დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-57(კ-26) 20 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ზ.მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ზ.მ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ.მ-ს შორის 2011 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული №114 კონტრაქტი, რომლის საერთო ვადა შეადგენდა 9 წელს. ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენდა ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომლებიც მისი მიზეზით იყო გამოწვეული, მას წარმოეშობოდა ვალდებულება გადაეხადა ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 27 იანვრის №78469 პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის №1709 ბრძანებით, მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ხოლო მისი ნამსახურობის ვადამ შეადგინა 8 წელი, 4 თვე და 22 დღე. სარჩელში ასევე მითითებულია, რომ „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №238 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც ზ.მ-ისთვის დაკისრებული ჯარიმა 28 000 ლარი შემცირდა 5000 ლარამდე, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ფინანსური ვალდებულება არ შეუსრულებია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ზ.მ-ის კუთვნილ წილს უძრავ ქონებაზე, მდებარე: გორის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ერთეული ..., ს.კ. ... და ს.კ. ..., ზ.მ-ის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, ... ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... მოთხოვნის 5000 ლარის ფარგლებში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ზ.მ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. უსწორობის გასწორების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის №3-211-20 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „2. მოპასუხე ზ.მ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით“.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ.მ-ს შორის 2011 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული №114 კონტრაქტი. კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ვადა მოიცავდა: პირობით სწავლის პერიოდში მსმენელად ყოფნის შემდგომი პერიოდის და შემდგომი სამხედრო სამსახურის ვადის (6 წელს) ჯამს. 2.1.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საერთო ვადა შეადგენდა 9 წელს (I ეტაპი 3 წელი, II ეტაპი 6 წელი). კონტრაქტის მოქმედება იწყებოდა მსმენელად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნებოდა მხოლოდ ნამსახურები წლები. აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვებოდა სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით იყო გამოწვეული, მას წარმოეშობოდა ვალდებულება გადაეხადა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და ამასთანავე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის ვალდებულება.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №238 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც ზ.მ-ის ჯარიმა 28 000 ლარი შემცირდა 5000 ლარამდე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ.მ-ი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. ამდენად, ზ.მ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 8 წელს, 4 თვეს და 22 დღეს, რაც სასამართლომ მოპასუხისთვის 5000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების წინაპირობად მიიჩნია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ზ.მ-ის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას (... ..., სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.მ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი; ზ.მ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარებოდა შემცირებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხესთან დადებული კონტრაქტი შეწყდა ზ.მ-ის პირადი პატაკის გამო, კონკრეტულად მას აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. ამდენად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. შესაბამისად, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს მითითებით, ჯარიმის 5000 ლარით განსაზღვრა იყო უკიდურესად მძიმე, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებდა სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდიდა კონტრაქტორზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირება 1000 ლარამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ჯარიმის შემცირება დასაბუთებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით, თუმცა გადაწყვეტილებით სადავოდ არ იყო გამხდარი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.
კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასებულიყო სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების საკანონმდებლო შესაძლებლობის არსებობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ №ას-1171-1116-2014, 02.02.2015წ., №ას-1284-1226-2013, 24.03.2014წ., ბს-778(კ-22), 29.09.2022წ.) მითითებით აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ჯარიმა). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად მისი ოდენობა, გამოთვლის წესი და სხვა, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ხოლო რაც შეეხება კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), იგი ექვემდებარება გამოყენებას, იმის მიუხედავად, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ ის ექვემდებარება აუცილებელ გამოყენებას.
კასატორი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, აგრეთვე „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა კანონისმიერი ჯარიმა, რომლის ოდენობაც პირდაპირ არის დადგენილი ნორმატიული აქტით, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ჯარიმის სასამართლოს მიერ შემცირება არ არის კანონშესაბამისი. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ სახით დატოვება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ვისაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის სრული მოცულობის ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.მ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი; ზ.მ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო ზ.მ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ზ.მ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია ზ.მ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის წლის №3203 ბრძანებით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მიღებულ იქნა ზ.მ-ი და 2011 წლის 19 სექტემბრიდან ჩაითვალა გაწვეულად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“. თავდაცვის სამინისტროსა და ზ.მ-ის შორის 2011 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული №114 კონტრაქტი.
ზემოაღნიშნული კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ვადა მოიცავდა: პირობით სწავლის პერიოდში მსმენელად ყოფნის შემდგომი პერიოდის და შემდგომი სამხედრო სამსახურის ვადის (6 წელს) ჯამს. 2.1.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საერთო ვადა შეადგენდა 9 წელს (I ეტაპი 3 წელი, II ეტაპი 6 წელი). კონტრაქტის მოქმედება იწყებოდა მსმენელად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნებოდა მხოლოდ ნამსახურები წლები. აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვებოდა სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენდა ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით იყო გამოწვეული, მას წარმოეშობოდა ვალდებულება გადაეხადა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და ამასთანავე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის ვალდებულება. „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №238 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც ზ.მ-ის ჯარიმა 28 000 ლარი შემცირდა 5000 ლარამდე.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 თებერვლის №1709 ბრძანებით, მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. ზ.მ-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 27 იანვრის №78469 პირადი პატაკი. ამდენად, დადგენილია, რომ ზ.მ-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადამ შეადგინა 8 წელი, 4 თვე და 22 დღე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2021 წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ.მ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (იხ. სუსგ 11.07.2012წ. საქმე №ბს-175-173(კ-12) და სხვ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 06.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ 02.02.2015წ. საქმე №ას-1171-1116-2014).
როგორც უკვე აღინიშნა, 2011 წლის 19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ.მ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), შესაბამისად, მითითებული კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია. აღნიშნულ მსჯელობას ასევე ადასტურებს ამჟამად მოქმედი თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს.
პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ზ.მ-ის პირადი პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ, მართალია, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს სახის – ჯარიმის ოდენობა, მაგრამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების (დარჩენილი ნამსახურობის ვადის) გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა