გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 26.02.2026
საქმის ნომერი
ბს-754(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-754(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. თ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

მესამე პირი (16.2) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;

მესამე პირი (16.1) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო);

დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 5 დეკემბერს ნ. თ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 თებერვლის №39-18 დადგენილების (გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა) იმ ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ... და ს/კ ...) გავრცელდა სატყეო ზონა და შესაბამისად მოსარჩელეს ეკრძალება მშენებლობა, ეზღუდება საკუთრების უფლება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2008 წლიდან საკუთრებაში აქვს უფლებრივად უნაკლო ორი მიწის ნაკვეთი (თბილისი, წყნეთის ტერიტორია, ნაკვეთი N... და N... (... და ...) რომლებზედაც ჰქონდა მშენებლობის განხორციელების უფლება. სარჩელის თანახმად, 2019 წლის 03 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ორივე მიწის ნაკვეთზე მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დადგენა. არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის და 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებებით (N... და N...) უარყოფილი იქნა მოთხოვნა და გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 თებერვლის N39-18 დადგენილების თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გენერალური გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება სატყეო ზონა, სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა. სარჩელში მხარე მიუთითებს, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 თებერვლის N39-18 დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გათვალისწინებულია სატყეო ზონა. ასევე, გამწვანებული ტერიტორიების რუკით შემოთავაზებულ ფუნქციურ ზონას წარმოადგენს სატყეო ზონა. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს განაშენიანების კონტურს მიღმა.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტზე, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დანართი №2-ის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №2-ის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №1439 დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ „საკუთრება“, როგორც სუბიექტის სამართლებრივი სიკეთე, სამართლებრივ ცხოვრებაში რეალიზებისათვის საჭიროებს საკანონმდებლო, ნორმატიულ გამოხატულებას. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია დაადგინოს საკუთრების უფლების შინაარსი და საზღვრები. ასეთი ნორმები გენერალურ - აბსტრაქტულად განსაზღვრავს მესაკუთრის უფლებებსა და მოვალებებს, ანუ საკუთრების უფლების შინაარსს. კერძო და საჯარო სამართლებრივი ნორმებით განისაზღვრება მესაკუთრის სამართლებრივი მდგომარეობა. საკუთრების უფლების კონკრეტული შინაარსი გამომდინარეობს საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი, შესაბამის დროს მოქმედ ნორმათა ერთობლიობიდან. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით, სახელმწიფო უფლებამოსილია ჩამოართვას ან შეუზღუდოს პირს საკუთრებასთან დაკავშირებული კონკრეტული ისეთი უფლებები, რომლებიც ზოგადად მოქმედი ნორმატული აქტებით მოქცეულია მესაკუთრის სამართლებრივ უფლებამოსილებებში. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის ის მოსაზრება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთებს გააჩნია სატყეო ზონისთვის დამახასიათებელი თვისებები და დღეის მდგომარეობით, ტერიტორია სრულად შეესაბამება გენერალური გეგმით მინიჭებულ ფუნქციურ ზონას. გარდა ამისა, გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთები მდებარეობს გაუნაშენიანებელ არეალში, განაშენიანების კონტურს მიღმა და ცალკეულად ზონის ცვლილება გამოიწვევს სტრუქტურის რღვევას. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების დამოუკიდებლად სამშენებლოდ განვითარების შემთხვევაში ადგილი ექნება ქაოტურ განაშენიანებას. ამასთან მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებს არ გააჩნია მისასვლელი გზა, არ არის უზრუნველყოფილი სათანადო საიჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, ხოლო მისი სამშენებლოდ განვითარება გამოიწვევს გამწვანებული ტერიტორიის შემცირებას და გარემოსთვის გამოუსწორებელ ზიანს.

მოსარჩელე მხარის იმ მსჯელობაზე, რომ იდენტური გარემოებების არსებობის პირობებში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები დადგინდა, პროექტი შეთანხმდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების მიღებამდე, ხოლო 2020 წლის 8 დეკემბრის №5216760 ბრძანებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო. ამდენად, ვერ მიიჩნია ფაქტების იდენტურობა და თანასწორობის პრინციპის დარღვევა. ასევე აღნიშნა, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაშიც კი ერთი პირის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტი პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობით ვერ იქნა მიჩნეული წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. თ-ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები, ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებზე, მიუთითა “ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-4 მუხლი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონის პირველი, მე-3, მე-5, მე-16, მე-19, 61-ე, 62-ე მუხლები, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლები, სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (15.03.2019 წელი) მოქმედი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-6 მუხლები, ტექნიკური რეგლამენტის - “დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ პირველი და მე-2 მუხლები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ პირველი, მე-3, მე-4, მე-5 მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის (დანართი N1) თანახმად, №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გავრცელდა სატყეო ზონა და №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა განისაზღვრა განაშენიანების კონტურს მიღმა. მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დანაწესის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების პროექტების მოწონება/არ მოწონება და შესაბამისი დადგენილების მიღება, ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების/საჯარო ინტერესების თანაზიარობის პრინციპების გათვალისწინება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. მიუთითა, რომ საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფის ვალდებულება ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართლზე მითითებით განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი. მიუთითა, რომ უფლებაში ჩარევა არა მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, არამედ უნდა პასუხობდეს პროპორციულობის მოთხოვნასაც.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის (დანართი N1) თანახმად, №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სატყეო ზონისა და მდებარეობის განაშენიანების კონტურს მიღმა დადგენა არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი. მიიჩნია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის მოწონების/არ მოწონების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უმეტესად შეზღუდულია მიზნობრივი (შედეგობრივი) ნორმებით და არა კერძო პირის მოლოდინით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, კერძო და საჯარო ინტერესების თანაზიარობის პრინციპისა და საჯარო სამართლებრივი მიზანის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საჯარო ინტერესის დაცვა წონის კერძო ინტერესს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. თ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, უპირველეს ყოვლისა, შეფასების გარეშე დატოვეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ ამოქმედებამდე, მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული ორივე მიწის ნაკვეთის მიმართ ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა – 1 (სზ-1)-ის ფუნქციური ზონა, რაც ნათლად დასტურდება, არამხოლოდ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, არამედ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 05 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმით“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით.“ კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ მოცემულობაზე, რომ საცხოვრებელი ზონა – 1 (სზ-1) მესაკუთრეს ანიჭებს მიწის ნაკვეთის განაშენიანების, მისი სამშენებლოდ გამოყენების მრავალმხრივ სამშენებლო, ფუნქციურ პოტენციალს, განაშენიანება შესაძლებელია ემსახურებოდეს მრავალფეროვან, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ-კულტურულ მიზნებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი). აღნიშნულისაგან საპირისპიროდ, სატყეო ფუნქციურ ზონას არ გააჩნია რაიმე სამშენებლო პოტენციალი, ხოლო, იმ ნაგებობათა განთავსება, რომლებიც ასეთ ფუნქციურ ზონაში სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე დაიშვება, ემსახურება მარტოოდენ საჯარო ინტერესებს.

კასატორის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიება, სატყეო ფუნქციური ზონის გავრცელების სახით, შინაარსობრივად უთანაბრდება „დე ფაქტო“ ექსპროპრიაციას. სივრცითი დაგეგმარების პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ჩარჩო, არ ადგენს კომპენსაციის ქმედით მექანიზმს. აღნიშნულის ფონზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ გათვალისწინებული დანართი №6-ით განსაზღვრული ღონისძიებების („რეკომენდაციები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის“) განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი წონასწორობის მიღწევის ჭრილში.

კასატორი მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს ს/კ ... და ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მხოლოდ ბუჩქნარი მეჩხერი ფორმით. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სატყეო ზონის გავრცელება, ზემოაღნიშნული ბუნებრივი მახასიათებლების მქონე მიწის ნაკვეთები, საკუთარი იურიდიული შინაარსის მიხედვით, არ აკმაყოფილებს „ტყის“ კონცეფციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცნებით განსაზღვრულ სამართლებრივ წინაპირობებს. წარმომადგენელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარე ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს მშენებლობა. დაუსაბუთებლად მიაჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ერთდროულად აღნიშნული გარემოების შეუფასებლობა და ამ ფონზე საჯარო სივრცეების შენარჩუნების აუცილებლობაზე აპელირება, მით უფრო კი, იმ პრინციპზე უმართებულო მითითება, რომ „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. დამატებით, გამოკვლეული და გადასაწყვეტი შემთხვევის კონტექსტში, თანასწორობის პრინციპის შესაბამისად შეფასებული არ არის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)-ის გავრცელების ფაქტები.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ შესაბამისად ს/კ ... და ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონტურს მიღმა მდებარეობა აპრიორი არ მოიაზრებს ამ მიწის ნაკვეთების განაშენიანების აკრძალვას. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები განლაგებულია კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ ... და ს/კ ...) საკადასტრო ბლოკში, 2008 წლიდან მინიჭებული აქვთ სარეკრეაციო ზონა 2-ის (რზ-2) სტატუსი (ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია tas.ge-ის ინტერაქტიულ რუკაზე). კასატორი ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და ამავე დადგენილების დანართი №1-ის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) ითვალისწინებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოპოვებას უშუალოდ დაქვემდებარებული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვებ სახეობებს, უპირატესად კი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რაც განხორციელდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ში მდებარე მიწის ნაკვეთების შემთხვევაშიც. შესაბამისად, კასატორის შეფასებით, განაშენიანების კონტურს მიღმა მდებარეობა უპირობოდ არ გულისხმობს სამშენებლო პოტენციალის უქონლობას, შესატყვისი ფუნქციური ზონის გავრცელება მიწის ნაკვეთს სამშენებლოდ ვარგისად, მშენებლობაუნარიანად აქცევს. ლეგიტიმური (ღირებული) საჯარო მიზნების მისაღწევად მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს მოსარჩელის საკუთრების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებანი. ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, ყოველმხრივ უმართებულოდ იქნა გამოყენებული, გადამატებულ იქნა შეფასების ფარგლები, უგულვებელყოფილია კანონიერების, მიზანშეწონილობის, საჯარო და კერძო ინტერესების ჰარმონიული დაბალანსების მოთხოვნები (სუსგ., ბს-184-183(კ-16), 14.07.2016წ.).

კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ასევე უნდა გამოეყენებინათ სასკ-ის 281 მუხლით დადგენილი მოთხვონის ტრანსფორმირების ინსტიტუტი, გამორკვევას უდავოდ საჭიროებს სარჩელით მიმართვის საპროცესო ღონისძიების მატერიალურ-სამართლებრივი მიზნიობრიობა (იხ. ბს-193(2კ-21), 09.12.2021წ.). მოსარჩელის მიზანი ვერ მიიღწევა მხოლოდ შეცილებითი სარჩელით. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ზონაშესაცვლელი მიწის ნაკვეთების მიმართ ვერ აღდგება 2019 წლამდე მოქმედი საცხოვრებელი ზონა – 1 (სზ-1)-ის სტატუსით გათვალისწინებული სამართლებრივი მდგომარეობა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა გადასაწყვეტ სადავო საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სასამართლო პრაქტიკა (სუსგ., ბს-794(3კ-22), 29.04.2024წ.),კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში, მისმა უფლებამონაცვლე ლ. ხ-იმა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 13.09.2024წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება) 2025 წლის 20 მაისს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების არეალის განსაზღვრის მიზნით, რომლის 2025 წლის 19 ივნისის N... წერილით, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ანალოგიურ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით.

კასატორმა – თანასწორობის პრინციპის დარღვევის საილუსტრაციოდ, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება მოსარჩელის მიერ სარჩელით მიმართვის შემდგომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2020 წლის 24 ნოემბრიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, იმავე ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმებას, ერთ შემთხვევაში კი, მშენებლობის ნებართვის გაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად, თვლის რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო - სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საპრცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის არ გამოყენებით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო - სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს ევროკონვენციით დაცული უფლებების სავარაუდო დარღვევაზე ან ასეთი დარღვევით გამოწვეულ შედეგზე (იხ. mutatis mutandis, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ამასთან, ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს ... აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს“ (ევროსასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო შემთხვევა უკავშირდება ევროკონვენციით დაცული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ შედავებებს (ევროსასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; იხ. აგრეთვე., ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე სადავო შემთხვევის კონტექსტში, დავას არ იწვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, დავა გამოწვეულია ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებული სამართლებრივი შეფასებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეცილებითი სარჩელი, მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №1-ით განსაზღვრული გრაფიკული ნაწილის - რუკის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლის შედეგადაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე (ს/კ ... და ს/კ ...) ფუნქციური ზონის სახით გავრცელდა სატყეო ზონა. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ კასატორის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლება, საკასაციო საჩივარში მოყვანილი ყოველი არგუმენტი ამ უკანასკნელთან დერივაციულ ურთიერთმიმართებაში იმყოფება და ბუნებრივად გამომდინარეობს მისგან, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მიიჩნევა სამართლის ნორმა, რომლითაც მოწმდება სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერება, მისი საფუძვლიანობა. ამდენად, შეფასებას საჭიროებს კასატორის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №1-ით განსაზღვრული გრაფიკული ნაწილის - რუკით სატყეო ზონის გავრცელების თავსებადობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იქონიეს საფუძვლიანი მსჯელობა კასატორის (მოსარჩელის) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის ფაქტზე, არ მოახდინეს ჩარევის ფაქტის იურიდიული განზომილების უშუალო კონკრეტიზაცია (სუსგ., ბს-1112(კ-18), 26.01.2021წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა სახეზეა, რამეთუ სახელისუფლებო სუბიექტის მიერ გატარებული ღონისძიება/ზომა (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული ან/და სხვა პრაქტიკა) ზღუდავს, ე.ი. აბრკოლებს ან/და სხვაგვარ მნიშვნელოვან წინაღობას უქმნის ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განხორციელებას, ანუ იმ სიკეთეებზე (შესაძლებლობები ან ინტერესები) პრაქტიკულ და ეფექტიან წვდომას, რომლებიც ძირითადი უფლებით დაცული სფეროთია დეტერმინირებული, ამდენად, შეზღუდვა სახეზეა თუ ინდივიდი მოკლებულია ძირითადი უფლებით დაცული სფეროთი მინიჭებული სიკეთის ქმედითი რეალიზების შესაძლებლობას. ხსენებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმას, რომ მარტოოდენ კანონმდებლობით განმტკიცებული ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ფაქტის მართებულად იდენტიფიცირების შემდგომ წარმოიშობა თვით ასეთი ძირითადი უფლების შეზღუდვის საკონსტიტუციო დასაბუთების აუცილებლობაც.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლება ბუნებითი კონსტიტუციური უფლების რანგს განეკუთვნება, ასეთი უფლება ინდივიდს გააჩნია ადამიანად ყოფნის უბრალო ფაქტის წყალობით, სახელმწიფო წესრიგი აღიარებს, აცხადებს და იცავს საკუთრებას, თუმცა, არ გვევლინება ამ უფლების შემოქმედად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში საკუთრების უფლების შესახებ არსებული კარგად დამკვიდრებული განმარტება ეფუძნება საკუთრების უფლების გაგების ზემოაღნიშნულ კონცეფციას: „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას“ (იხ. მაგ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§5). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების შინაარსის კლასიკურ დეფინირებას ახდენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომელიც ეფუძნება ნივთზე (ქონებაზე) შეზღუდული სუვერენული ბატონობის იდეას და აერთიანებს ნივთის ფლობის, სარგებლობის, განკარგვისა და სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობის დაუშვებლობის უფლებებს. ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მნიშვნელობით, საკუთრებაში იგულისხმება როგორც „არსებული საკუთრება“, ასევე აქტივები, მათ შორის ის მოთხოვნები, რომელთა მიმართაც პირს გააჩნია საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების „ლეგიტიმური მოლოდინი“ (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე J.A. Pye (Oxford) Ltd and J.A. Pye (Oxoford) Land Ltd v. The United Kingdom, App. No. 44302/02, §61.).

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ფაქტის იდენტიფიცირების პროცესში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს ჯეროვანი ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მოცემული სარჩელის საკვანძო საკითხზე, რომელსაც წარმოადგენს კერძო საკუთრებით სარგებლობის უფლება უძრავი ნივთის სამშენებლოდ განვითარების კონტექსტში. მიჩნეულია, რომ „უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე, საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს, საკუთარი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის მიზნით ადამიანის მისწრაფება, შექმნას საკუთარი ქონება, უდავოდ იმსახურებს სახელმწიფოს პატივიცემას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება N3/1/512 საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §II-38.). საკუთრების უფლებით სარგებლობა „პრაქტიკული და ეფექტიანი“ უნდა იყოს (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Broniowski v. Poland, App. No. 31443/96, §151.). ევროსასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ განმცხადებელთათვის მინიჭებული მიწის ნაკვეთის „სახლის აშენებისაკენ“ მიმართული „გამოყენების უფლება“ „ძლიერი“ და „დაცული“ უფლებაა, რაც გამოხატავს არსებით ეკნომიკურ ინტერესს, შესაბამისად, ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ავტონომიური მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთის „გამოყენების უფლება“ წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცულ სიკეთეს (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Chiragov and Others v. Armenia, App. No. 13216/05, §147.). ნიშანდობლივია ისიც, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე ჩამოყალიბებული სამოქალაქო ბრუნვის კლასიკური მახასიათებელთაგანია გაუნაშენიანებელი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ნაკლებობა განაშენიანებულ მიწის ნაკვეთთან შედარებით. ამდენად, კასატორის ცხადი პერსონალური ან/და ეკონომიკური მისწრაფება განახორციელოს მის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების (ს/კ ... და ს/კ ...) განაშენიანება (სამშენებლოდ განვითარება) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, წარმოადგენს უკვე არსებული ქონების გამოყენების, მისი სარგებლობის შედეგად ახალი ქონების შექმნისაკენ სწრაფვას, რაც პიროვნული თავისუფლებისა და კერძო ავტონომიის კლასიკური გამოვლინებაა და იგი როგორც მინიმუმ, საკონსტიტუციო შეფასების ამ საფეხურზე, იმსახურებს განსაზღვრას.

საკასაციო პალატა ნიშანდობლივად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ სატყეო ზონის გავრცელებამ გამოიწვია კასატორის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა. ევროსასამართლოს პრაქტიკაში აღიარებულია მნიშვნელოვანი კავშირი, რომელიც არსებობს მიწის ნაკვეთისათვის ტყის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და აღნიშნულისაგან გამომდინარე (თანმდევი) ვალდებულებების მესაკუთრისათვის დაკისრებას შორის (ევროსასამართლოს 2006 წლის 02 მარტის დასაშვებობის შესახებ განჩინება საქმეზე Şakir Tuğrul Ansay v. Turkey, App. No. 49908/99.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების (ს/კ ... და ს/კ ...) მიმართ სატყეო ზონის არსებობა უტყუარად დასტურდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებით, რაც მტკიცებულებითი თვალსაზრისით უშუალოდ ეფუძნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №1-ით განსაზღვრულ გრაფიკულ ნაწილს - რუკას. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 22-ე მუხლის 1-ელ პუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს იმას, რომ განაშენიანებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე შეიძლება გავრცელდეს სატყეო ტერიტორიის რეჟიმი, რამდენადაც განაშენიანებისგან თავისუფალი ტერიტორიის გამოყოფის საფუძველს ქმნის ქალაქთმშენებლობითი გეგმა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ჰ21) ქვპუნქტის გათვალისწინებით, ქალაქთმშენებლობითი გეგმა არის ... გენერალური გეგმა, რომელიც შეიძლება მომზადდეს ... ქალაქისთვის (იხ. ასევე, სდასსკ-ის 2 მუხ. „პ“ ქვ.პ და 39-ე მუხ.). იგი შეიცავს მისი მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტს (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ე“ ქვ.პ., სდასსკ-ის 3 მუხ. ჰ21 ქვ.პ.)). ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანება ეფუძნება ფუნქციური ზონირების პრინციპებს (სდასსკ-ის 46.1 მუხ.). დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს (№39-18 დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის 1.1 მუხ., იხ. ასევე, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის 2 მუხ. „მ“ ქვ.პ., ძალადაკარგულია - 20.07.2018, №3213 კანონით.). განაშენიანებულ ტერიტორიაზე ძირითადად განლაგებულია შენობა-ნაგებობები (№39-18 დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის 1.17 მუხ.) ხოლო, გაუნაშენიანებელი ტერიტორია ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიას მიუკუთვნებელი ტერიტორიული ერთეულია, უმეტესწილად მწვანე საფარითაა (ლანდშაფტი, ტყეები, სასოფლო - სამეურნეო მიწები და სხვა) დაფარული და მასზე შესაძლებელია დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება ან/და ხასიათდება მეჩხერი განაშენიანებით (№39-18 დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის 1.18 მუხ.). ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ №39-18 დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ტექსტური ნაწილში გამოყენებული ტერმინები „მიწის ნაკვეთი“ და „სამშენებლო მიწის ნაკვეთი“ დეფინიციური ხასიათისაა, რაც ვლინდება იმაში, რომ მათ განმარტებას ადგილი აქვს ჩვეულებრივი, რეგულატორული საკანონმდებლო მნიშვნელობის შესაბამისად. „მიწის ნაკვეთის“ იურიდიული ცნების ელემენტად მიჩნეულია „სარგებლობის“, „განკარგვისა“ და „განვითარების“ კომპონენტები (1. 19 მუხ.), ამასთანავე, „სამშენებლო მიწის ნაკვეთის“ იურიდიული ცნების საკვანძო ელემენტად კი, მისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „მშენებლობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიად“ მიჩნევა სახელდება (1. 20 მუხ.). ზემოხსენებულ ნორმატიულ მოწესრიგებასთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 58-ე მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლის მიხედვით სატყეო ზონა მოიცავს თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მოცემულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა (იხ. ასევე., საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 25.2 მუხ.). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-16 მუხლის 1-ელი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატყეო ზონაში თვით სატყეო ზონის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გარდა, დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, ხოლო საკულტო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ხაზობრივი-საინჟინრო შენობა - ნაგებობების განთავსების მიზნით, საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოპოვება. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილებაზე, ამავე სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებასა და სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2025 წლის 19 ივნისის N... წერილზე, რომელთა საერთო შინაარსის მიხედვით ს/კ ... და ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების მიმართ სატყეო (ფუნქციური) ზონის გავრცელება მიჩნეულ იქნა დასახელებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარების გამომრიცხავ პირობად (იხ. ასევე., საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ 8.2 მუხ.ბ).ბ.ა) ქვპ.პ.)). საკუთრების ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის არსებობის თვალსაზრისით, გარკვეული პარალელი შესაძლოა გავლებულ იქნეს ევროსასამართლოს მიერ ერთერთ საქმეში გამოტანილ გადაწყვეტილებასთან, რომელშიც მკაფიოდ აღინიშნა, რომ „ლეგიტიმური მოლოდინი“ წარმოიშვა დაგეგმარების წინასწარი ნებართვის გაცემისას, რის საფუძველზეც მოხდა მიწის ნაკვეთის შეძენა მისი შემდგომი განაშენიანების მიზნით, აღნიშნული „საკუთრების შემადგენელ ნაწილს“ წარმოადგენდა, გადაჭარბებული ფორმალიზმი იქნებოდა საკუთრების უფლებაში ჩარევის არარსებულად მიჩნევა (mutatis mutandis, ევროსასამართლოს 1991 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Pine Valley Developments Ltd and Others v. Ireland, App. No. 12742/87, §51.). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარების პოტენციალის თვალსაჩინო, აშკარა და შეუქცევადი გაუარესების, თითქმის ნულოვანი პოტენციალის არსებობის ფაქტს, ხოლო - ხსენებულის შესაბამისად, კასატორის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ დაცულ სფეროში ჩარევას. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს კასატორის მითითებაზე, რომ ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მონაცემებით წარმოადგენს ლ. ხ-იი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 13.09.2024წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება) შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების სუბიექტის თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ აუცილებელია იმსჯელოს უფლემონაცვლეობასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე.

საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა არ გულისხმობს ამ უფლების უპირობოდ დარღვევას, მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. აბსოლუტური რანგის უფლების საკონსტიტუციო თვისება, შეზღუდული უფლებისაგან განსხვავებით, ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ნებისმიერი სახისა თუ ფორმის ჩარევის უკანონოდ აღიარებაში ვლინდება, შემოწმებას აღარ ექვემდებარება ჩარევის საკონსტიტუციო საფუძვლები, აბსოლუტურად მიჩნეული ძირითადი უფლების აბსოლუტური ღირებულების პრეზუმფციიდან გამომდინარე, ასეთი საფუძვლები არარსებულად მიიჩნევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების მიხედვით: „სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვისადმი ... სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთიანად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§8.). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას საჯარო ინტერესებისათვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და დადგენილი წესით. თავად „საჯარო ინტერესი“ აბსტრაქტული იურიდიული კონსტრუქციაა, რომლის ამომწურავად განმარტება შეუძლებელია, ხოლო მისი ამომწურავად განმარტების მცდელობამ შესაძლოა წარმოშვას საჯარო ინტერესის სფეროს ხელოვნურად გაფართოების ან დავიწროების რისკები, მომეტებულად გააფართოვოს ან პირიქით, შებოჭოს სახელმწიფოს მოქმედებისა და შეფასების თავისუფლების ფარგლები. ამდენად, კანონმდებელი „საჯარო ინტერესისთვის“ შეიძლება მოქმედებდეს უკეთუ მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილის მიმართ დადებითი მიზნები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§15). აღნიშნულის მსგავსად, ევროკონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს „ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უფლებამოსილებას ... გააკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა საერთო ინტერესების შესაბამისად“ (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Anheuser-Busch Inc v. Portugal, App. No. 73049/01, §62.). ამდენად, “საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§15.). იმისათვის რათა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა დასაბუთებულად ჩაითვალოს, იგი უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების პრინციპს და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს იმგვარი საშუალებებით, რომლებიც გონივრულად თანაზომიერია მისაღწევი მიზნის მიმართ (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Beyeler v. Italy, App. No. 33202/96, §§108-114)). სახელდობრ, უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ვერ განხორციელდება ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§60). შესაბამისად, პროპორციულობის ბაზისია „სამართლიანი ბალანსის“ ძიება საზოგადოების საერთო ინტერესების მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საჭიროებებს შორის (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Beyeler v. Italy, App. No. 33202/96, §107). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად ფუნქციური ზონის გავრცელების კანონიერება შეფასებას ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციის მე-19, აგრეთვე ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლებით განსაზღვრული პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპისა და მისგან მომდინარე ფორმალური და მატერიალური კანონიერების წინაპირობების საფუძველზე: ა) „ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას პირის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განსაზღვრულ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში?“ (ჩარევის სტადია); ბ) „იყო თუ არა განხორციელებული ჩარევა გათვალისწინებული კანონით?“ (ფორმალური კანონიერების შემოწმების სტადია); გ) „ემსახურებოდა თუ არა ასეთი ჩარევა ღირებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს“ (ლეგიტიმური მიზნის სტადია); დ) „წარმოადგენდა თუ არა უფლების შემზღუდველი ღონისძიება გამოსადეგ საშუალებას დასახელებული ლეგიტიმური მიზნ(ებ)ის მისაღწევად“? (გამოსადეგობის სტადია); ე) „წარმოადგენდა თუ არა გამოყენებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიება აუცილებელ საშუალებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად“? (აუცილებებლობის სტადია (პროპორციულობა ფართო გაგებით)); ვ) „იყო თუ არა დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორს, შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის?“ (პროპორციულობა ვიწრო გაგებით) (იხ., სუსგ., ბს-1112(კ-18), 26.01.2021წ.; სუსგ., ბს-794(3კ-22), 29.04.2024წ.; სუსგ., ბს-(329)2კ-25, 11.12.2024წ.; სუსგ., ბს-556(2კ-24), 04.03.2025წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას, თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს სახელმწიფო ქმედების შედეგად შესაბამისი პირის მიერ არათანაზომიერი და გადამეტებული ტვირთის ზიდვის შეფასებას (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Broniowski v. Poland, App. No. 31443/96, §151; იხ. ასევე., Sporrong and Lönnroth v. Sweden, 23.09.1982წ. App. Nos 7151/75 and 7152/75, §73.). საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასევე „საკუთრების უფლების ძირითადი არსის“ ხელშეუხებლობას. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს სწორედ ზემოხსენებული „ტესტის“ საფუძველზე უნდა შეემოწმებინათ გასაჩივრებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რაც საჭიროებს სადავო ღონისძიების თანაზომიერების გამოკვლევას, სადავო აქტის პროპორციულობის პრინციპის რომელიმე საფეხურის მოთხოვნასთან შეუსაბამობა წარმოშობს ასეთი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს ასკ-ის 32-ე მუხლის მიზნებისათვის (შდრ.: სუსგ., ბს-794(3კ-22), 29.04.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორის უფლებებში ჩარევა დადასტურებულია და სადავო არ არის, საკასაციო პალატა შეამოწმებს პროპორციულობის პრინციპში შემავალი დარჩენილი სტადიების დაცულობას.

კანონიერების შემოწმების სტადია: საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა გულისხმობს ხსენებული უფლების შეზღუდვის კანონით რეგლამენტირებას. ამასთან, ფორმალური საფუძვლის არსებობა, თავისთავად, არ არის საკმარისი კანონიერების პრინციპის დასაკმაყოფილებლად, ფორმალური საფუძველი „სამართლებრივად“ მიიჩნევა რადგან აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს, კერძოდ, თავსებადია სამართლის უზენაესობის პრინცპთან, უზრუნველყოფს თვითნებობისაგან დაცვას ან/და შეიცავს მის წინააღმდეგ მიმართულ უფლებადაცვით გარანტიებს (ევროსასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე East/West Alliance Limited v. Ukraine, App. No. 19336/04, §167.). კანონიერების პრინციპი ასევე გულისხმობს იმას, რომ სამართლის ნორმები უნდა იყოს საკმარისად ხელმისაწვდომი, ზუსტი და განჭვრეტადი მათი გამოყენებისას (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2006 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Hutten-Czapska v. Poland, App. No. 35014/97, §163). მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება შემუშავებულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლის 2 ივნისის №1506-Iს კანონის (ძალადაკარგულია 20.07.2018წ. №3213 კანონით) გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთარი უფლებამოსილებების შესაბამისად („ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16.2 მუხ. „ე“ ქვ.პ., 61.2 მუხ., 64 მუხ. „ა“ ქვ.პ., 68.1 მუხ. „კ“ ქვ.პ.). „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლის 2 ივნისის №1506-Iს კანონის ძალადაკარგულობა არ აბრკოლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ვალიდურობას („ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 25.4 და 25.5 მუხ.), რამდენადაც ზემოაღნიშნული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას ადგილი ჰქონდა 20.07.2018წ. №3213 კანონით, კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. ამდენად, სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ზემოაღნიშნული №39-18 დადგენილების ვალიდურობის წყაროს. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლის 2 ივნისის №1506-Iს კანონი ადგენდა „უფლებრივი ზონირებას“, მასში მოიაზრებდა დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისათვის სივრცით-ტერიტორიული განვითარების საკვანძო პირობების განსაზღვრა (2 მუხ. „ო“ ქვ.პ.). გათვალისწინებული იყო აგრეთვე მიწათსარგებლობის ზონის ტიპის ცნებაც, ზონის ტერიტორიის გამოყენების (მიწათსარგებლობის) სახეობა, რომელიც განისაზღვრებოდა ზონის ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთების გამოყენების და ინფრასტრუქტურის სახეობით (2 მუხ. „ს“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკანონმდებლო დონეზე, უფლებრივი ზონირება („ზონის ტიპი“) ფუნქციური ზონირების სამართლებრივ წინამორბედს წარმოადგენდა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი იდენტური მნიშვნელობით გამოიყენებოდა, უფლებრივი ზონირება ქმნიდა დასახლებათა მიწათსარგებლობის დაგეგმარების არსს, ხოლო, ეს უკანასკნელი გულისხმობდა დასახლების ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენას, მის დაყოფას ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და გარკვეული დასაშვები მაჩვენებლების მქონე მიწათსარგებლობის ზონებად და შესაბამის ქვეზონებად (27.1 მუხ.). მიწათსარგებლობის თვალსაზრისით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდებოდა მიწათსარგებლობის ზონების შესაძლო სახეობები, ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი (27.2 მუხ. „ა“ ქვ.პ.). აგრეთვე, ცალკეულ ზონებში ტერიტორიების გამოყენების სახეობები და ამ ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები და მათი რელევანტური დასაშვები გეგმარებითი მაჩვენებლები (27.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ამავდროულად, ტერიტორიების განაშენიანების კუთხით, მიწათსარგებლობის გეგმებით დგინდებოდა თითოეული ზონისათვის განაშენიანების (სამშენებლო განვითარების) პარამეტრები და მათი მაქსიმალური ან/და მინიმალური მაჩვენებლები (27.3 მუხ. „ა“ ქვ.პ.). ამ ნორმატიული ლოგიკიდან გამომდინარე, საგულისხმოა ის მოცემულობა, რომ უფლებრივი ზონირების ფუნქციურ ზონირებად კონკრეტიზება ხორციელდებოდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ (მე-5, მე-11, მე-12, მე-14 მუხ.), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 4.1. მუხ. „ჭ“ ქვ.პ., მე-6, მე-15, მე-16 მუხ.), საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ (3.56 მუხ., მე-6 და მე-7 მუხ.). ამდენად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ „ფუნქციური ზონირება“ როგორც უშუალოდ საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ნორმატიულ-სამართლებრივი ცნება განმტკიცებულ იქნა 2018 წლის 20 ივლისის N3213-რს კანონით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, რომლითაც ფუნქციური ზონირება მიჩნეულ იქნა ქალაქთმშენებლობითი ზონირების პრინციპად. ეს პრინციპი გულისხმობს დასახლებული ტერიტორიის დაგეგმარებას ფუნქციური ზონების განსაზღვრისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენის მიზნით. ფუნქციური ზონა მიჩნეულ იქნა რეგულირებულ არეალად, რომელსაც აქვს ზოგადი მახასიათებლები, დანიშნულება და გამოყენება, იგი არის კონკრეტული შეზღუდვების საგანი და ამდენად, იყოფა სხვადასხვა დანიშნულების, კონკრეტული მახასიათებლების ქვეზონებად. შესაბამისად, ფუნქციური ზონირების გეგმარებით ფუნქციას სწორედ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფა წარმოადგენს, რომლის მიზანსაც ქმნის სამშენებლო ტერიტორიების, არასამშენებლო ტერიტორიების, მათი გამოყენებისა და განვითარების პირობების განსაზღვრა. ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის ზოგადი უფლებრივი ზონირების რუკაში, ისინი გეგმარებითი დავალების საფუძველზე განისაზღვრება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებისას. ყოველივე ზემოხსენებულის თანახმად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ზონა არის გარკვეული ტერიტორიული ერთეული, ხოლო, ზონირება აღნიშნული ერთეულის გარკვეული საერთო ნიშნის მიხედვით დაგეგმარებისა და ორგანიზების ინსტრუმენტი და საშუალებაა, ფუნქცია კი, გამოხატავს იმ კონკრეტულ ფუნქციურ ნიშან-თვისებებსა თუ მახასიათებლებს, რომლის მიხედვითაც ხდება ზონირება, ამდენად ფუნქციური ზონირება არის სივრცის ურბანული დაგეგმარების, ათვისებისა და კონცეპტუალიზაციის მეთოდი. ფუნქციური ზონირება კომპლექსურობით გამოირჩევა, რომლის საბოლოო გეგმარებითი პროდუქტი უამრავი ფაქტორის შეჯერების უცილობელი შედეგია, აღნიშნულმა შესაძლოა მრავალმხრივი ზეგავლენა იქონიოს საკუთრების უფლებაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სადავო - სატყეო ზონა საკუთარი იურიდიული შინაარსით, უთანაბრდება „დე ფაქტო“ ექსპროპორიაციას. კერძოდ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების პირობების შერჩევა არ ეფუძნება მხოლოდ მესაკუთრის კერძო ავტონომიას, აღნიშნული პროცესი საჯარო ელემენტით არის დატივრთული, ამდენად, მასზე არსებით ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ურბანული ან/და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებით განსაზღვრული სამშენებლო - გეგმარებითი კონფიგურაციები, რომლებიც განსაზღვრავენ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების პირობებს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-3 მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის მიხედვით ფუნქციური ზონირების პრინციპი ტერიტორიისთვის შესაბამისი ნორმატიული რეჟიმის განსაზღვრას ნიშნავს, რომელიც ადგენს ასეთი ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების მარეგულირებელ ნორმებს. ტერიტორიები კი, გამოყენებისა და განვითარების მიზნით იყოფა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიებად (3.2 მუხ. „ა“-ბ“ ქვ.პ.), სამშენებლო ტერიტორიებზე ნორმატიული რეჟიმი დგინდება ფუნქციური ზონების და ქვეზონების და ძირითადი პარამეტრების დადგენით (3.3 მუხ), ხოლო, არასამშენებლო ტერიტორიებზე ცალკეულ შემთხვევებში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ფუნქციით განპირობებული მშენებლობა (3.4 მუხ.). ამავდროულად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფუნქციური ზონირება კონკრეტიზდება მიწათსარგებლობის ზონირების ნაწილად, რომელიც ახდენს დასახლების ტერიტორიების იდენტიფიცირებას მათი გამოყენების ერთგვაროვანი ან შერეული სახეობის მიხედვით, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით, დედაქალაქის ტერიტორია ძირითადად იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად, აგრეთვე, განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად/ქვეზონებად (15. 1. მუხ.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საკუთრების უფლების აბსოლუტურობას მოკლებული ბუნების იმანენტური შედეგია სახელისუფლებო აქტორის კონსტიტუციური უფლებამოსილება ფუნქციური ზონირების ინსტრუმენტით განახორციელოს საკუთრების უფლების შინაარსობრივი მასშტაბის, მისი სხვადასხვა განზომილებებისა თუ გამოვლინების რეგულირება, მისი ფარგლების გაზრდა ან შეკვეცა, საპირისპირო მოსაზრება ეფუძნება საკუთრების უფლების აბსოლუტურობის იდეას, რომელიც არაა საკონსტიტუციო წესრიგის ნაწილი. აუცილებელია, „მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, ამდენად, კანონმდებელი იტოვებს უფლებამოსილებას, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§8). სახელმწიფო მართალია არაა საკუთრების უფლების შემოქმედი და მას არც მისი გაუქმება ძალუძს, თუმცაღა, სახელმწიფოს შეუძლია უფლების გარკვეული საზღვრის დადგენა (სუსგ, ბს-ას-1908-2018, 2023 წლის 17 ოქტომბერი.). მიწის ნაკვეთისათვის ფუნქციური ზონის მინიჭება გულისხმობს საკუთრების უფლების როგორც შინაარსის, ასევე მისი ფარგლების დადგენას (სუსგ., ბს-1112(კ-18), 2021 წლის 26 იანვარი, სუსგ., ბს-1164(კ-20), 2022 წლის 16 დეკემბერი.). შესაბამისად, შეზღუდვის „კანონიერების“, ასევე, “დე ფაქტო” ექსპროპრიაციის შემოწმების ეტაპზე, ირელევანტურია გარემოება მასზედ, რომ ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთების მიმართ, ახალი ნორმატიული სინამდვილის ამოქმედებამდე ვრცელდებოდა სწორედ საცხოვრებელი ზონა - (სზ-1) რაც მნიშვნელობას ჰპოვებს თანაზომიერების შემოწმების ეტაპზე. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე შესაძლოა მიწის ნაკვეთის სამშენებლო პოტენციალის შეძენა, განვითარება, შეზღუდვა ან საერთოდ აკრძალვა (სუსგ., ბს-749(3კ-22), 2024 წლის 29 აპრილი.). ამასთანავე, ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლების მნიშვნელობით, ურბანული დაგეგმვის პოლიტიკა წარმოადგენს იმ სფეროს, რომელშიც სახელმწიფო აქტიურად ერევა, განსაკუთრებით საკუთრების უფლების კონტროლის გზით (ევროსასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Gorraiz Lizarraga and Others v. Spain, App. No. 62543/00, §70.).

სააპელაციო პალატას კანონიერების არსებითი ნაწილის შემოწმების ეტაპზე უნდა ემსჯელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №6-ით განსაზღვრული თვითნებობის (ნორმის ბოროტად გამოყენების) წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი იურიდიული მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №6-ის შესავალი ნაწილი ნათლად ცხადყოფს იმ მოცემულობას, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლის 2 ივნისის №1506-Iს კანონის (ძალადაკარგულია - 20.07.2018, №3213 კანონი) მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებელი დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოები უწყოდნენ იმ ნეგატიური ზეგავლენის თაობაზე, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმას შეიძლება ჰქონოდა მესაკუთრეთა უფლებრივ მდგომარეობაზე. რეკომენდაციების შემუშავება სწორედ ამ სულისკვეთების გამოძახილს წარმოადგენს, კერძოდ 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება დანართი №6-ის სახით შეიცავს არაერთ არსებით რეკომენდაციას, ვითარების გამოსწორება/დაძლევის გზებს, უფლებადაცვით პოტენციალს, გარანტიებს თვითნებობის წინააღმდეგ. რეკომენდაციები მიმოიხილავს ზიანის ანაზღაურების (ფულადი კომპენსაციის), სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ზონალური ცვლილების შეტანის ალტერნატივებს, მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ არსებით დეტალებს. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აღნიშნულ შესაძლებლობათა სრულყოფილად გამოკვლევა, უპირატესად კი, სასამართლოს ჩართულობის მეშვეობით, მორიგების ფორმატის ფარგლებში, დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე მითითებით (სსკ-ის 218.1 და 218.2 მუხ., სუსგ., ბს-749(3კ-22), 2024 წლის 29 აპრილი.).

სააპელაციო პალატას კანონიერების არსებითი ნაწილის შემოწმების ეტაპზე უნდა ემსჯელა ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ფოტოდოკუმენტაციაზე, რომლითაც, კასატორის შეფასებით, დგინდება ბუჩქნარის მეჩხერი ფორმით არსებობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთების სატყეო ზონისათვის მიკუთვნების საფუძვლები. მოცემული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ვინაიდან კანონიერება არ არის მხოლოდ ფორმალურ - იურიდიული კონსტრუქცია, აუცილებელია ნორმის ადრესატისათვის ცალკეული ღონისძიების მისი მდგომარეობის მიმართ გავრცელების საფუძვლების განჭვრეტადობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სივრცის დაგეგმარება ნიშნავს საზოგადოებრივი (მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური) პოლიტიკის გეოგრაფიულ ასახვას, რის საფუძველსაც კონცეპტუალურ დონეზე აყალიბებს მრავალმხრივი და მულტიდისციპლინური მიდგომა, ერთიანი გეგმარებითი სტრატეგიის შესაბამისად დაბალანსებული ფიზიკური სივრცის ორგანიზება (სდასსკ-ის 3 მუხ. ჰ14) ქვ.პ.)). დაგეგმვაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო დაგეგმარების ძირითადი მიზნების, ამოცანებისა და საკვანძო პრინციპების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროებებს, ამ პროცესში კი, გამოკვეთს პრიორიტეტულ მიმართულებებს და აყალიბებს სივრცის გარკვეული მიმართულებით განვითარების აუცილებლობას (სდასსკ-ის 3 მუხ. ჰ15) ქვ.პ.)). ამდენად, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა არის დასახლებებისა და სხვადასხვა ტიპის ტერიტორიებისთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესი (სდასსკ-ის 3 მუხ. ჰ22) ქვ.პ.)). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ქალაქგეგმარების საკვანძო კომპონენტია ფუნქციური ზონირება, რაც გულისხმობს გარკვეული სივრცისათვის იმ ფუნქციური დანიშნულების მიკუთვნებას, რომელსაც ასეთი ზონის ბუნება გამოხატავს, აღნიშნული პროცესი მიზანშეწონილობის ელემენტით არის დატვირთული, თუმცა, ეს ელემენტი არ გულისხმობს კანონიერი მიზნების იგნორირებას, აუცილებელია ფუნქციური ზონირება ასახავდეს საგანთა ნამდვილ, ჭეშმარიტ მდგომარეობას. საკასაციო პალატა კასატორის შეფასებების გადასამოწმებლად გაეცნო https://tas.ge/ ასევე https://maps.gov.ge/map/portal ინტერაქტიულ რუკაზე ასახულ აეროფოტოდოკუმენტაციას, რომელშიც დანამდვილებით შეინიშნება გარკვეული დოზით მწვანე ნარგავები, კერძოდ, ბუჩქები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთების სატყეო ზონისადმი მიკუთვნების კანონიერება. მით უფრო კი, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტაციისა და ტყის ლეგალური დეფინიციის წინაპირობების გამოკვლევის გარეშე, გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებები სადავო მიწის ნაკვეთების ტყის ზონად მიჩნევის თობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატყეო ზონა არის ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრილ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს. „ტყე“ განიმარტება კანონის „ტყის კოდექსის“ (2020 წლის 22 მაისის კანონის N 5949-სს) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლითაც „ტყე“ განმარტებულია როგორც ტყის კონტურის შიგნით არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია, ასევე სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე, „ტყის კოდექსით“ განმარტებულია როგორც „ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიის“ (ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს. 2 მუხ. ბ. ქვ.პ. ბ.ა) ქვ.პ.პ.) ასევე „სხვა ტერიტორიის“(ტერიტორია, სადაც ტყის შემქმნელი სახეობები ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია; ტყის მიწა − ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვა. 2 მუხ. „ბ“ ქვ.პ. „ბ.ბ)“ ქვ.პ. „ბ.ბ.ა)“ ქვ.პ.პ. „ბ.ბ.ბ)“ ქვ.პ.პ.)), “ხის” (მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია. 2 მუხ. „ნ“ ქვ.პ.) და “ბუჩქის” (მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია. 2 მუხ. „ო“ ქვ.პ.) საკანონმდებლო ცნებებიც. შესაფასებელია ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე უშუალოდ ტყის საფარით ან/და ინტენსიური მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის არსებობა. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონის 11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს „მწვანე ნარგავების“ დეფინიციას, მწვანე ნარგავებში ერთიანდება მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები. ადმინისტრაციულ ორგანო, ასკ-ის 17.2 მუხლით, მოვალეა დაასაბუთოს არამხოლოდ ის საკანონმდებლო ფაქტორები, რომელთაც ეფუძნება ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთების სატყეო ზონისადმი კუთვნილება, არამედ, აგრეთვე უტყუარად უნდა წარმოაჩინოს ურთიერთკავშირი, მიზნობრივი დამოკიდებულება „ტყის კოდექსის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ მიზნებსა და სადავო მიწის ნაკვეთების სატყეო ტერიტორიებად მიჩნევას შორის. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე იდენტურ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასება, რომლის მიხედვით: “სადავო ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების არსებობა იმთავითვე არ ადასტურებს მისთვის სატყეო სტატუსის მინიჭების მართებულობას, შეფასებას საჭიროებს ტერიტორიის ტყის ზონად მიჩნევისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებობა … მხოლოდ მწვანე ნარგავების ფაქტობრივად არსებობა, ნარგავებით დაკავებული ტერიტორიის ფართობის, ხეთა განლაგების სიმჭიდროვისა და სიხშირის და სხვა შესაბამისი გარემოებების შეფასების გარეშე, არ არის საკმარისი ტერიტორიის სატყეო ზონად მიჩნევისა და მისთვის ასეთი სტატუსის მისანიჭებლად” (იხ. სუსგ., ბს-749(3კ-22), 2024 წლის 29 აპრილი.). ამასთანავე, კასატორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ახლო მდებარე რადიუსში მყოფ ს/კ ... მიწის ნაკვეთზე ელექტრონულ ინტერაქტიულ რუკაზე ასახული ტექსტურ-გრაფიკული მონაცემების თანახმად ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), რომელზეც შეინიშნება ხე მცენარეების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს სზაკ-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპზე და აღნიშნავს, რომ საჯარო მმართველობა შებოჭილია თანმიმდევრულობის პრინციპით, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, პოლიტიკურ-სამართლებრივი პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო ერთ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას, ბუნებრივად უნდა გავრცელდეს მეორე შემთხვევაზეც, ვინაიდან არსებითად მსგავსია მათ საფუძვლად არსებული გარემოებები.

ლეგიტიმური მიზნის სტადია: საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საჯარო ხელისუფლების ნებისმიერი ჩარევა პირის საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო (ან საერთო) მიზანს (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Béláné Nagy v. Hungary, App. No. 53080/13, §113.). სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემის არსებობის შეფასება, რომელიც საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ეფექტის მქონე ღონისძიებების გატარებას განაპირობებს. „საჯარო ინტერესის“ ცნება, თავისი არსით, აუცილებლობით ფართო მნიშვნელობის შემცველია. მოცემულის შესაბამისად, „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითიც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან მომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§17). კონსენსუსის საგანია, რომ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების გეგმების დამტკიცება სრულად თავსდება საჯარო ინტერესის კონცეფციის ფარგლებში, კანონზომიერიც კია მსხვილი ქალაქების განვითარების მსგავს რთულ და კომპლექსურ სფეროში, შეფასების ფართო ფარგლების არსებობა ქალაქთმშენებლობითი პოლიტიკის რეალიზების მიზნით (Sporrong and Lönnroth v. Sweden, 23.09.1982წ. App. Nos 7151/75 და 7152/75, §69; ევროსასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Skibińscy v. Poland, App. No. 52589/99, §86.). საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პირველი საფეხურია მიწათსარგებლობის რეგულირება, იგი ხორციელდება გენერალური გეგმის მეშვეობით. გენერალური გეგმის ამოცანაა დასახლების მთელი ტერიტორიის განვითარება, მისი გამოყენებისა და განაშენიანების ზოგადი რეგულირება და სათანადო უზრუნველყოფა (სდასსკ-ის 37.2 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოკვეთეს სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღების ლეგიტიმური მიზნები. აღნიშნული მიზნები აბსტრაქტული და კონკრეტული სახით დეტალურად არის გაწერილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №2-ით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია - 20.07.2018, №3213 კანონით) მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანებიდან გამომდინარე, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მიზნად ისახავს ქალაქ თბილისის სივრცითი და ტერიტორიული განვითარების მიმართულებების ფორმირებას მიწათსარგებლობის ზოგადი პირობების დადგენისა და საამისოდ აუცილებელი იურიდიული საფუძვლების შექმნის მეშვეობით. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აღწერს და ეყრდნობა ტერიტორიების ძირითად არსებულ ფუნქციურ, გეგმარებით-სტრუქტურულ და სივრცით - მოცულობით მდგომარეობასა და მოქმედ სამშენებლო გავნითარებით შეზღუდვებს (№39-18 დადგენილების დანართი №2-ის 2.12 მუხ.). მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის ტერიტორიების განვითარებითი მიმართულებების დადგენისას ეყრდნობა და გამოყოფს შემდეგ ძირითად კონცეპტუალურ მიმართულებებს: ა) კომპაქტური ქალაქი; ბ) მწვანე ქალაქი; გ) კარგად შეკავშირებული ქალაქი; დ) მედეგი ქალაქი. ამდენად, ფუნქციური ზონირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიების პრიორიტეტულ ფუნქციების განსაზღვრა და მათი განვითარების მიმართულებების დადგენა (№39-18 დადგენილების დანართი №2-ის 2.14 მუხ.). ამდენად, სატყეო ფუნქციური ზონა, რომელიც მოიცავს თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებსა და სატყეო ტერიტორიებს და რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, მიზნად ისახავს სატყეო ეკოსისტემის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, „ტყის კოდექსის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნების შესრულებსას. მაშასადამე, მართებულია ლეგიტიმური მიზნების განსაზღვრა სააპელაციო პალატის მხრიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის მხოლოდ ლეგიტიმურ (საჯარო) მიზანზე მითითება საკმარისი არ არის, სააპელაციო პალატამ არ იქონია მსჯელობა გამოყენებული შეზღუდვის თანაზომიერებასთან დაკავშირებით.

გამოსადეგობის სტადია: საკასაციო პალატა შენიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიების გამოსადეგობასთან დაკავშირებული მსჯელობისას გამოკვლევას საჭიროებს ლოგიკური და რაციონალური კავშირის არსებობა დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის, კერძოდ „რამდენად იძლევა ნორმა დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-§48). უდავოა ის, რომ გამოყენებული საჯარო ზომა ფორმალური თვალსაზრისით, მისაღწევი მიზნიდან გამომდინარე, სრულად აკმაყოფილებს ლოგიკურობისა და რაციონალურობის კრიტერიუმს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ III თავი განსაზღვრავს განაშენიანებისგან თავისუფალ (არასამშენებლო) ტერიტორიებსა და დამცავ ზონებს, რომლის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი „გ“ ქვეპუნქტი სატყეო ტერიტორიებს განაშენიანებისაგან თავისუფალ ტერიტორიებად აცხადებს. აღნიშნული გეგმარებითი გადაწყვეტა პირდაპირ გამოხატავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №2-ით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის 58-ე მუხლის პირველი, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლებიც ადგენენ სატყეო ზონის მასშტაბებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ლოგიკური და ფორმალური თვალსაზრისით თანმიმდევრულია სატყეო ზონის გავრცელების კვალდაკვალ გარემოს დაცვის, ბიომრავალფეროვნების, სატყეო ეკოსისტემისა და სხვა ღირებული საჯარო მიზნების მიღწევის რაციონალურად მიჩნევა. ამასთანავე, აღიარებულია ისიც, რომ დღევანდელ სოციუმში გარემოს დაცვას მზარდი მნიშვნელობა ენიჭება, გარემოს დაცვა უშუალოდ საჯარო ინტერესის საგანს განეკუთვნება (ევროსასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Svitlana Ilchenko v. Ukraine, App. No. 47166/09, §70.).

აუცილებლობის სტადია: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებამზღუდავი ზომის „აუცილებლობის“ შემოწმებისას, მნიშვნელოვანია უფლებამზღუდავი ზომის ინტენსივობის განსაზღვრა, უფლებამზღუდავი ღონისძიება მარტოოდენ ცხადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინტენსივობით და მოცულობით უნდა ზღუდავდეს უფლებას, იმაზე მეტად არ უნდა შეიზღუდოს უფლებრივი სიკეთე, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. უკეთუ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი იმავე ეფექტურობით ვერ მიიღწევა სხვა ნაკლებად ინტენსიურად მზღუდავი საშუალებით, აუცილებლობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად მიიჩნევა. არსებითია განისაზღვროს დასახული მიზნის რეალიზების შესაძლებლობა პირის ძირითადი უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებებით შეზღუდვისას და შეფასდეს გახდა თუ არა აღნიშნული ალტერნატიული ზომების გამოყენება ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სათანადო მსჯელობის საგანი (ევროსასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Vaskrsić v. Slovenia, App. No. 31371/12, §83.). ამ სტადიაზე მსჯელობისას საგულისხმოა კასატორის არაერთგზისი მითითება ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მდებარეობენ კასატორის მიწის ნაკვეთებთან ... და ს/კ ... ახლო მდებარე რადიუსში, რასაც ცხადყოფს https://tas.ge/-ის ინტერაქტიულ ელექტრონულ რუკაზე ასახული გრაფიკული და ტექსტობრივი მონაცემები. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა – 1 (სზ-1), ს/კ ... მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა – 2 (რზ-2), ხოლო ს/კ ... მიწის ნაკვეთზე კი ვრცელდება სარეკრეაციო ზონა – 2 (რზ-2) (ე.წ. „კომპარატორი“). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №2-ით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის 53-ე მუხლის, და 64-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საერთო შინაარსის გათვალისწინებით, სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2) მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, იგი მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ არსებულ/დაგეგმილ დასასვენებელ, სამკურნალო, სპორტულ და გასართობი გამოყენების ტერიტორიებს, იგი აღირიცხება თბილისის დაგეგმარების გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე, მასზე დატანილია შესაბამისი მონაცემები თბილისის ტერიტორიაზე არსებული აღნიშნული (მწვანე) სარეკრეაციო ზონისა და არეალის შესახებ. აღნიშნული სარეკრეაციო ქვეზონის გეგმარებითი სპეციფიკა იდენტურად არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად დასაშვებ სახეობებს, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვებ სახეობებს, ხოლო, მათ შორის, ითვალისწინებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო წესია, იგი შეიძლება გაიცეს გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებაზე, რაც განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებით საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას (22.1 მუხ., 22.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). საგულისხმოა, რომ სპეციალური ზონალური შეთანხმების დასაშვებობა მოითხოვს ტერიტორიის რაციონალური და ეფექტური გამოყენების საგამონაკლისო აუცილებლობის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის უცვლელობის კუმულაციურ დასაბუთებას (22.3 მუხ. „ა“-„ბ“ ქვ.პ.). რაც შეეხება საცხოვრებელ ზონა – 1 (სზ-1)-ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №2-ით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის 36-ე მუხლი განაშენიანების დომინირებულ სახეობად ადგენს სასოფლო-სააგარაკო ფუნქციის ერთბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხოლო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) არის დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული დადგენილების დანართი №1-ის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად დასაშვებ, დომინირებულ სახეობად ადგენს ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიწის ნაკვეთებზე (... და ს/კ ...) საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)-ის გავრცელება მას აღჭურავდა სასურველი განაშენიანების, ხოლო, სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2)-ის გავრცელება მას მიანიჭებდა უშუალოდ სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ფორმალურ-იურიდიულ შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ არ იქონია შეფასება გამოყენებული ზომის აუცილებლობასთან დაკავშირებით, კერძოდ, არ არის განსაზღვრული რატომ არ მიიღწევა სათანადო ეფექტიანობით კასატორის მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)-ის ან სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2)-ის გავრცელებით იგივე ან იმავე ლეგიტიმური მიზნების არსებითად მსგავსი მიზნები, რომელსაც სატყეო ზონის შემთხვევაში აქვს ადგილი, არ არის დასაბუთებული სივრცის მოწყობისა და ქალაქგეგმარების უშუალოდ რომელმა ფაქტორებმა გამორიცხეს ამ ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული ზონების გავრცელებით სივრცის ამგვარი ორგანიზება. მით უფრო კი იმ პირობებში, რომ კასატორის მითითებით, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე (ს/კ ... და ს/კ ...) ფუნქციური ზონის სახით ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1). ისევე როგორც მოცემულ საკადასტრო ბლოკში (მაგ.: ს/კ ... და ... მიწის ნაკვეთებზე შეინიშნება შენობა-ნაგებობის არსებობა), ასევე ზოგადად მითითებულ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანება, არ ადასტურებს იმას, რომ მოცემულ არეალს შეზღუდული წვდომა გააჩნია სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და კომუნალურ სერვისებზე (სუსგ., ბს-794(3კ-22), 29.04.2024წ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი საჭიროებს ჯეროვან დასაბუთებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალში თანასწორობის პრინციპი კონსტიტუციური რანგის მქონეა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის შეგრძნების გაღვივებას საზოგადოების სხვადასხვა წევრს შორის, ვითარებათა არსებითი მსგავსების შემთხვევაში, ცალკეული პირი აღიჭურვება გარკვეულ უფლებრივ სიკეთეზე პრეტენზიის გაცხადების ნორმატიული შესაძლებლობით. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სიმწვავით წარმოჩნდება აგრეთვე სზაკ-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანასწორობის პრინციპის იმპერატივი, ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ შეფასება/გამოკვლევას საჭიროებს ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთების სამართლებრივი მდგომარეობა, მათი როგორც ამჟამინდელი, ასევე წარსულში არსებული ფუნქციური ზონირება, მათზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მშენებლობის ნებართვები და ა.შ. (მათ შორის https://tas.ge/-ის ინტერაქტიულ ელექტრონულ რუკაზე ასახული გრაფიკული და ტექსტობრივი მონაცემების მეშვეობით). ხსენებულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, შესაფასებელია სადავო და შესადარებელ მიწის ნაკვეთებს შორის მსგავსება/განსხვავება, ხოლო, მათი მსგავსების შემთხვევაში, არგუმენტირებული და რაციონალური დასაბუთება ცალკეულ შემთხვევაში სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2)-ის ან საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)-ის გავრცელებასთან, უშუალოდ კასატორის შემთხვევაში კი, სატყეო ზონის გავრცელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კონტექსტში, სააპელაციო პალატამ არ იქონია რაიმე მსჯელობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებზე, რაც უკავშირდებოდა ს/კ ... მიწის ნაკვეთზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ამოქმედების შემდგომში მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის საფუძვლით მშენებლობის ახალი ნებართვის (სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის №5216760 ბრძანება) გაცემასა და „უკანონობაში თანასწორობის არარსებობის” პრინციპზე მითითებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის №5216760 ბრძანების კანონიერება არ ყოფილა განსჯის საგანი, საქმის მასალები არ შეიცავს ცნობებს აღნიშნული აქტის უკანონობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია ზემოაღნიშნულ პრინციპზე მითითება. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სააპელაციო პალატის მიერ უფლებამზღუდავი ზომის აუცილებლობაზე მსჯელობას ადგილი არ ჰქონია.

პროპორციულობა ვიწრო გაგებით: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანაზომიერების „ტესტის“ საბოლოო საფეხურს წარმოადგენს ვიწრო გაგებით პროპორციულობის შეფასება. აღნიშნული სტადიის ფარგლებში, შესაფასებელია სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Beyeler v. Italy, App. No. 33202/96, §107). სამართლიანი ბალანსის დაცულობის საკითხი სამართლებრივ რელევანტურობას მხოლოდ მას შემდეგ იძენს, რაც დადასტურდება, რომ სადავო ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, პასუხობდა კანონიერების კრიტერიუმს და არ იყო თვითნებური (ევროსასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Iatridis v. Greece, App. No. 31107/96, §58.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროპორციულობის ტესტის მიზანი, პირველ ყოვლისა, არის სადავო ჩარევის შედეგად პირის უფლების შეზღუდვის ფორმისა და ინტენსივობის განსაზღვრა, აგრეთვე იმ ნეგატიური შედეგების დადგენა, რომლებიც დაწესებულმა შეზღუდვამ იქონია პირის მდგომარეობაზე, შემდგომ ეტაპზე აღნიშნული ზეგავლენა უშუალოდ უპირისპირდება იმ საჯარო ინტერესის მნიშვნელობას, რომლის რეალიზებასაც ემსახურებოდა განხორციელებული ჩარევა. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ შეზღუდვის შედეგად მისაღწევი მიზანი უნდა აღემატებოდეს შეზღუდვის შედეგად დაცულ ინტერესს, აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში კი, უფლებამზღუდავი ღონისძიება არაპორპოციულად მიიჩნევა. სადავო შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ ფუნქციური ზონირება არ არის პროპორციულობის მოთხოვნისაგან ავტონომიურად არსებული იურიდიული ფენომენი, რომელიც მხოლოდ ფუნქციური ზონირების შედეგის გათვალისწინებით, „ბალანსდება“ პირის ძირითად უფლებრივ სიკეთეებთან, პირიქით, ფუნქციური ზონირების, როგორც ტერიტორიების გამოყენებისა და არსებული სივრცის ორგანიზების, კონცეფციაში იმანენტურია პროპორციულობის დაცულობის იმპერატივი საკანონმდებლო დონეზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ დანართი №2-ით განსაზღვრული ტექსტური ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი პროპორციულობის პრინციპს თვით ფუნქციური ზონირების დეფინიციურ კომპონენტად ასახელებს, ფუნქციური ზონირება, ინტერესთა შეჯერების საფუძველზე, განსაზღვრავს ქალაქის ტერიტორიების პრიორიტეტულ ფუნქციებს და ადგენს მათი განვითარების მიმართულებებს. აღნიშნული არ არის იურიდიული ნოვაცია, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლის 2 ივნისის №1506-Iს კანონის (ძალადაკარგულია 20.07.2018წ. №3213 კანონით) მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი განსაზღვრავდა საჯარო და კერძო ინტერესებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერებას პირდაპირ ასახელებს საქართველოს მთელი ტერიტორიის, მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მეთოდოლოგიურ პირობად, რომელიც ინტეგრირდება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებში. ფუნქციური ზონირების პროცესში ინტერესთა შეჯერება არის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არსებული ვალდებულება, რომლის იურიდიულ ბაზისსაც წარმოადგენს სზაკ-ის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესის პროპორციულობის იმპერატივი. სზაკ-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი უშუალოდ აყალიბებს თანაზომიერების „ტესტის“ შინაარსობრივ პირობებს, რომლის ფარგლებშიც შეფასებას საჭიროებს კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა, აგრეთვე იმ სიკეთის მოცულობა, რომელიც ამ უფლების შეზღუდვით მიიღწევა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება შეზღუდვის მიზნით განპირობებულ სიკეთეს, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საერთოდ არ გამოიცემა ასეთი აქტი. ამ დებულებიდანვე გამომდინარეობს სზაკ-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიც, რაც განსაზღვრავს დისკრეციის განხორციელებისას სამართლიანი ბალანსის დაცულობის დასაბუთებას შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის, აქტით განსაზღვრულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, უფლებშემზღუდველი ზომის დასაშვებობა სწორედ მის პროპორციულ დასაბუთებულობას ეფუძნება (ბს-749(3კ-22), 2024 წლის 29 აპრილი.). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფუნქციური ზონირება იწვევს მესაკუთრის უფლებრივი მდგომარეობის ცვლილებას, საკუთრების შინაარსის მასშტაბის მოდიფიცირებას მხოლოდ პროპორციულობის პრინციპის ფარგლებში, კანონმდებლობა შებოჭილია თანაზომიერების იმპერატივით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

სააპელაციო პალატის მიერ უგულვებელყოფილ იქნა პროპორციულობის სტადია. მხედველობაში არ არის მიღებული კასატორის მითითებები იმ თვალსაზრისით, რომ როგორც უშუალოდ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 05 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმით“, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ კასატორის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე (ს/კ ... და ს/კ ...) ფუნქციური ზონის სახით ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა – 1 (სზ-1), რომელიც მესაკუთრეს ანიჭებდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების მრავალმხრივ სამშენებლო შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებითია ფუნქციური ზონირების რადიკალური გრადაცია, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლებრივი სფეროს პოტენციალის პერსპექტივიდან, საცხოვრებელი ზონა – 1 (სზ-1)-დან სატყეო ზონამდე „დაღმასვლა“, ამ გრადაციის კვალდაკვალ კი, სამშენებლო პოტენციალის ნულოვან ნიშნულამდე დაცემა. სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა კასატორის მიერ არაპროპორციული, გადამეტებული ტვირთის ზიდვის არსებობა (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Broniowski v. Poland, App. No. 31443/96, §151; იხ. ასევე., Sporrong and Lönnroth v. Sweden, 23.09.1982წ. App. Nos 7151/75 and 7152/75, §73.). განსახილველ შემთხვევაში ერთ მხარეს დგას კონკრეტული მოსარჩელის ინტერესი აღიჭურვოს სამშენებლო შესაძლებლობით, ხოლო მეორე მხრივ დგას ქალაქის მდგრადი ურბანული განვითარების, ინკლუზიური, უსაფრთხო და მედეგი საქალაქო სივრცის შექმნა. ამდენაად, სააპელაციო პალატამ კასატორის საკუთრების უფლებით დაცული სფერო, ამ დაცულ სფეროში შემავალი პოტენციალი, უნდა შეუპირისპიროს/დააბალანსოს, იმ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებთან, რომლის მისაღწევადაც შეიზღუდა ეს უფლება და განსაზღვროს სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, ასევე დაადგინოს აღმატებული ინტერესი, კერძოდ, შეაფასოს აღემატება თუ არა შეზღუდვით დაცული სიკეთე ასეთი შეზღუდვით მიყენებულ ზიანს, საქმის მასალების სრული და ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე, ამ განჩინებაში ჩამოყალიბებული მითითებების შესაბამისად.

საკასაციო პალატა დამატებით ამახვილებს ყურადღებას კასატორის მითითებაზე მოთხოვნის ტრანსფორმირების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა განახორციელოს როგორც მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, ისე სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მიზნის მიღწევის შესაძლებლობის სრულყოფილი შეფასება. ამასთან, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არსებობს თუ არა მოთხოვნის ტრანსფორმირების ინსტიტუტის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს არ მიეცათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე