განსჯადობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-987(გ-25) 21 ოქტომბერი, 2025 წელი ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საჩივრის განსჯადობის თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მიმართ, თელავის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...ამ“ 2025 წლის 22 ივლისს საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა „საურავის დაკისრების თაობაზე“ სსიპ საპენსიო ფონდის 2025 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 ივლისის დადგენილებით შპს „...ის“ საჩივარი მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საპენსიო ფონდის მიმართ, 2025 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. დადგენილების თანახმად, „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ მიხედვით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, ... №64) მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 აგვისტოს დადგენილებით შპს „...ის“ საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მიმართ, 2025 წლის 17 ივნისის №... ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის დაკისრების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული 2025 წლის 17 ივნისის №... გადაწყვეტილის (ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საურავის დაკისრების) მიღების საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ შპს „...ის“ ს/კ... იურიდიული მისამართია: ქალაქი თელავი, ...ის ქუჩა №8 და მიიჩნია, რომ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებულია უშუალოდ შპს „...ის“ იურიდიულ მისამართთან და იგი ვერ იქნება შპს „...ის“ იურიდიული მისამართის მიღმა. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საპენსიო შენატანის განსახორციელებლად შპს „...ას“ არ სჭირდება ქ. თბილისში ჩამოსვლა და ოქმის შემდგენი ორგანოში მისვლა არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით მატერიალური სახით, რაიმე დოკუმენტის ჩასაბარებლად. აღნიშნული მოწესრიგებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საპენსიო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №06/№01 ერთობლივი ბრძანებით, რომლი თანახმად, ამ ვალდებულების შესრულება შესაძლებელია დაუბრკოლებლად, მხოლოდ ელექტრონული სახით, იმ ადგილიდან, სადაც ეს უკანასკნელი ახორციელებს საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ტერიტორიას წარმოადგენს ქალაქი თელავი. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სავარაუდო სამართალდარღვევა გამოიხატა მოგვიანებით საპენსიო შენატანის განხორციელებაში - ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას და შესაძლო სამართალდარღვევის ადგილად უნდა ჩაითვალოს შპს „...ის“ იურიდიული მისამართი კერძოდ: ქალაქი თელავი, ...ის ქუჩა №8. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს განსჯადობის საკითხს (მუხლი 261-ე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი) უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია, ვიდრე კანონქვემდებარე აქტი „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ დამტკიცების შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია, რომ „წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, ... №64), მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“ აღნიშნულიდან გამომდინარე უპირატესობა უნდა მიენიჭოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ განსჯადობის საკითხის მოწესრიგებას. სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. ამავე გადაწყვეტილების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საპენსიო ფონდში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაედო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ამდენად, საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს შესაბამისი განსჯადი სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის - შპს „...ის“ იურიდიული მისამართის: ქალაქი თელავი, ...ის ქუჩა №8. მოცემულ შემთხვევაში, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თელავის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით. „ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 106 პ.).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განსახილველად წარედგინა შპს „...ის“ მიმართ სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი 2025 წლის 17 ივნისის N... გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფონდმა გამოავლინა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის ერთობლივი N06/N01 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-4 მუხლის, სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედიზედ განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ მე-9 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ვალდებულების დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გზით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს.
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის ერთობლივი N06/N01 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახური და საპენსიო ფონდი უზრუნველყოფენ შემოსავლების სამსახურის სისტემასა და ელექტრონულ სისტემას შორის მონაცემების მიმოცვლას და სერვისის აწყობას, რომლის გათვალისწინებითაც, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაცია, რომლის მონაცემები ასახულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, ფიქსირდება ელექტრონულ სისტემაში, რაც დააინიცირებს საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად გენერირებასა და დახურვას, ამ წესით დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის, პირის თვითდასაქმებულ პირად იდენტიფიცირებას ახორციელებს საპენსიო ფონდი, ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეექვსე პუნქტის მიხედვით, ამ წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო ფონდს შორის ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ სისტემაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საპენსიო ფონდის მიერ შესრულდება მონიტორინგი, ასევე კანონით, ინსტრუქციითა და წინამდებარე წესის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნება საპენსიო შენატანების განხორციელების პროცესი. ამავე „წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრულია საპენსიო შენატანის განხორციელების წესები და ვადები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პასუხისმგებლობას საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის, რაც გულისხმობს, რომ დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა და საურავი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, კანონისა და მონიტორინგის წესის საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამდენად, შპს „...ასთან“ მიმართებით შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (მუხლი 261). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად არსებითია სწორად განისაზღვროს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებაში მართებულად აღინიშნა, რომ „წესის“ შესაბამისად, შპს „...ის“ მიერ საპენსიო შენატანის განხორციელება არ საჭიროებს ქ. თბილისში ჩასვლას, ამავე „წესით“ ხსენებული ვალდებულების შესრულება შესაძლებელია დაუბრკოლებლად, მხოლოდ ელექტრონული სახით, იმ ადგილიდან, საიდანაც შპს „...“ ახორციელებს საქმიანობას - ე.ი. ქ. თელავიდან (იურ. მისამართი: საქართველო, ქალაქი თელავი, ...ის ქუჩა N8). ვინაიდან, საპენსიო შენატანის განხორციელება დაკავშირებულია სწორედ ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან - ქ. თელავთან, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის შემთხვევაში, შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს სწორედ ქ. თელავი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. ამავე გადაწყვეტილების მე-13 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 და 26-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ შპს „...ის“ მიმართ შედგენილი 2025 წლის 17 ივნისის N... გადაწყვეტილება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე