დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 01.12.2025
საქმის ნომერი
ბს-198(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-198 (კ-25) 1 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ლ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ.ლ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ნ.ლ-ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 2432.12 ლარის გადახდა.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ნ.ლ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2021 წლის 14 დეკემბერს, შესაბამისად, მისი დათხოვნა სამსახურიდან მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანებით, ამასთან მოპასუხე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის 15 დეკემბრიდან. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებასა და ხსენებულ შუალედში ზედმეტად მიღებული ხელფასის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების აუცილებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის დეკემბრის თვის 17 კალენდარული დღისა და 2022 წლის იანვრის თვის ხელფასის და წახალისების - ჯამში 2432.12 ლარის, როგორც ზედმეტად ჩარიცხული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №995 ბრძანების 35-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსაგან. შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად კი, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ნ.ლ-ის უსაფუძვლოდ ჰქონდა მიღებული თანხა, რომლის ოდენობა შეადგენს 2432.12 ლარს. ვინაიდან, ნ.ლ-ის მიმართ გამოცემულია გათავისუფლების შესახებ ბრძანება, აღარ არსებობდა მისთვის თანხის ჩარიცხვის საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 თებერვლის №MIA 9 22 00404039 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-...-ე განყოფილების ინსპექტორი - უმცროსი სერჟანტი ნ.ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2021 წლის 15 დეკემბრიდან. საფუძველი: გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი ბარათი, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (ს.ფ. 24); ბ) ნ.ლ-ი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გამოტანის შემდეგ უფლებამოსილების შეჩერების გარეშე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა აგრეთვე გულისხმობს შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს (1.1 და 1.3 მუხლები). ამავე წესის პირველი მუხლის 31 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

მითითებული წესის 91 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან. სამინისტროს მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია. იდენტურ დანაწესს ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ „საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. აღნიშნულისგან განსხვავებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატების ბუნება, რომლებიც მოხელეზე გაიცემა კანონით გათვალისწინებული პირობების და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და მათი გაცემა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის თანახმად, (1) სამინისტროს მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ან დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; (2) თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის/დანიშვნის თაობაზე.

მითითებული წესის 35-ე მუხლის მიხედვით, (1) სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას; (2) სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო (35.2. ,,ზ’’). ამავე წესის 42-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის. სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ნ.ლ-ი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გამოტანის შემდეგ უფლებამოსილების შეჩერების გარეშე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, 2022 წლის 16 თებერვლის №MIA 9 22 00404039 ბრძანებით. ამდენად, დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი და 2022 წლის იანვარი) როდესაც მოსარჩელემ მიიღო შრომის გასამრჯელო მან შეასრულა მისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები, ხოლო მოსარჩელემ მიიღო ეს შესრულება.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო აქტები ავალდებულებს დამსაქმებელს დასაქმებულს აუნაზღაუროს ხელფასი. კერძოდ, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის I ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. ,,ევროპის სოციალური ქარტიის” მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს. ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლის მიხედვით, ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თავად მისთვის და მისი ოჯახისათვის.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ ნ.ლ-ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მე-...-ე განყოფილების ინსპექტორის პოზიციაზე (წოდება - უმცროსი სერჟანტი). ასევე დადგენილია და კასატორს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ნ.ლ-ი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გამოტანის შემდეგ უფლებამოსილების შეჩერების გარეშე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი, ბუნებრივია დამსაქმებლისათვის წარმოშობდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხა უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან უნდა იქნეს მოთხოვნილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ლ-იმა სადავო თანხა მიიღო შესრულებული სამუშაოსთვის, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც ზედმეტად მიღებული ანაზღაურება და არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა