არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-85 (კს-26) 31 მარტი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.გ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2025 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2025 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. განჩინება ეფუძნება შემდეგს: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2025 წლის გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს, ბ.კ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა თანამშრომელს 13.10.2025 წელს. შესაბამისად, მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 27.10.2025 წელს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 03.12.2025 წელს, გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2025 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელებას ან აღდგენას კრძალავს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილიც. ამდენად, მხარე ვალდებულია საპროცესო მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა (შდრ. სუსგ Nბს-238 (კს-25), 03.07.2025წ.).
10. სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2025 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დასტურდება, რომ მოსარჩელეს განემარტა სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ყველა რეკვიზიტი.
11. სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
12. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
13. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2025 წლის გადაწყვეტილების ასლი დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ბ.კ-ეს და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაჰბარდა 13.10.2025 წელს (იხ. მინდობილობა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, ტ,1, ს.ფ. 283-286, ტ.2, ს.ფ. 34,35; გზავნილის ჩაბარების დასტური, ს.ფ. 60). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ.კ-ე, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14.03.2025 წელს გამართულ სხდომაზე უშუალოდ მონაწილეობდა საქმის განხილვაში და ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. 14.03.2025 წლის სხდომის ოქმი, ტ.2, ს.ფ 11-32).
14. ამდენად, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2025 წლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა უფლებამოსილ წარმომადგენელს და სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების 13.10.2025 წელს წარმომადგენლისათვის ჩაბარება მოსარჩელისთვის ჩაბარებად უნდა მივიჩნიოთ.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო ვადის ათვლის მიზნით სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ჩაბარების თარიღი. ვადის ათვლა იწყება აქტის იმ ჩაბარებიდან (მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის), რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა დაფიქსირებული (შდრ. სუსგ №ბს-454(კს-19), 16.01.2020წ; სუსგ №ბს-1068(კს-23), 01.02.2024წ.; სუსგ №ბს-174 (კს-26), 05.03.2026წ.).
16. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 14.03.2025 წლის გადაწყვეტილება 13.10.2025 წელს ჩაჰბარდა უფლებამოსილ წარმომადგენელს, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს სწორედ ამ თარიღიდან და ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება უკვე მოგვიანებით - 02.12.2025 წელს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, პირადად მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღს.
17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
18. ამდენად, 14.03.2025 წლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო მისი ჩაბარებიდან მომდევნო დღეს, 14.10.2025 წელს და ამოიწურა ამავე წლის 27 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილი იქნა მხოლოდ 03.12.2025 წელს (ტ.2, ს.ფ. 64), ანუ სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
19. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ №ას-299-284-2016, 22.04.2016წ., სუსგ №ბს-768 (კს-24), 18.06.2025წ.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.2025 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე