გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1016 (კ-25) 4 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს. ჰ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. ჰ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 7 აგვისტოს №1000963007 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ჰ-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე.
სარჩელის თანახმად, ს. ჰ-იმ 2024 წლის 12 ივლისს განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 7 აგვისტოს №1000963007 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ არსებობდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად არღვევს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჰყავს მეუღლე, რომლის საკუთრებაში არის 2 უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. თბილისი, ... ქ. №44-ში მდებარე 78 კვ.მ ფართი და 61.44 კვ.მ ფართი. მეუღლეს არაერთხელ აქვს მიღებული ბინადრობის ნებართვა. მათ ჰყავთ შვილი, რომელიც წლებია ცხოვრობს საქართველოში და მის მიმართაც არაერთხელ გაიცა ბინადრობის ნებართვა, ასევე, მოსარჩელის შვილიშვილი საქართველოში იღებს განათლებას ქართულ ენაზე და მის მიმართაც გაცემულია სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2029 წლის 3 თებერვლამდე. ბავშვი სწავლობს №... საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს აქვს რეალური და კანონისმიერი საფუძველი - ჰქონდეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, გააგრძელოს ცხოვრება და თავისუფალი მიმოსვლა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ მისი მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მისი მომზადების და გაცემის წესი, არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 7 აგვისტოს №1000963007 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ჰ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და ს. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ჰ-ის მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სააპელაციო საჩივრის და მისი განხილვის თარიღის შესახებ, შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე, არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა წერილობითი პოზიცია და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც იმ დროისათვის მოსარჩელის მიმართ არსებობდა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე მატერიალური სამართლის ნორმები არსებითად არასწორად განიმარტა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 7 აგვისტოს №1000963007 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის უგულებელყოფით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახვა ვერ ჰპოვა კანონის აღნიშნულმა მუხლმა, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, ვინაიდან გამოკვლეული და ურთიერთშეჯერებული არ იქნა მოსარჩელის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 7 აგვისტოს №SSG 2 24 00176276 წერილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მხედველობაში არ მიიღო ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოსარჩელეს დღემდე მრავალჯერ აქვს მიღებული ბინადრობის ნებართვა უპრობლემოდ, კერძოდ, 2020 წლის 13 იანვრამდე, 2020 წლის 17 დეკემბრამდე და 2021 წლის 28 ნოემბრამდე. ასევე, ვიდრე მოსარჩელე მიიღებდა გასაჩივრებულ უარყოფით გადაწყვეტილებას, მან მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით 2023 წლის 4 სექტემბერსაც, თუმცა 2023 წლის 22 სექტემბრის №10009061/7 გადაწყვეტილებით მიიღო უარყოფითი დასკვნა, რაც გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმის დეტალური შესწავლისა და ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევა/ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და კვლავ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამასთან, სააგენტომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო იგივე (შაბლონური) მიზეზით, რაც მნიშვნელოვნად არღვევს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.
საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად. მას ჰყავს მეუღლე - ა. ს. მ-ამ, რომელსაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდა 2025 წლის 11 ივლისამდე (ამჟამად გაკეთებული აქვს ახალი განაცხადი და პასუხის მოლოდინის ეტაპზეა) და მის საკუთრებაში დღემდე არსებობს 2 უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ... ქუჩა №44. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს კანონისმიერი საფუძველი ჰქონდეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა და თავისუფალი მიმოსვლა ქვეყანაში, სადაც გააჩნია უძრავი ქონება და ჰყავს ოჯახი. ამჟამად, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა საქართველოში ბინადრობის ნებართვის არ ქონის გამო.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეცდომა არ ჰქონია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, თუმცა, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია სააგენტოს მოეხდინა მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და ურთიერთშეჯერება უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდომლობის გამო, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება მხარეთა დასწრების გარეშე;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 თებერვლის განჩინებით ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოიტანა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; სურს თუ არა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და ს. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების შემოწმებას, მოხდა თუ არა საქმის არსებითი განხილვა მხარის ინფორმირების გარეშე, რითაც შეიზღუდა მისი უფლება, მოეხდინა საკუთარი საპროცესო უფლებების სრული რეალიზება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესულია 2025 წლის 14 თებერვალს (ს.ფ. 135-136), რაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით განისაზღვრა საქმის განხილვის თარიღი 2025 წლის 24 მარტი და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე (ს.ფ. 137-140). ასევე დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 თებერვლის მიმართვით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (ს.ფ. 141), რის შემდეგაც მიღებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ს.ფ.143-146). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც საქმის მასალებში და არც სასამართლო საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში არ იძებნება მოწინააღმდეგე მხარისათვის (მოსარჩელე) სააპელაციო საჩივრის გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიას, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო სააპელაციო საჩივრისა და მისი განხილვის თარიღის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესში, მას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა შესაგებელი, მოსაზრება, ან/და მტკიცებულებები. სასამართლომ არ უზრუნველყო მხარის ინფორმირება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა სააპელაციო საჩივარზე მხარის ინფორმირების გარეშე.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, მათ შორის, ასეთად მიიჩნევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით (,,ბ“ ქვეპუნქტი). მხარის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში წარმოადგენს მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ უფლებას, რომლის პატივისცემა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - მართლმსაჯულების განხორციელება მხარეთა თანასწორობის საფუძველზე - სასამართლოს უპირობო მოვალეობაა და რომლის უგულებელყოფა საპროცესო კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ პროცესუალურ შედეგს - სასამართლო აქტის გაუქმებას იწვევს.
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. (სუსგ. №ბს-1508 (კს-22) 16.03.2023წ.). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). აღნიშნული საკითხი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007 და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“ , (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზია საფუძვლიანია, კასატორის მიმართ დარღვეულია კანონით დაცული უფლებები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მხარის ინფორმირება, მისცეს მას საშუალება გამოთქვას მოსაზრება წარმოდგენილ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, წარადგინოს შესაგებელი, ან/და მტკიცებულებები ასეთის არსებობის შემთხვევაში და მიუთითოს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიჩნევს. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით და მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ სხვა შედავებასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დარღვეულია საქმის განხილვის საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 7 აგვისტოს №1000963007 გადაწყვეტილების მართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა