეტანილი 990 000 ლარიდან 2012 წლის 29 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიმართვით, 900 000 ლარი გადაირიცხა ახალციხის მუნიციპალიტეტში ბეს სახით.
დადგენილია, რომ 2012 წლის 12 ივლისს ჩატარდა აუქციონი, რომელზეც გატანილი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 121 კვ.მ და მასზე დამაგრებული ...ის შენობა, რომლის პრივატიზებაზე შესულია შპს „...ის“ (წარმომადგენელი მ.ფ-ი) განცხადება. ობიექტის ღირებულება შეადგენს 8000 ლარს, შპს „...ის“ ბეს სახით ჩარიცხული აქვს 1 000 000 ლარი. აუქციონში მონაწილე შპს „...ს“ რწმუნებულმა პირმა მ.ფ-მა დაფის აწევით განაცხადა თანხმობა ობიექტის შეძენაზე და განაცხადა, რომ აღნიშნულ ობიექტში იხდის 1 900 000 ლარს. დადგენილია, რომ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „...“.
2012 წლის 13 აგვისტოს №16 საკუთრების უფლების მოწმობის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2012 წლის 12 ივლისის №17 ოქმის საფუძველზე, შპს „...ს“ საკუთრებაში გადაეცა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 121 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ...ის შენობა.
განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილი სარჩელის ფარგლებში, შპს „...მა“ მოითხოვა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წლის 12 ივლისს, 17:00 სთ-ზე გამართული აუქციონის შედეგების, კონკრეტულად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №17 ოქმისა და ამ ოქმის საფუძველზე, 2012 წლის 13 აგვისტოს გაცემული №16 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „...სთვის“ 1 900 000 ლარის დაბრუნება, მიყენებული ზიანის - 478 333 ლარის და 2015 წლის 12 მაისის შემდგომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 1 900 000 ლარის გადახდამდე შპს „...ს“ სასარგებლოდ ამ თანხის ყოველწლიური 10%-ის გადახდის დავალება.
სასამართლო მიუთითებს სადავო აუქციონის ჩატარების პერიოდში მოქმედ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. დასახელებული კანონის მე-10 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის სახელით ახორციელებენ ქონებრივ უფლებებს. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეული თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავს ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამავე კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. დასახელებული მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის (აუქციონის ჩატარების პერიოდში მოქმედი რედაქცია) 193 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან გადაიხადოს ბე. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.
სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 02.08.2021 №875 კანონით 01.01.2022 წლიდან) მე-9 მუხლის 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.
საკონსტიტუციო სასამართლომ 29.01.2014წ. №1/1/543 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „გარიგება, რომელიც დადებულია საწარმოს ხელმძღვანელის/წარმომადგენლის მონაწილეობით, როგორც წესი, უნდა გათანაბრდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებში დადებულ გარიგებასთან. კეთილსინდისიერ კონტრაგენტს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გაერკვეს, მართლაც აქვს თუ არა წარმომადგენელს კონკრეტული გარიგების დადების უფლებამოსილება. ამგვარად, სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი კონტრაგენტის ინტერესების დაცვის მიზნით, სანამ საპირისპირო დადასტურდება, უნდა არსებობდეს პრეზუმფცია, რომ კონტრაგენტმა არ იცოდა შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ“ (§21); ამასთან, „წარმომადგენლის შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ „ცოდნა“, რომელიც შემდგომ შესაძლოა გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს, გულისხმობს არა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, არამედ კონტრაგენტის მიერ ინფორმაციის ფაქტობრივ ფლობას, გარიგების დადების მომენტისთვის კონტრაგენტის ხელთ არსებულ ინფორმაციას. ნორმა არ გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც კონტრაგენტს „შეეძლო სცოდნოდა“ უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ“ (§24); „ნორმაში სიტყვა „იცოდა“ მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონტრაგენტი ინფორმირებული იყო უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. მაგალითისთვის, აქ შესაძლოა მოაზრებული იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც კონტრაგენტს უშუალოდ მეწარმისგან (მისი პარტნიორებისგან) აქვს მიღებული შეტყობინება/ინფორმაცია ხელმძღვანელის/წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. თუ ამგვარი შეტყობინების მიუხედავად, კონტრაგენტი მაინც დადებს გარიგებას, ასეთი გარიგება შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი“ (§26); „საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, მეწარმე არათანაზომიერად არ უნდა იყოს შეზღუდული უფლებაში, მოითხოვოს გარიგების ბათილობა, თუ მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვა არ იწვევს ეჭვს და კონტრაგენტისთვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იყო, რომ წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი, დაედო გარიგება“ (§43); „კონტრაგენტი, მართალია, არ არის ვალდებული, ამოწმოს წესდება ან სხვა შიდაკორპორაციული დოკუმენტები და დაადგინოს ნამდვილად შეუზღუდავია თუ არა დირექტორის უფლებამოსილება დადოს კონკრეტული გარიგება, მაგრამ თუ მისთვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილი გახდება (მაგალითად, მეწარმისგან (პარტნიორისგან) მიღებული შეტყობინების შედეგად) წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ და მაინც დადებს გარიგებას, კონტრაგენტი არ ჩაითვლება ბრუნვის კეთილსინდისიერ მონაწილედ“ (§45).
საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული მასალების გაანალიზების შედეგად, შპს „...ის“ სახელით უძრავი ქონების შესაძენად იკვეთება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გადაწყვეტილებაუნარიანი პარტნიორთა კრების მიერ, დამსწრეთა ხმების 100%-ით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, შპს-ის წარმომადგენლის მეშვეობით ხელშეკრულების დადებისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენდა წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილების არსებობა - დაედო ესა თუ ის გარიგება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სადავო აუქციონის გამოცხადების შესახებ განაცხადის თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველს აუქციონის რეგისტრატორისთვის სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარედგინა განცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება. ამდენად, წესდების წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო გასცნობოდა წესდებით გათვალისწინებულ რეგულაციას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „...მა“ სააუქციონო კომისიას მიაწოდა როგორც ამონაწერი, ასევე წესდებაც, რომელშიც მითითებული იყო დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილება პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე უძრავი ქონების შეძენაზე. იმ პირობებში, როდესაც წესდებაში მითითებული იყო საზოგადოების პარტნიორების ვინაობა, მათი წილობრივი მონაცემები, ასევე ინფორმაცია საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოს - პარტნიორთა კრების შესახებ და უძრავი ქონების შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ ისე დაუშვა აუქციონზე შპს „...ს“ წარმომადგენელი, რომ სათანადო შეფასება არ მისცა იმას, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი შპს „...ს“ წარმომადგენელი, მონაწილეობა მიეღო გამოცხადებულ აუქციონში მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება აუქციონში მონაწილეობის მიღებისა და უძრავი ქონების შეძენის შესახებ პარტნიორთა კრებაზე მიღებული არ ყოფილა.
საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, მიუთითოს მოსარჩელე საწარმოს წესდების 6.6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული პუნქტი აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც საერთო კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები შეიძლება გადაწყდეს კრების მოწვევის გარეშე, რა დროსაც სავალდებულოა არსებობდეს ყველა პარტნიორის წერილობითი თანხმობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. წესდების აღნიშნული დანაწესი ვერ გამოდგება დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ მოპასუხეთა არაინფორმირებულობის დასტურად და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოთა მითითება წესდების აღნიშნულ პუნქტზე, საფუძველს მოკლებულია. ამრიგად, საკასაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა შპს „...ს“ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება უძრავი ქონების შეძენის თაობაზე, მ.ფ-ი არ იყო უფლებამოსილი კომპანიის სახელით მონაწილეობა მიეღო აუქციონში და შეეძინა უძრავი ქონება. აღნიშნული უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ დასტურდებოდა აუქციონის შესახებ განაცხადზე წარდგენილი დოკუმენტაციით, რომლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, მ.ფ-ისათვის მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველო სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
დადგენილია, რომ 2012 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „...ს“ დირექტორებს - დ.მ-ის და ზ.ი-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. 2012 წლის 8 ივნისის განჩინებით ბრალდებულ დ.მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, ხოლო 2012 წლის 7 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ზ.ი-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. აღნიშნულ პირთა პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, 2012 წლის 21 ივნისს გამოცხადდა აუქციონი და 2012 წლის 12 ივლისს გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „...“. აღსანიშნავია, რომ გარიგების დადების დროისათვის შპს „...ს“ დირექტორების მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელიც შეწყდა აუქციონში შპს „...ს“ გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, 2013 წელს. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასი იყო 8000 ლარი, ხოლო „ ბიჯის“ ოდენობა განისაზღვრა საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 10% ოდენობით, ანუ 800 ლარით, აუქციონზე კი წარდგენილი იყო მხოლოდ შპს „...ს“ (წარმომადგენელი მ.ფ-ი) განცხადება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ობიექტის 1 900 000 ლარად მონაწილისთვის მიყიდვა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ასეთი გარიგების მორალურ გარიგებად განხილვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აუქციონი არ მიმდინარეობდა კონკურენტულ გარემოში და ამგვარ ვითარებაში აუქციონზე გატანილ ქონებაში 1 900 000 ლარის გადახდა არ შეესაბამება აუქციონის წესსა და პირობებს. ადმინისტრაციულ ორგანოებს კი არ წარმოუდგენიათ 8000 ლარად შეფასებული ქონების შპს „...ს“ მიერ 1 900 000 ლარად შეძენის განზრახვის დასაბუთების თაობაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 27 ივნისს დ.მ-ის სახელით აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე უზრუნველყოფის სახით შეტანილი 990 000 ლარიდან 2012 წლის 29 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიმართვით, 900 000 ლარი გადაირიცხა ახალციხის მუნიციპალიტეტში ბეს სახით, დანიშნულებით - აუქციონის წესით გასაყიდი ქონება. ამასთან, 2012 წლის 4 ივლისს დ.მ-ის მიერ გადახდილია 720 000 ლარი, 2012 წლის 5 ივლისს კი - 280 000 ლარი, ჯამში 1 000 000 ლარი, დანიშნულებით - აუქციონის წესით გასაყიდი ქონება, მიმღები - ახალციხის მუნიციპალიტეტი. საყურადღებოა, რომ აუქციონი გაიმართა 2012 წლის 12 ივლისს, ანუ ახალციხის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე თანხა 1 900 000 ლარის ოდენობით სრულად იქნა შეტანილი აუქციონის გამართვამდე, რაც შემდგომ, აუქციონზე შპს „...ს“ წარმომადგენლის მიერ პირდაპირ დასახელდა ქონების შესაძენ თანხად.
რაც შეეხება შპს „...ს“ ნებელობას მის მიერ აუქციონის გზით შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ აუქციონზე გატანილი ქონების შეძენა არ გამოხატავდა შპს „...ს“ ნამდვილ ნებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილებაზე („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება (საქართველოს კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციის მე-19 მუხლი) გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივი უფლებების განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის საფუძველს. სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, გაუმართლებლად არ შეზღუდოს თავისუფალი ნების საფუძველზე შეთანხმების დადების უფლება და შექმნას ამგვარი შეთანხმებების აღსრულების სათანადო გარანტიები (§15). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც პირის რთული, გამოუვალი მდგომარეობით არის განპირობებული, მართლსაწინააღმდეგოა თავისი არსით. შეუსაბამოა კონსტიტუციით დადგენილ ნორმებთან და პრინციპებთან, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით დადგენილ წესრიგთან ისეთი გარიგება, როდესაც ხელშემკვრელი მხარე თავად ხელშეკრულებაზე თანხმობას არა რაციონალური მოსაზრებებით, არამედ ზეწოლის, იძულების შედეგად თანხმდება. გარიგების მხარეებს რეალური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განსაზღვრონ გარიგების პირობები, მისი ფასი და შინაარსი სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც არსებობს გარემოებები, რომელიც აშკარად და დასაბუთებულად მიუთითებს, რომ ფასზე, ან გარიგების რაიმე სხვა პირობაზე შეთანხმება არ იყო მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგი (§67). ცხადია, არ არის გამორიცხული, რომ გარიგება შეიძლება შეიცავდეს ისეთ პირობებს, რომელიც ერთი შეხედვით თავისუფალი ნების შედეგს წარმოადგენს, თუმცა თავისი არსით წინააღმდეგობაში იყოს ადამიანის თავისუფლების, მისი ნების ავტონომიის არსთან, იყოს შეცდომაში შეყვანისა თუ ნდობის ბოროტად სარგებლობის შედეგი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჭიროა დადასტურდეს იმ გარემოებების არსებობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს გარიგების ერთ-ერთი მხარის იძულებაზე, მის შეცდომაში შეყვანაზე და ა.შ. (§51). საბაზრო ურთიერთობების „სუსტი მხარის“ დაცვის საჭიროება, მისთვის დამატებითი სამართლებრივი გარანტიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კანონმდებლის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი მოითხოვს, რომ დაცული იყოს საბაზრო ურთიერთობების (კერძოსამართლებრივი ურთიერთობების) „სუსტი მხარე“, რათა არ მოხდეს მისი იძულება თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს გადაწყვეტილება (§66).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს (ევროპული სასამართლოს 2004 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Gusinskiy v. Russia, App. No. 70276/01).
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვეთილი ფაქტობრივი მოცემულობა წარმოშობს აუქციონის წესით ქონების შეძენისას მოსარჩელის ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული, რომ აუქციონის გამართვისას მუნიციპალიტეტი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოქმედებდა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აუქციონის შედეგები - აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №17 ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე, 2012 წლის 13 აგვისტოს გაცემული საკუთრების უფლების №16 მოწმობა. შესაბამისად, ასევე მართებულია ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის შპს „...ს“ სასარგებლოდ 1 900 000 ლარის გადახდის დაკისრება.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოსალოდნელ მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, განაცდურ ქონებრივ ნამეტს, რომელიც შესაძლოა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედის. სავარაუდოა შემოსავალი, რომლის მიღებაც მოსალოდნელი იყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.).
პალატა განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს და მისი ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არ მოხდეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (სუსგ №ას-945-895-2015, 14.03.2016წ.). გასათვალისწინებელია, რომ ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს (სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019წ.). მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ამრიგად, მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დაცვით უნდა უზრუნველეყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა და ამგვარი ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობის დადასტურება. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა პირის სუბიექტური შეფასებით (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.), მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რომლებიც შექმნიდა შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან (სუსგ №ბს-364(კ-23), 18.03.2024წ.).
ამ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, რაც მოცემულ შემთხვევაში მან ვერ დაძლია. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორი შპს-ს პოზიციას საბანკო ანაბარზე თანხის განთავსებისა და ამ გზით სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ უტყუარად ვერ იქნა დასაბუთებული საწარმოს მიერ თანხის საბანკო ანგარიშებზე განთავსების თაობაზე. წარმოდგენილი სარჩელიც არ შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც სავარაუდო იქნებოდა 2012 წლის ივლისში შპს „...ის“ მიერ 1 900 000 ლარის საბანკო ანგარიშზე განთავსების შესაძლებლობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასევე მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 25 ნოემბერს მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება. ხსენებული განჩინებით საკასაციო პალატამ საქმის მასალების, სარჩელისა და საკასაციო საჩივრის პრეტენზიების, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაცნობის შედეგად, გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროების შესახებ და აღნიშნა, რომ საქმის ობიექტური განხილვა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად დადგენა და საქმის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევაზე, რადგან მოსარჩელის არგუმენტაციის თანახმად, სწორედ პროკურატურის მონაწილეობით მიმდინარეობდა აუქციონზე ქონების შეძენის მიზნით განხორციელებული პროცესები. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნაც პროკურატურის გადაწყვეტილების შესაბამისად შეწყდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმეში პროკურატურის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არასრულად იყო დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, უგულებელყოფილი - შპს „...ის“ პარტნიორთა დაკავების ფაქტი, მათ მიმართ მიმდინარე გამოძიება, არ იყო გამოკვლეული ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ნასყიდობის ფასის გადახდის თარიღები და საფუძველი. აგრეთვე, შეფასებას საჭიროებდა მოსარჩელის არგუმენტები აუქციონის ჩატარების წესის დარღვევასთან შპს „...ის“ სახელით აუქციონში მონაწილე პირის უფლებამოსილებასთან მიმართებით. პალატის მითითებით, დ.მ-ისა და ზ.ი-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობა არ გამორიცხავდა ჩატარებული აუქციონის კანონიერებაზე მსჯელობის შესაძლებლობას, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი საქმიანობის კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული დავის საგანს შეადგენდა. მართალია, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ, კანონიერ ძალაში მყოფ განაჩენს შეუძლია გამოიწვიოს საქმის გამარტივებული წესით განხილვა, თუმცა ასეთის არარსებობა არ ნიშნავს სარჩელის აღძვრის შეუძლებლობას, ასეთი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსათუოდ უარის თქმას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საქმეზე საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული მითითებები სწორად იქნა გათვალისწინებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, ხოლო სადავო საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს შპს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ მის საკასაციო საჩივარზე 29.07.2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ის“ (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;
3. შპს „...ის“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.07.2025წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე