დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 11.03.2026
საქმის ნომერი
ბს-293(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-293(კ-24) 11 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ. ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 7 ივლისის №ს/შ-684-244 შემოწმების აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს №1 გადაწყვეტილება მოსარჩელე შ. ლ-ისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შეჩერების თაობაზე; გ) დაევალოთ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცენ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე შ. ლ-ისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის და შესაბამისი შემწეობის აღდგენის შესახებ; დ) დაევალოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, მოსარჩელე შ. ლ-ეს აუნაზღაუროს მიუღებელი შემწეობა, მისი შეჩერების დღიდან - 2020 წლის 1 აგვისტოდან აღდგენამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. ლ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ლ-ემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 7 ივლისის №ს/შ-684-244 შემოწმების აქტი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან ამ უკანასკნელს არ გააჩნია აქტისათვის დამახასიათებელი მოწესრიგების ელემენტი. ამასთან, თუ შემოწმების აქტს ჩავთვლით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, შესაფასებელია, რამდენად დაკმაყოფილდა ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმები. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2020 წლის 7 ივლისის შემოწმების აქტს საფუძვლად დაუდო რეცენზიები და საექსპერტო დასკვნა, რომელიც შესრულებულ იქნა ინტერესთა კონფლიქტში მყოფი პირების მიერ, რასაც მოწმობს №02/6700 (15/04/2022წ.) აქტი და მისი შინაარსი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტი, რომ არ მომხდარა 2020 წლის 7 ივლისის №ს/შ-684-244 შემოწმების აქტის შ. ლ-ისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობა - მოპასუხემ ვერ მიუთითა აქტის ჩაბარების თარიღი. შესაბამისად, მხარე თეორიულადაც კი, ვერ შეძლებდა იმას, რომ აქტით განსაზღვრულ კლინიკებში გამოცხადებულიყო საკონტროლო სამედიცინო-სოციალიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ „მიმართვა“ შ. ლ-ეს გაეგზავნა სააგენტოს მხრიდან, თუმცა არ მომხდარა „მიმართვის“ ჩაბარება და კანონით გათვალისწინებული წესით მისი ადრესატისათვის გაცნობა. როდესაც მოხდა შ. ლ-ის „განმეორებითი“ ინფორმირება, გამოცხადებულიყო საკონტროლო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად (2020 წლის 23 სექტემბრის 02/12301 წერილი), აღნიშნული წერილის შინაარსში არაფერი იყო ნათქვამი 2020 წლის 7 ივლისის №ს/შ-684-244 შემოწმების აქტზე. შესაბამისად, მოწინააღმდე მხარის არგუმენტი, რომ 2020 წლის 23 სექტემბრის წერილი ჩაბარდა შ. ლ-ეს, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შ. ლ-ე გაეცნო საფუძველს, რომლითაც მოხდა ექსპერტიზის დანიშვნის დავალდებულება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ 2020 წლის 23 სექტემბრის №02/12301 წერილის ჩაბარების ფაქტს და იმ შედეგს, რომ მოსარჩელეს სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის გადამოწმების მიზნით არ მიუმართავს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისთვის, რაც არსებითად მცდარია. სარჩელს თან ერთვის ლ. სამხარაულის ექსპერტიზისა და სტომატოლოგთა ასოციაციის კორესპონდენცია, შუამდგომლობები „დ...ისთვის“ და აგრეთვე, ...ში რეგისტრირებული ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ს...ისთვის“ მიმართვის შესახებ, რომელსაც მოსარჩელემ მოსთხოვა საექსპერტო დასკვნა. როგორც აღინიშნა რეგულირების სააგენტოს მიერ რეცენზიებისა და საექსპერტო დასკვნების შემდგენი პირები იმყოფებოდნენ ინტერესთა კონფლიქტში, შემოწმების აქტსაც სწორედ ეს გადაწყვეტილებები დაედო საფუძვლად. ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ოფიციალური კორესპონდენცია, სტომატოლოგთა ასოციაციის კორესპონდენცია და „დ...ის“ წერილობითი მტკიცებულება ცხადყოფს, რომ საქართველოში მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება, ჩაეტარებინა/ჩაუტარდეს ექსპერტიზა სპეციალისტების არყოლის გამო და ის იძულებული იყო პირადი ხარჯებით ექსპერტიზისთვის მიემართა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქართველოში სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე არაუფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებად ...ში რეგისტრირებული ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ს...ი“, შესაბამისად, მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევა არ მიიჩნია საექსპერტო დასკვნად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრებს გარეთ რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა არ შეესაბამება საქართველოში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოს საექსპერტო დასკვნის ქართული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისთვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისთვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - არ გაიზიაროს აპელანტის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის, არღვევს 1969 წლის ვენის კონვენციას „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“.

საკასაციო საჩივრის თანახმად, 2020 წლის 3 აგვისტოს №02/9846 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ შ. ლ-ე არ გამოცხადდა შემოწმებაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შ. ლ-ეს შეუჩერდა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით დანიშნული სოციალური შემწეობა. აღნიშნული აქტი არის უკანონო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ შ. ლ-ეს ჯერ კიდევ 10 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა გამოკვლევებისა და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებისათვის. ამასთან, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის აქტები, რომლებიც შ. ლ-ეს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. ასეთ პირობებში კი გაუგებარია, თუ რატომ შეჩერდა თანხის ჩარიცხვა 2020 წლის 1 აგვისტოდან. შ. ლ-ემ მიმართა პროფესიული განვითარების საბჭოს და რეგულირების სააგენტოს ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით 2019 წლის 21 იანვარს. ამის საპირისპიროდ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო არა საჩივარში განსაზღვრული მოთხოვნის განხილვა (შპს „ა...ის“ და მასში დასაქმებული ექიმების: ლ. ხ-ის, ზ. ლ-ის, გ. ყ-ის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა), არამედ შ. ლ-ისთვის განსაზღვრული „მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვა, საერთო დაავადება, უვადოდ” მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შ. ლ-ეს, შესაბამისი სოციალური-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №50082-2018/1 გადაწყვეტილებით დაენიშნა სოციალური პაკეტი (ტ. 2, ს.ფ 363-364, 366); ბ) შ. ლ-ემ, 2019 წლის 21 იანვარს საჩივრით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ითხოვა მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების ჯეროვნად შესრულების შემოწმება და შესაბამისი ექიმებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება (ტ.1, ს.ფ 110-123, 125-139); გ) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, შ. ლ-ისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის საფუძვლის გადამოწმებისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, რეცენზიისათვის მიმართა სსიპ ...ს. სსიპ ...ის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, მედიცინის დოქტორის რეცენზიის მიხედვით, შ. ლ-ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არ იყო საკმარისი იმ დიაგნოზის დადასტურებისათვის, რომელიც გახდა მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების საფუძველი. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2020 წლის 7 ივლისს გამოსცა შემოწმების აქტი, რომლითაც განსაზღვრა, რომ საჭირო იყო მოსარჩელე შ. ლ-ისათვის საკონტროლო, განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარება. იმავე აქტში განსაზღვრა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც შეიძლებოდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება - შპს „ო...ი“, შპს „კ...ი“ და შპს „ნ...ს“. ამასთან, გადამოწმების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 17 ივლისამდე (ტ.1, ს.ფ 166-167, 141-142); დ) შპს „ო...ის“, შპს „კ...ის“ და შპს „ნ...სის“ 2020 წლის 29 ივლისის ცნობების თანახმად, მოსარჩელე შ. ლ-ე არცერთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში არ გამოცხადებულა 2020 წლის 17 ივლისის ჩათვლით (ტ.2, ს.ფ 210, 211-212, 215); ე) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2020 წლის 23 სექტემბერს, წერილობით მიმართა შ. ლ-ეს, განუმარტა საქმის გარემოებები და მიუთითა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გადამოწმების მიზნით, მას უნდა გაევლო განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა იმავე მიმართვაში მითითებულ (შპს „კ...ი“ და შპს „ნ...ს“) რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში 2020 წლის 10 ოქტომბრამდე. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 23 სექტემბრის №02/12301 წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე შ. ლ-ეს ჩაბარდა 2020 წლის 24 სექტემბერს (ტ.1, ს.ფ 144-145, 147-151); ვ) შპს „კ...ის“ 2020 წლის 13 ოქტომბრის და შპს „ნ...ს“ 2020 წლის 12 ოქტომბრის ცნობებით დგინდება, რომ შ. ლ-ე დანიშნულ ვადაში (2020 წლის 10 ოქტომბრამდე) არ გამოცხადდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად (ტ.1, ს.ფ 162-163); ზ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2020 წლის 20 ოქტომბერს, წერილობით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობა, რომ შ. ლ-ე დანიშნულ ვადაში არ გამოცხადდა განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად (ტ.2, ს.ფ 347); თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შ. ლ-ეს შეუჩერდა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით დანიშნული სოციალური პაკეტი 2020 წლის 1 აგვისტოდან (ტ.2, ს.ფ 347, ტ.3, ს.ფ 106); ი) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №02/732 წერილით, შ. ლ-ეს, მისივე განცხადების (№2317, 15.01.2021) პასუხად, ეცნობა, რომ მის (ყბა-სახის პროფილის ქირურგის რეცენზენტის შეფასებით) სამედიცინო დოკუმენტაციაში დადგენილი მონაცემები არ არის საკმარისი დიაგნოზის დადასტურებისათვის. იგი ორჯერ იყო გამოძახებული დამატებითი გამოკვლევისა და განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. განმეორებით ექსპერტიზაზე გამოუცხადელობის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 2020 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი. ასევე, ეცნობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დასადგენად უნდა მიმართოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge. შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქმედი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, გადაწყდება შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის განსაზღვრის საკითხი (ტ.1, ს.ფ 253).

საკასაციო პალატა მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების სახეებია: ა) საარსებო შემწეობა; ბ) რეინტეგრაციის შემწეობა; გ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება; დ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება; ე) არაფულადი სოციალური დახმარება; ვ) სოციალური პაკეტი.

მითითებული კანონის 121 მუხლის თანახმად, (1) სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; (2) ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; ბ) მარჩენალის გარდაცვალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (1.1 მუხლი).

მითითებული წესის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლის მიხედვით, სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის, მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენება და მაძიებელთან/სოციალური პაკეტის მიმღებთან მიმოწერის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განხორციელება. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება; გ) სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა (1-ლი მუხლი).

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, (1) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობის სფერო და მოიცავს სამედიცინო–ბიოლოგიურ, სოციოლოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებს; (2) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა; (3) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წამყვან პოზიციად ითვლება განსაზღვროს პირის სამედიცინო და სოციალური სტატუსის დარღვევა ან მისი დაკარგვის ხარისხი, გამოავლინოს მათი შენარჩუნების უნარი და კომპენსაციურ-ადაპტაციური შესაძლებლობები, რომელთა რეალიზაცია ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომას.

ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრასა და სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალურ-საყოფაცხოვრებო, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. ლ-ეს, შესაბამისი სოციალური-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მიენიჭა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №50082-2018/1 გადაწყვეტილებით დაენიშნა სოციალური პაკეტი.

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, (1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლისას, ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ გამოვლინდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნა; (3) სააგენტოს უფლება აქვს, გადამოწმების მიზნით გამოიძახოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი; (4) პირს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უჩერდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედება.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2020 წლის 7 ივლისს გამოსცა შემოწმების აქტი, რომელშიც აღინიშნა, რომ მოსარჩელის ანამნეზური მონაცემები არ შეიცავს ინფორმაციას დაავადების მიმდინარეობის შესახებ, არ არის შეფასებული სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგები, რის გამოც განსაზღვრა, რომ საჭირო იყო მოსარჩელე შ. ლ-ისათვის საკონტროლო, განმეორებითი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარება. იმავე აქტში მიეთითა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც შეიძლებოდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება - შპს „ო...ი“, შპს „კ...ი“ და შპს „ნ...ს“. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა შემოწმებაზე და ამასთან, არ მიუთითებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ს...ის“ სპეციალისტების დასკვნა არ ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს და არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ შ. ლ-ეს ჰქონდა გადამოწმების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებში გამოცხადების ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც ქმნიდა მისთვის სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი და მისთვის სოციალური პაკეტის შეჩერება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

რაც შეეხება შ. ლ-ის შუამდგომლობას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 15 აპრილის N5002175025 წერილის საქმეზე დართვის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების კვლევა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც მითითებული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა