არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-747(კს-25) 10 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - მ. ბ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (განმცხადებელი) - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სააპელაციო საჩივრის ავტორები - ლ. ბ-ი, ნ. ბ-ი
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით 2021 წლის 29 მარტს განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ლ. ბ-ის, ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის მიმართ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ მიწის ნაკვეთზე: ლ. ბ-ის (პ/ნ ...), ნ. ბ-ის (პ/ნ ...) და მ. ბ-ის (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებულ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ს/კ ...) მთლიანი ფართობის 458 კვ. მეტრის ნაწილის - 193 კვ. მეტრზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ის, ლ. ბ-ისა და ნ. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევის მოტივით მ. ბ-ის, ლ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი გურჯაანის 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ბ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი, მ. ბ-ი, აღნიშნავს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მის წარმომადგენელს, რომელიც, მართალია, არის იურისტი, თუმცა არა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, შესაბამისად, იგი, როგორც არაუფლებამოსილი პირი, ზემდგომ ინსტანციებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. სააპელაციო საჩივარი მხარეებმა მას შემდეგ წარადგინეს, როდესაც ჩაჰბარდათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, მ. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნათ მხარეებს: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, ნ. ბ-ისა და ფიზიკური პირების წარმომადგენელს, ნ. ქ-ის. აღნიშნული გზავნილი მ. ბ-ის, ნ. ბ-ისა და ლ. ბ-იების წარმომადგენელს - ნ. ქ-ის ჩაჰბარდა 2024 წლის 12 დეკემბერს პირადად (იხ. ტომი 1, ს.ფ 130). საქმეში არსებული მინდობილობით, ნ. ქ-ის მ. ბ-ისგან, ნ. ბ-ისა და ლ. ბ-ისგან მინიჭებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ასევე, სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარების უფლებამოსილება. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების მიმღებ პირს - ნ. ქ-ის სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნდა, რამდენადაც იგი არ წარმოადგენდა ადვოკატთა ასოციაციის წევრს, შესაბამისად იგი ვერ შეძლებდა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების ნ. ქ-იისთვის, როგორც სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის შესაბამისი უფლებამოსილების არმქონე პირისთვის, ჩაბარებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. ანალოგიურ ჩანაწერს შეიცავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, მითითებული ნორმის დანაწესი წარმომადგენელს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, უკრძალავს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში უფლებამოსილების განხორციელებას, რაც არ მოიაზრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დაუშვებლობას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში. ამ ნორმის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყის მომენტს უკავშირებს მხარისათვის (ასევე ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებისათვის) ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებას, რაც ნორმაში ალტერნატიული სახითაა წარმოდგენილი. ამასთან წარმომადგენელს, როგორც სამართალწარმოების უშუალოდ მონაწილეს, აკისრებს ვალდებულებას გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ სახის ვალდებულება გამომდინარეობს თავად მინდობილობის სამართლებრივი ბუნებიდან, რაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებად განიხილება. მითითებული ნორმის მიხედვით კი დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი, არ გამოირიცხება მათი ერთ დოკუმენტში - მინდობილობაში მოქცევა (სუსგ 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 7.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17)).
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით (დავალების ხელშეკრულებით), მ. ბ-იმა, ნ. ბ-იმა და ლ. ბ-იმა ნ. ქ-ის განუსაზღვრელი ვადით მიანიჭეს მათ შორის ყველა სახის დოკუმენტების მიღების უფლებამოსილება. ამდენად ცალსახაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის წარმომადგენლის უფლებამოსილება ითვალისწინებდა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებასაც.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ეფუძნება მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმით დადგენილი წესის არაზუსტ აღქმას. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა ნ. ქ-იისთვის, როგორც პროცესში მონაწილე პირისთვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად და შესაბამისად, მართებულად დაუკავშირა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა ნ. ქ-იისთვის, როგორც უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს, რა გარემოებებიც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 70-ე, 74-ე, 369-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა