დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-187(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის MOH 3 22 00548949 განაცხადზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება (ე.წ. ვირტუალური უარი); ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის NHA 6 23 00365901 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდება შპს „...ის“ 2022 წლის 17 ნოემბრის განაცხადი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ და ცენტრს მიენიჭება მიმწოდებლის სტატუსი (დაზუსტებული მოთხოვნა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის MOH 3 22 00548949 განაცხადზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება (ე.წ. ვირტუალური უარი), აგრეთვე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის NHA 6 23 00365901 და 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალა გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ: შპს ,,...’’ ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას შემდეგ საქმიანობებში: ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - (EMERGENCY) II დონე’’, დიალიზი’’, ,,რეანიმაცია’’, ,,რადიოლოგიური საქმიანობა-რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა’’ ,,ლაბორატორიული საქმიანობა-კლინიკური დიაგნოსტიკა’’, ,,ლაბორატორიული საქმიანობა-ბიოქიმიური დიაგნოსტიკა’’, ,,ლაბორატორიული საქმიანობა - იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა’’. შპს ,,...იმა’’ 2022 წლის 17 ნოემბერს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე, განაცხადით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განმცხადებელს ოფიციალურად უპასუხა 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 აქტით - უარი უთხრა შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და აცნობა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის N72 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება და რიგი გამონაკლისების (დადგენილების N1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და N1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“)) გარდა, გამოცხადდა მორატორიუმი ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში. პროგრამის/კომპონენტის ან ქვეკომპონენტის მიმწოდებლებს დაევალათ ყველა იმ სერვისის შენარჩუნება, რომელსაც ახორციელებდნენ პროგრამის ფარგლებში მორატორიუმის დაწყებისას. გამონაკლისის სახით, მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ასევე ვალდებულება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა ობიექტური აუცილებლობისას, მხოლოდ სამინისტროს მითითებით უზრუნველყონ პროგრამის ფარგლებში იმ კომპონენტის/ქვეკომპონენტის მომსახურების მიწოდება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სადავო 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 აქტის მიღების სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის N72 დადგენილებით, განხორციელდა ცვლილება და დადგენილების მე-31 მუხლის შემდგომ, დაემატა შემდეგი შინაარსის 32-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდა მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა. ხოლო დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დადგინდა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის პირობები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია პროგრამის ფარგლებში ან სურვილი აქვს, მოიპოვოს პროგრამის კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსი.“
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმესთან მიმართებაში საყურადღებო იყო ის მოცემულობა, რომ მორატორიუმი გამოცხადდა 2023 წლის 21 თებერვალს, ხოლო შპს „...ის“ მიერ განაცხადი გაკეთდა 2022 წლის 17 ნოემბერს - 2 თვით ადრე. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 აქტით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო მხოლოდ მორატორიუმის გამოცხადება და არ იკვეთებოდა ის ფაქტი, რომ შემოწმდა შპს „...ის“ მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (2022 წლის 17 ნოემბერს წარდგენილ განაცხადზე) უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით განსაზღვრული რეგულაციით და განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე, გადაწყვეტილება უნდა მიეღო განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის №ბს-169(კ-21) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელებას კანონიერების პრინციპის საფუძველზე. პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება ემსახურება კერძო ინტერესის - ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას.
პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შპს ,,...ის’’ 2022 წლის 17 ნოემბრის განცხადებაზე კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღია გადაწყვეტილება, რაც უტოლდება „ვირტუალურ“ უარს. შემდგომ კი 2022 წლის 28 თებერვალს, ისე რომ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თევს, რაც ასევე დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სააგენტომ უარი უთხრა შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მორატორიუმის გამოცხადების საფუძვლით. მოცემული საფუძველის მითითება განპირობებული იყო კანონში განხორციელებული ცვლილებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საყურადღებო იყო ის მოცემულობა, რომ მორატორიუმის რეჟიმი ამოქმედებული არ იყო შპს ,,...ის’’ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენისას და მისი განხილვის კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს „...ის“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის საკითხზე მსჯელობისას არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებების სათანადო გამოკვლევა, რამაც კანონით დადგენილ ვადის დარღვევით კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა და შპს „...ის“ ინტერესებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „...ის’’ მიერ მოთხოვნის წარდგენისას, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციაზე მორატორიუმი არ ვრცელდებოდა, ასევე მხედველობის მიღმა დატოვა სხვა კრიტერიუმები, კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც შემოწმებას დაექვემდებარებოდა მორატორიუმის არარსებობის პირობებში, რათა მომხდარიყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 აპრილის NHA 6 23 00365901 გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებული მხარისთვის უცნობი იყო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის MOH 3 22 00548949 განაცხადზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების - ე.წ. ვირტუალური უარის მიღების სამართლებრივი საფუძვლები, ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ნორმაზე მითითება, შესაბამისი განმარტებისა და შეფასების გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხს ხდიდა დაუსაბუთებელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ.
კასატორმა მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის N72 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 წერილით, შპს „...ის’’ ეცნობა, რომ არ გააჩნდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად შეაფასოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფორმალური და მატერიალური კანონიერება, რადგან უცნობია, თუ რა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრება არის არარელევანტური, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის განმარტებული თუ რა გახდა სააგენტოს მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად სააგენტო, ვერ გასცდებოდა დადგენილების იმპერატიულ ჩანაწერს და ვერ დააკმაყოფილებდა სამედიცინო დაწესებულის მოთხოვნას სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციაზე.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178- 180-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოებაში ვერ მიიღებდა შპს „...ის“ ადმინისტრაციულ საჩივარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: 2022 წლის 3 ნოემბერს შპს ,,...ზე’’, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 3 ნოემბრის REG 1 22 00001633 ბრძანების საფუძველზე, გაიცა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართები შემდეგ საქმიანობებში: ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - (EMERGENCY) II დონე’’, დიალიზი’’, ,,რეანიმაცია’’, ,,რადიოლოგიური საქმიანობა-რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა’’ ,,ლაბორატორიული საქმიანობა-კლინიკური დიაგნოსტიკა’’, ,,ლაბორატორიული საქმიანობა - ბიოქიმიური დიაგნოსტიკა’’, ,,ლაბორატორიული საქმიანობა - იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა’’.
2022 წლის 17 ნოემბერს შპს ,,...იმა’’ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე, განაცხადით მიმართა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.
შპს ,,...იმა’’ 2023 წლის 20 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და ითხოვა შეხვედრა. ამასთან ითხოვა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შესახებ, 2022 წლის 17 ნოემბრის N548949 განცხადების პირად კონტროლზე აყვანა. შპს ,,...იმა’’ 2023 წლის 17 თებერვალს კვლავ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და ითხოვა, 2022 წლის 17 ნოემბრის N548949 განცხადებაზე წერილობითი პასუხის გაცემა.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 აქტით, შპს „...ის“ 2023 წლის 17 თებერვლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის N72 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება და რიგი გამონაკლისების (დადგენილების N1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და N1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“)) გარდა, გამოცხადდა მორატორიუმი ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში. პროგრამის/კომპონენტის ან ქვეკომპონენტის მიმწოდებლებს დაევალათ ყველა იმ სერვისის შენარჩუნება, რომელსაც ახორციელებდნენ პროგრამის ფარგლებში მორატორიუმის დაწყებისას.
გამონაკლისის სახით, მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ასევე, ვალდებულება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა ობიექტური აუცილებლობისას, მხოლოდ სამინისტროს მითითებით უზრუნველყონ პროგრამის ფარგლებში იმ კომპონენტის/ქვეკომპონენტის მომსახურების მიწოდება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ უარი უთხრა შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2023 წლის 27 მარტს შპს ,,...ის’’ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. საჩივრით შპს ,,...იმა“, 2022 წლის 17 ნოემბრის განაცხადზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი) გაუქმება და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაცია მოითხოვა.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტომ 2023 წლის 5 აპრილის NHA 6 2300365901 გადაწყვეტილებით შპს ,,...ის’’ უარი უთხრა 2023 წლის 27 მარტის საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ნოემბრის MOH 3 22 00548949 განაცხადზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების (ე.წ. ვირტუალური უარის), 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 და 2023 წლის 5 აპრილის NHA 6 23 00365901 გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის საკითხთან მიმართებაში განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების ზოგად წესებს განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას, სახელდობრ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლებას, რომლის მიხედვით გარანტირებულია ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ შპს ,,...იმა’’ 2022 წლის 17 ნოემბერს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე, განაცხადით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. ვინაიდან, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 3 ნოემბრის REG 1 22 00001633 ბრძანების საფუძველზე, მასზე გაიცა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართები შემდეგ საქმიანობებში: ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - (EMERGENCY) II დონე’’, ,,დიალიზი’’, ,,რეანიმაცია’’, ,,რადიოლოგიური საქმიანობა-რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა’’ ,,ლაბორატორიული საქმიანობა-კლინიკური დიაგნოსტიკა’’, ,,ლაბორატორიული საქმიანობა-ბიოქიმიური დიაგნოსტიკა’’, ,,ლაბორატორიული საქმიანობა-იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა’’. დადგენილია, ასევე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, შპს ,,...ის’’ 2022 წლის 17 ნოემბრის განცხადებაზე, კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ არ მომხდარა რეაგირება შპს „...ის“ 2022 წლის 17 ნოემბრის განცხადებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ უმსჯელია განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, არ შეუსწავლია და არსებითად არ გადაუწყვიტავს სადავო საკითხი, არ გამოუცია შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ასეთი უმოქმედობა უტოლდება „ვირტუალურ“ უარს.
2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 აქტით ირკვევა, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განმცხადებელს ოფიციალურად უპასუხა 2023 წლის 28 თებერვლის NHA 6 23 00219480 აქტით. კერძოდ, უარი უთხრა შპს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მორატორიუმის გამოცხადების საფუძვლით. მოცემული საფუძველის მითითება კი განპირობებული იყო კანონში 2023 წლის 21 თებერვალს განხორციელებული ცვლილებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით -სასამართლო ორგანოებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შპს „...ის“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციის საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებების სათანადო გამოკვლევა, რამაც კანონით დადგენილ ვადის დარღვევით კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა და შპს „...ის“ ინტერესებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები. მითითებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ხელახალი წარმოების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს მორატორიუმის გამოცხადებამდე 2022 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „...“ აკმაყოფილებდა თუ არა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული კომპონენტის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრულ ყველა წინაპირობას. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, მორატორიუმის გაუქმების შემდგომ, რა სამართლებრივი მოცემულობის პირობებში აღმოჩნდება შპს „...“ - კერძოდ, შეიცვლება თუ არა მდგომარეობა მის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26/03/2025წ №07479 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე