დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-667 (კ-25) 23 დეკემბერი, 2025 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ- (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2025 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. კ. კ-მა (ქორწინებამდე - კ. ხ-ი) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 16.11.2023 წლის №1000911887 გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველი დარჩა მოსარჩელის განცხადება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, მოპასუხეს დაევალოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სააგენტოს 16.11.2023 წლის №1000911887 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების განხილვა და დასკვნის მომზადება (ს.ფ.155).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2025 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 16.11.2023 წლის №1000911887 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ მოსარჩელის 16.10.2023 წლის №1000911887 განცხადების განხილვა და დასკვნის მომზადება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოსარჩელე დაიბადა ... წელს საქართველოში, ახალქალაქში.
4.2. სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლის 12.07.2023 წლის ცნობით, მოსარჩელე 1992 წელს ნამდვილად ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის ახალქალაქის რაიონის სოფელ ... საშუალო სკოლის პირველ კლასში და 2001 წელს დაასრულა ამავე სკოლის საბაზო საფეხური (მე-9 კლასი). 26.06.2001 წლის საბაზო განათლების ატესტატის თანახმად, მოსარჩელემ (დაბადებული ... წელს) საქართველოს რესპუბლიკის ახალქალაქის რაიონის სოფელ ... საშუალო სკოლა დაამთავრა სანიმუშო ყოფაქცევით.
4.3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 04.08.2023 წლის განკარგულებით დადგინდა, რომ მოსარჩელე (დაბ. ... წელს) 31.03.1993 წლისათვის იმყოფებოდა/ცხოვრობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.
4.4. მოსარჩელე 13.01.2006 წელს დაქორწინდა ნ. კ-ზე და ქორწინების შემდგომ მიეკუთვნა გვარი კ-.
4.5. 17.10.2023 წლის სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის №7020623027452 საინფორმაციო ბარათით დგინდება მოსარჩელის ... წელს დაბადების ფაქტი.
4.6. მოსარჩელეს მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი.
4.7. 16.10.2023 წელს მოსარჩელემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ №1000911887 განცხადებით მიმართა სააგენტოს.
4.8. სააგენტოს 18.10.2023 წლის №1000911887/7 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაევალა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 15.11.2023 წლის ჩათვლით და განემარტა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მიიღებდა გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
4.9. 06.11.2023 წელს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააგენტოს და განუმარტა, რომ მოსარჩელე როგორც 1993 წლის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის, ისე დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მიიჩნეოდა საქართველოს მოქალაქედ.
4.10. სააგენტოს მიერ 16.11.2023 წელს მიღებული იქნა №1000911887 გადაწყვეტილება „მოსარჩელის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“. გადაწყვეტილების თანახმად, საქმის წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენი იყო საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტომ განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სზაკ-ის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სააგენტოს დებულების საფუძველზე განუხილველად დატოვა 16.10.2023 წლის №1000911887 განცხადება, მოსარჩელის (დაბ. ... წელს) საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.
4.11. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
4.12. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონის 211-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით), საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
4.13. სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონმდებელი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეს და ამ საფუძვლით მათ მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ კონკრეტულ თარიღამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით უფლებამოსილ ორგანოსათვის მიმართვის შესაძლებლობა, რითაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ისარგებლა.
4.14. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ამ დებულებით დადგენილი ფორმის განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები განმცხადებელს შეაქვს სააგენტოში ან მის ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირს – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამავე დებულების მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. განმცხადებელმა ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს ერთიან რეესტრში. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღეში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
4.15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარდგენილი მისი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.16. 25.03.1993 წლის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (ძალადაკარგულია 30.04.2014 წლის №2319 საქართველოს ორგანული კანონით, გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს), მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება: პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე. ამავე კანონის 43-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა დასტურდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტით. 16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა დასტურდება დაბადების მოწმობით ან მშობლის პასპორტით. 16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლებიც უცნობი არიან, დასტურდება დაბადების მოწმობით.
4.17. საქმის მასალებით დასტურდება და არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელე დაბადებულია საქართველოში, 2001 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში და მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს. ასევე დასტურდება, რომ მის მიმართ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის/დაკარგვის შესახებ აქტი არ გამოცემულა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიუხედავად საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობისა, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის განცხადება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ უნდა განეხილა, ვინაიდან, 25.03.1993 წლის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი ცალსახად ადგენდა, რომ საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლებოდა პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წელი და ცხოვრობდა ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებდა უარს საქართველოს მოქალაქეობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი უდავოა, რომ დაბადებიდან 2001 წლამდე, მათ შორის, დასახელებული კანონის ამოქმედების დროისათვის (1993 წელს) მოსარჩელე ცხოვრობდა საქართველოში და მას მოქალაქეობაზე უარი არ განუცხადებია. ამასთან, არ დასტურდება, რომ ის წარმოადგენდა სხვა ქვეყნის მოქალაქეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ ის, ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის გათვალისწინებით, მიიჩნეოდა საქართველოს მოქალაქედ და ადმინისტრაციულ ორგანოს უარი განცხადების განხილვაზე არამართლზომიერი იყო. ამასთან, სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელის მეუღლე და შვილები საქართველოს მოქალაქეები არიან.
4.18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო აქტის კანონშესაბამისობა, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სააგენტოს 16.11.2023 წლის №1000911887 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს 16.10.2023 წლის №1000911887 მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების განხილვა და დასკვნის მომზადება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
8. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მოპასუხის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
9. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №2/9/810,927, II-10).
10. მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (შდრ. Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53,), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30) (სუსგ №ბს-808 (კ-25), 22.12.2025წ.).
11. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. მითითებული სამართლებრივი დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, თუმცა გამონაკლისის სახით არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (შდრ. სუსგ №ბს-534 (კ-25), 23.07.2025წ.).
12. ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით), საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
13. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და ორგანული კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს. მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ იყო მისი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: მოსარჩელე დაიბადა ... წელს საქართველოში, ახალქალაქში (ს.ფ. 13); მოსარჩელე 1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის ახალქალაქის რაიონის სოფელ ... საშუალო სკოლის პირველ კლასში და 2001 წელს დაასრულა ამავე სკოლის საბაზო საფეხური (მე-9 კლასი) (ს.ფ. 14, 15-17); ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 04.08.2023 წლის განკარგულებით დადგინდა, რომ მოსარჩელე (დაბ. ... წელს) 31.03.1993 წლისათვის იმყოფებოდა/ცხოვრობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში (ს.ფ. 32,33); მოსარჩელე 2001 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს, არ დასტურდება, რომ წარმოადგენდა სხვა ქვეყნის მოქალაქეს; მოსარჩელემ მოგვიანებით მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი; მოსარჩელის მიმართ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის/დაკარგვის შესახებ აქტი არ გამოცემულა; მოსარჩელის მეუღლე და შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები.
15. 25.03.1993 წელს მიღებული ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (გამოქვეყნების თარიღი - 31.03.1993წ.; ძალადაკარგულია 30.04.2014 წლის №2319 საქართველოს ორგანული კანონით, ძალის დაკარგვის თარიღი - 11.06.2014 წელი) მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე (პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თავდაპირველი რედაქციით, საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება: ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ სამი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და 4 თვის ვადაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მითითებულ კანონში 1993 წლის 24 ივნისის N277 კანონით შეტანილი ცვლილებით, მე-3 მუხლის „ა” პუნქტში სიტყვები „სამი თვის ვადაში” შეიცვალა სიტყვებით „ექვსი თვის ვადაში”. ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „და ოთხი თვის ვადაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს”. ამის შესაბამისად მე-3 მუხლის „ა” პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე”).
16. ამავე კანონის 43-ე მუხლით, საქართველოს მოქალაქეობა დასტურდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტით. 16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა დასტურდება დაბადების მოწმობით ან მშობლის პასპორტით. 16 წლამდე ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლებიც უცნობი არიან, დასტურდება დაბადების მოწმობით.
17. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთდასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის მოტივით მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვება არამართლზომიერი იყო და მოპასუხეს 25.03.1993 წელს მიღებული ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის მხედველობაში მიღებით უნდა ემსჯელა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე განცხადების საფუძვლიანობაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა მოპასუხეს 16.10.2023 წლის №1000911887 მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების განხილვა და დასკვნის მომზადება.
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2025 წლის გადაწყვეტილება.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #11028, გადახდის თარიღი 13.06.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
გიზო უბილავა