დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-79-5(ა-26) 18 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიზო უბილავა, თამარ ოქროპირიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა გ.ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის №ბს-685-677(კ-15) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტლება დარჩა უცვლელად. აღნიშნული განჩინება გ.ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა გ.ბ-ის შუამდგომლობა საქმეში მხარედ მთავარი პროკურატურის ჩართვისა და საქართველოს პარლამენტიდან მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე; წარმოებაში იქნა მიღებული გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე - №ბს-685-677(კ-15), გ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინება.
2026 წლის 20 თებერვალს გ.ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის №ბს-685-677(კ-15) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გ.ბ-ის მიერ 2026 წლის 20 თებერვალს წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ.ბ-ის 2026 წლის 20 თებერვლის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
იმავე კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს;
თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რასაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიძლება ემყარებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, გ.ბ-ის განცხადება არ ემყარება არც ერთ ზემოთმითითებულ საფუძველს. ამასთან, გ.ბ-ე ითხოვს არა შემაჯამებელი გადაწყვეტილების, არამედ პროცესუალურ საკითხზე მიღებული შუალედური განჩინების გაუქმებას, რაც ასევე არ ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ფარგლებში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მოცემულ საქმეზე როგორც შუალედური, ისე საბოლოო განჩინების გამოტანიდან გასულია 10 წელზე მეტი, რაც აგრეთვე დამატებით ქმნის გ.ბ-ის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 426-ე, 427-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის №ბს-685-677(კ-15) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ.ბ-ის 2026 წლის 20 თებერვლის განცხადება, დაუშვებლობის მოტივით დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. უბილავა
თ. ოქროპირიძე