დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1067(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე)– ...ის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ზ-ი
მოპასუხე- ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი–ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 10 დეკემბერს მ.ზ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ...ის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. 27.10.2021წ. დაზუსტებული სარჩელით განისაზღვრა მოპასუხეთა წრე და ...ის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ასევე მიეთითა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა "...ის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 ნოემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული ...ის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების 33-ე პუნქტისა (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ნაწილში) და ,,მ.ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ" ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 ნოემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მ.ზ-ის ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება გათავისუფლების დღიდან (2019 წლის 15 ნოემბრიდან) სამსახურში აღდგენამდე.
...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 ნოემბრის №... ბრძანება და ...ის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ზ-ი 2017 წლიდან დანიშნული იყო ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში.
...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანებით დაიწყო რეორგანიზაცია, იგეგმებოდა სტრუქტურების შეცვლა. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები გააფრთხილეს მოსალოდნელ განთავისუფლებასთან დაკავშირებით.
...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის შედეგად შესაძლო გასათავისუფლებელ პირთა განსაზღვრის შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის ოქმის თანახმად, შემუშავებული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, რომლებსაც ეხებოდა რეორგანიზაცია, დადგინდა გასათავისუფლებულ პირთა სია, კერძოდ, 5.2. პუნქტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შემცირდა 3 საშტატო ერთეული, მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების ერთი საშტატო ერთეული, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, შესაბამისად, შესაძლოა მომხდარიყო შტატზე დასაქმებული მ.ზ-ის გათავისუფლება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, შესყიდვების განყოფილების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში გადატანის გამო შეიცვლება ამ სამსახურის სტრუქტურაც და დაემატება 5 საშტატო ერთეული, გარდა აღნიშნული ცვლილებისა, გათვალისწინებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არსებული ორი განყოფილების, ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ერთ განყოფილებად გაერთიანება და სამსახურის ჩამოყალიბება 2 განყოფილებით: ა. ბიუჯეტის დაგეგმარების, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება; ბ. შესყიდვების განყოფილება. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, რადგან ორივე განყოფილების უფროსის შტატზე დანიშნულია მოხელე, მოსალოდნელია ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლება, მათი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამასთან, გათვალისწინებულია ზოგიერთი შტატის შემცირება, რადგან არ არსებობს ამდენი საშტატო ერთეულის არსებობის საჭიროება. ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილებაში ამჟამად სულ არის 2 ისეთი საშტატო ერთეული, რომლის ფუნქციებშიც შედის ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, ესენია: ა) უფროსი სპეციალისტი - ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში; ბ) უფროსი სპეციალისტი - ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში. ვინაიდან უფრო მეტი ფუნქციების მქონეა უფროსი სპეციალისტის შტატი ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, მიზანშეწონილია მისი დატოვება და ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის შტატის გაუქმება, შესაბამისად, მოსალოდნელია ამ შტატზე დანიშნული მოხელის გათავისუფლება, მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ზემოხსენებული ორი საშტატო ერთეულის სამუშაოს აღწერილობაზე. ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 თებერვლის №... ბრძანებით ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი სპეციალისტის (პირველი კატეგორიის მე-3 რანგი) თანამდებობის მიზნად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, ამასთან, მის ფუნქციებს (მოვალეობებს) წარმოადგენდა: (ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და ინფორმაციის მიღება-დამუშავება, განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად, წარმოდგენილი მასალების საფუძველზე; (ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენისათვის წარსადგენი ნუსხისა და ვადების შესახებ; (ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავება ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებისათვის; (გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; (დ) უშუალოდ მონაწილოების მიღება განყოფილებისათვის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებაში.
ამავე ბრძანებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში უფროსი სპეციალისტის (პირველი კატეგორიის მე-3 რანგი) თანამდებობის მიზნად განისაზღვრა მუნიციპალური გადასახდების და მოსაკრებლების ადმინისტრირება და მერიის სამსახურების საბუღალტრო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამასთან, ფუნქციები განისაზღვრა შემდეგნაირად: (ა)...ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური გადანაწილება და ცვლილებების გადაცემა შესაბამისი სამსახურებისათვის; (ბ) მიმართვების მომზადება საბიუჯეტო ორგანიზაციების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული დაფინანსების შესახებ; საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი შესრულების ყოველთვიური ანგარიშის კონტროლი და ანალიზი; (გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და ინფორმაციის მიღება-დამუშავება, განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად, წარმოდგენილი მასალების საფუძველზე; (დ) ...ის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალური განწერა; (ე) საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავება ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებისთვის; (ვ) სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად მერის ბრძანების პროექტის მომზადება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; (ზ) უშუალოდ მონაწილეობის მიღება განყოფილებისათვის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებაში.
2019 წლის 15 ნოემბრის №... ბრძანებით, მ.ზ-ი 2019 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების საკითხებში მე-3 რანგის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. მოსარჩელეს შეეთავაზა მობილობა, თუმცა მან უარი თქვა. მ.ზ-ი 2 წლით ჩარიცხეს მოხელეთა რეზერვში.
რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 დეკემბრის №11556-გ წერილზე, რომლითაც მ.ზ-ის განემარტა გათავისუფლების მიზეზები, მითითებულია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შემცირდა ბიუჯეტის დაგეგმარების საკითხებში უფროსი სპეციალისტის შტატი, ვინაიდან ბიუჯეტზე მუშაობისათვის საკმარისი იყო ის კადრი, რაც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში დარჩა. ბიუჯეტზე მუშაობა შედიოდა ბიუჯეტის დაგეგმარების, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსის და ადგილობრივი გადასახდების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის ფუნქციებში, რაც აბსოლუტურად საკმარისი იყო.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 დეკემბრის №11556-გ წერილში პირდაპირაა მითითებული, რომ ბიუჯეტზე მუშაობა, ანუ ფუნქციები, რომელიც გააჩნდა ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროს სპეციალისტს, შედიოდა ბიუჯეტის დაგეგმარების, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსის და ადგილობრივი გადასახდების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის ფუნქციებში. სასამართლომ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ დასახელებულ თანამდებობებს შორის ზოგიერთი ფუნქცია იდენტურიც იყო, რასაც ასევე არ უარყოფდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც, თუმცა, დასახელებული გარემოებების მიუხედავად, ისე დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი, რომ ახალ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი თანამდებობებისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მ.ზ-ის შესაბამისობის დადგენა და ზემოაღნიშნულ პოზიციებზე დანიშნულ მოხეელებთან მოსარჩელის შედარება არ მომხდარა. მ.ზ-ი ასევე არ შეადარეს იმ მოხელესთან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებითვე ასრულებდა და სამომავლოდაც შეასრულებდა მის ფუნქციებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უნდა მომხდარიყო ახალ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი მოხელეების (მათ შორის, ადგილობრივი გადასახდების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნულ მოხელესთან მიმართებაში) პროფესიული უნარ-ჩვევების, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს როგორც მოცულობის, ასევე ხარისხის შეფასება, შრომითი საქმიანობის პერიოდში მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინური და წახალისების ღონისძიებების გათვალისწინება და ა. შ., რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. სასამართლოს მითითებით, იმ პირობეში როდესაც არსებობდა ერთ სტრუქტურულ ერთეულში არსებითად იგივე ფუნქციების მატარებელი ორი საშტატო ერთეული, მ.ზ-ის საშტატო ერთეულის შემცირება ქმნიდა მოხელეთა მონაცემების ურთიერთშედარების/ურთიერთშეპირისპირების ვალდებულებას და არა მისი უპირობო გათავისუფლების საფუძველს.
...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ზ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 ნოემბრის №... ბრძანება და მ.ზ-ი აღდგენილ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე; ...ის მუნიციპალიტეტის მერიას მ.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 15 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე, 103-ე, 108-ე და 118-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან განთავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი. საშტატო ერთეულის შემცირება, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობით (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში) გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების და მის შესასრულებლად გათვალისწინებული შტატის დამოუკიდებლად არსებობის რეალური საჭიროება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია მასზედ, რომ ვინაიდან, უფრო მეტი ფუნქციების მქონე არის უფროსი სპეციალისტის შტატი ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, მიზანშეწონილია მისი დატოვება, ხოლო ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის შტატის გაუქმება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ზოგადი შინაარსის განმარტება ფუნქციების რაოდენობაზე არ წარმოადგენს 2 საშტატო ერთეულიდან ერთ-ერთისთვის უპირატესობის მინიჭების სათანადო საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის (უფროსი სპეციალისტი - ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში) ფუნქციების სრული ტრანსფორმირება განახორციელა სხვა საშტატო ერთეულის ფუნქციებში (უფროსი სპეციალისტი - ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში), რაც ვერ იქნება მიჩნეული შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების და პირის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ერთმანეთისგან განსახვავდება შტატის გაუქმების კანონიერებისა და კონკრეტული მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საკითხზემიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. ორივე ინსტანციის სასამართლოების შეფასებით შტატი, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა გაუქმდა კანონიერად, რადგან არ დადგინდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.11.2019წ. N... დადგენილების მიღებისას არსებითი ან არაარსებითი სახის დარღვევა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ წლების განმავლობაში მერიაში კონკრეტული საშტატო ერთეულის არსებობა გულისხმობს, რომ ეს შტატი მუდმივად უნდა არსებობდეს და მისი გაუქმება 2019 წელს მიზანშეწონილი არ იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულება წარმოადგენს უწყებას, რომელიც ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წლების განმავლობაში ხდება არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რაც იწვევს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების დატვირთვას, ფუნქცია-მოვალეობების ცვლილებას, შემცირებას ან პირიქით ფუნქციათა გაზრდას. საქმეში წარდგენილია 2019 წლიდან დღემდე არსებული ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა იმის დასტურად, რომ 2019 წლის შემდეგ მერია ფუნქციონირებს მოსარჩელის მიერ დაკავებული გაუქმებული შტატის-უფროსი სპეციალისტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, გარეშე. მსგავსი ფუნქციის მატარებელი შტატი ...ის მუნიციპალიტეტის მერიას არ დამატებია. შტატის არსებობის მიზანშეწონილობის მტკიცება საკრებულოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და აღნიშნულის მერიისთვის დაკისრება გაუმართლებელია. კასატორი იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ კონკრეტული შტატი, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე გაუქმდა და დღევანდელი მდგომარეობით აღარ არსებობს. ამასთან, იგი არსებობდა დამოუკიდებლად და სხვა რომელიმე შტატის იდენტური არ ყოფილა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელის და არა სხვა პირის გათავისუფლება იყო მოსალოდნელი.
კასატორი მიუთითებს „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N... დადგენილების მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ მობილობის პროცესი განხორციელდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად. 2019 წლის 15 ოქტომბრის ოქმიდან ვლინდება, რომ ვინაიდან მ.ზ-ი იკავებდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, რომელიც მხოლოდ ერთი ერთეული შტატის სახით არსებობდა მერიის სტრუქტურაში, ამ შტატის გაუქმება, ცხადია, გამოიწვევდა მის სამსახურიდან გათავისუფლებას, თუკი მობილობა ვერ განხორციელდებოდა სხვა ტოლფას ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული საშტატო ნუსხათა ურთიერთშედარებით დგინდება, რომ შტატი, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული გაუქმებულია და აღარ არსებობს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ ლ.თ-ის მიერ დაკავებული შტატი-ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, რეორგანიზაციამდეც არსებობდა უცვლელად არამხოლოდ იგივე სახელწოდებით, არამედ ფუნქციურადაც. კასატორი აღნიშნავს, რომ მ.ზ-ის და ლ.თ-ის მიერ დაკავებული შტატები განსხვავებული იყო, კერძოდ მოსარჩელის ფუნქცია მდგომარეობდა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა-ფორმირებაში, ხოლო ლ.თ-ის ევალებოდა არამხოლოდ მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა-ფორმირება, არამედ ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებაც. „საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შტატით გათავლისწინებული თანამდებობების სამუშაოების აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ მერის 1.02.2018წ. N... ბრძანების მე-4 და მე-3 პუნქტებით დგინდება, რომ მ.ზ-ის მიერ დაკავებული შტატის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქციებიდან უმეტესობა (5-დან 3) ასევე შედის მეორე შტატის სამუშაო აღწერილობაშიც. უდავოა, რომ ლ.თ-ის შტატი გაუქმებას არ დაექვემდებარა უბრალოდ შეეცვალა უწყებრივი დაქვემდებარება. მოსარჩელის შტატი სრულად გაუქმებულია, ამ შტატის ფუნქციების გადატანა/ტრანსფორმაცია სხვა რომელიმე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ განხორციელდა. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის კვალიფიკაციის სხვა პირებთან შედარების აუცილებლობა. მოსარჩელეს შეეთავაზა ვაკანტური თანამდებობები, რომელზეც მან უარი განაცხადა.
კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში არსებობს აღსრულების შემაფერხებელი გარემოება. ამასთან, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც გამორიცხავს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118.6 მუხლის გავრცელების შესაძლებლობას მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებთან მიმართებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ყველა მოსაზრებას, თუმცა თვლის, რომ საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მოსარჩელის იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი "მ.ზ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ" ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 ნოემბრის №... ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში უფროსი სპეციალისტის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ასევე განაცდური ხელფასის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2019 წლის 15 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესაბამისად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო შეზღუდულია საკასაციო საჩივრის ფარგლებით, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.ზ-ი დანიშნული იყო ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ პოზიციაზე - მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 აგვისტოს №... ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო რეორგანიზაცია, რაც გულისხმობდა მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც მიიღებოდა ახალი სტრუქტურა და ახალი საშტატო ნუსხა. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 ნოემბრის №... დადგენილებით დამტკიცდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. ამავე დადგენილების დანართის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად, ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, განისაზღვრა ერთი საშტატო ერთეულით.
„...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის მეორე ეტაპის დასრულების თაობაზე“ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 ოქტომბრის №... ბრძანებისა და ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად შემუშავებული ახალი საშტატო ნუსხის პროექტის გათვალისწინებით, მ.ზ-ი აღმოჩნდა იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლება მოსალოდნელი იყო შტატების შემცირების გამო.
...ის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელ პირთა სიის განსაზღვრის შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის ოქმის (პუნქტი 5) თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური შემცირდა 3 საშტატო ერთეულით, მათ შორის, ახალი საშტატო ნუსხის პროექტით (5.1. პუნქტი), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში გაერთიანებულია ბიუჯეტის დაგეგმარების და სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებები, რის შედეგადაც შემცირდება განყოფილების უფროსის ერთი საშტატო ერთეული, შესაბამისად, გასათავისუფლებელი მოხელის გამოსავლენად განხილული უნდა ყოფილიყო თითოეული მოხელის კვალიფიკაცია. ამავე ოქმის (5.2 პუნქტი) თანახმად, ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების ერთი საშტატო ერთეული, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უქმდებოდა, რასაც შესაძლოა გამოეწვია შტატზე დანიშნული მ.ზ-ის გათავისუფლება.
...ის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის 2019 წლის 25 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათით მოსარჩელეს შეეთავაზა მობილობა ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის 4 (ოთხი) საშტატო ერთეულზე, სოფელ ველისციხის სოფელ ...ის, სოფელ ...ის და სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში. დადგენილია, რომ მ.ზ-იმა უარი განაცხადა შეთავაზებულ პოზიციებზე. ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 ნოემბრის №... ბრძანებით მ.ზ-ი 2019 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლდა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების საკითხებში მე-3 რანგის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტით, რომლის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება. აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული კანონის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების უფლების დაცვა და შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
"საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 103.1 მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებას ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 108-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 52-ე მუხლის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. "(ადმინისტრაციული) ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულების დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ინოვაციური ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს“ (სუსგ Nბს-1102-1096(კ-17), 12.04.2018წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. „შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (სუსგ Nბს-797(კ-18), 07.03.2019წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ასევე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიკუთვნება, თუმცა მასვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მიზანშეწონილობის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით მიიღეს მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მოხელის გათავისუფლებისა თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება. მართალია, სასამართლო კონტროლი აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის პროცესში შეზღუდულია, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამოწმოს რამდენად მართებულია ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც მიღებულია გადაწყვეტილება და დაცულია თუ არა ობიექტურობის ზოგადი კრიტერიუმები და კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი.
ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში მერიაში კონკრეტული საშტატო ერთეულის არსებობა გულისხმობს, რომ აღნიშნული შტატი მუდმივად უნდა ფუნქციონირებდეს და მისი გაუქმება 2019 წელს მიზანშეწონილი არ იყო. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საჯარო დაწესებულება წარმოადგენს უწყებას, რომელიც ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წლების განმავლობაში ხდება არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რაც იწვევს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების დატვირთვას, ფუნქცია-მოვალეობების ცვლილებას, შემცირებას ან პირიქით ფუნქციათა გაზრდას. ამასთან, შტატის არსებობის მიზანშეწონილობის მტკიცება საკრებულოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,...ის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... დადგენილების (2019 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური შედგებოდა ორი განყოფილებისგან: (ა) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება და (ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება. ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილებაში შედიოდნენ: 1. განყოფილების უფროსი, 2. უფროსი სპეციალისტი -ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში და 3. უფროსი სპეციალისტი-ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში. სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება თავის მხრივ შედგებოდა შემდეგი პირებისგან: 1. განყოფილების უფროსი, 2. სამი უფროსი სპეციალისტი-ხაზინის საკითხებში, 3. უფროსი სპეციალისტი ხაზინისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში, 4. ორი უფროსი სპეციალისტი - ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში.
...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 ნოემბრის №... დადგენილების (29.11.2019წ.) თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური წარმოდგენილი იყო განყოფილების უფროსით, უფროსი სპეციალისტით ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, 3 უფროსი სპეციალისტით ხაზინის საკითხებში, უფროსი სპეციალისტით ხაზინისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში, უფროსი სპეციალისტით ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში. "...ის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №... დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე წარდგენილი დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გათვალისწინებულია ზოგიერთი შტატის შემცირება, რადგან არ არსებობს ამდენი საშტატო ერთეულის არსებობის საჭიროება. ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილებაში ამჟამად არის 2 ისეთი საშტატო ერთეული, რომლის ფუნქციებშიც შედის ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, ესენია: ა) უფროსი სპეციალისტი - ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში; ბ) უფროსი სპეციალისტი - ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში. ვინაიდან უფრო მეტი ფუნქციების მქონეა უფროსი სპეციალისტის შტატი ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ადმინისტრირების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში, მიზანშეწონილია მისი დატოვება და ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის შტატის გაუქმება, შესაბამისად, მოსალოდნელია ამ შტატზე დანიშნული მოხელის გათავისუფლება, მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 თებერვლის №... ბრძანებით დამტკიცებულ ფუნქცია-მოვალეობებზე, რომელიც რეორგანიზაციამდე ევალებოდა უფროს სპეციალისტს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში: 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად, 2. საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და ინფორმაციის მიღება-დამუშავება, განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად, წარმოდგენილი მასალების საფუძველზე; 3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენისათვის წარსადგენი ნუსხისა და ვადების შესახებ; 4. საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავება ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებისათვის; 5. წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; 6. უშუალოდ მონაწილეობის მიღება განყოფილებისათვის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებაში. ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, ადგილობრივი გადასახდელების, მოსაკრებლების ადმინისტრირების და ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში უფროსი სპეციალისტის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: 1. ...ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური გადანაწილებისა და ცვლილებების გადაცემა შესაბამისი სამსახურისათვის; 2. მიმართვების მომზადება საბიუჯეტო ორგანიზაციების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული დაფინანსების შესახებ; საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან, წარმოდგენილი ყოველთვიური ანგარიშის კონტროლი; 3.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოსამზადებლად კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო გადასახადის ფორმების შემუშავება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; 4. საბიუჯეტო ორგანიზაციიდან განაცხადის ფორმების და ინფორმაციის დამუშავების მიღება-დამუშავება, განხილვა, ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად; 5. ...ის მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ბიუჯეტის კვარტლური გაწერა; 6. საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მერიის სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავება წლიური ბუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსამზადებლად; 7. სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტის მომზადება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; 8. განყოფილებისთვის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებაში უშუალოდ მონაწილების მიღება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია ახალ საშტატო ერთეულზე ლ.თ-ისა და მ.ზ-ის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარება კანონით დადგენილი წესით. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მარტოოდენ ერთი-ორი ფუნქციის მეტობა ვერ მიიჩნევა უპირატესობად. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტული დასახელებით არსებული შტატის გაუქმება არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისულების უპირობო საფუძველს. მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ლ.თ-ი და მ.ზ-ი წარმოადგენდნენ ერთი და იგივე იერარქიული რანგის მოხელეებს (მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის თანამდებობა ფუნქციური კუთხით არ ინტეგრირდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საფინინასო-საბიუჯეტო სამსახურის ახალ სტრუქტურულ ერთეულში. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელის შტატი სრულად გაუქმდა აღარ არსებობდა მისი სხვა პირთან შედარების აუცილებლობა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით საჯარო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებითა უტყუარად დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარების, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპის უგულებელყოფით მოხდა მოხელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის დანაწესების გათვალისწინებით, მოსარჩელის ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში 2024 წლის 13 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, პირის გათავისუფლების შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ავტომატურად არ წარმოშობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის იმპერატიულ შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული ნორმა ვერ განიმარტება იმგვარად, რომ საჯარო დაწესებულება შეზღუდულია უკანონოდ განთავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენით. დასაქმებულის შრომით უფლებებში აღდგენის დამაგვირგვინებელ აქტს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - პირის სამსახურში აღდგენის შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ იმ ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, რომელსაც შეეხება სასამართლო აქტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას. ამასთან, საკითხის მოცემული სახით გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ Nბს-1381(კ-24), 10.07.2025წ).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა