შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-70(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 5 ივლისს მ. კ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმდა მ. კ-ეისათვის ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ...) რეგისტრაცია. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. კ-ეის სახელზე, ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ. კ-ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სოციალური პაკეტის მიმღები პირი, რომელსაც ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე. მ. კ-ე ცალკე კომლის სახით გამოეყო მის ძირითად ოჯახს და სახელმწიფოს მიერ, როგორც ცალკე კომლს გადაეცა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც თავის მხრივ, 2020 წლის 6 ივნისს წერილით მიმართა ბათუმის მერიას, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით. ბათუმის მერიის მიერ დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით კი, მ. კ-ეს დაურეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართი). თუმცა იმავე დღეს, ბათუმის მერიის N... წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა გააუქმა ქონების რეგისტრაცია, რაც მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია.
2022 წლის 4 ივლისს მ. კ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს უძრავი ქონების, მდებარე: ..., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული 2 500 კვ.მ, ს/კ ..., საკუთრებად რეგისტრაცია, სხვა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც მ. კ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აგვისტოს განჩინებით, მ. კ-ეის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება; მ. კ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქონების, მდებარე: ..., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული 2 500 კვ.მ, ს/კ ..., საკუთრებად რეგისტრაცია, სხვა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 07.06.2021 წლის N... წერილი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის N... (09.06.2021) გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მ. კ-ეისათვის ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ..., რეგისტრაცია; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. კ-ეის სახელზე, ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ..., საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“, ,,კ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლის პირველ, მე-2 პუნქტებზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლზე, ასევე, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე და ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მერიამ მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მის მიერვე გაცემული 2020 წლის 12 ოქტომბრის N60 ბრძანების (რომლითაც დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის იდენტობა) კანონიერების შემოწმების თაობაზე, არ ქმნიდა უკვე რეგისტრირებული მონაცემების გაუქმების საფუძველს, რადგან როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, მ. კ-ეის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სააგენტოს მიერ უკვე მომხდარი იყო, ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტების, კერძოდ, მიწის ნაკვეთის აზომვითი/აგეგმვითი ნახაზების, მერიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის და თავად საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული ყველა სხვა აუცილებელი დოკუმენტების, მათ შორის საარქივო ცნობების საფუძველზე, რაც საკმარისი იყო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. საქალაქო სასამართლოს პოზიციით, საჯარო რეესტრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა უფლება გაეუქმებინა სადავო რეგისტრაცია, თუ მას წარედგინებოდა ადმინისტრაციული წარმოების დამთავრების საბოლოო შედეგი, რომლითაც გაუქმებული იქნებოდა მერიის მიერვე გაცემული 2020 წლის 12 ოქტომბრის N60 ბრძანება, მიწის ნაკვეთის იდენტურობაზე, რომლის კანონიერების შესწავლის მიზნითაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 07.06.2021წ. №... წერილის ბათილად ცნობის ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - მ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასაჩივრებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 07.06.2021 წლის N... წერილი. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს აღნიშნულ (გასაჩივრებულ) ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით მ. კ-ეის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტები ძალაშია. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური 07.06.2021 წლის N... წერილით (რომელიც მარეგისტრირებელმა ორგანომ საფუძვლად დაუდო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 09.06.2021 წლის N... გადაწყვეტილებას) არ ითხოვდა N... საკადასტრო კოდზე, მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას. მერიის სამსახური მიუთითებდა მხოლოდ შემდგომი სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებისგან თავის შეკავებაზე. ასეთ პირობებში კი, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ 09.06.2021 წლის N... გადაწყვეტილება მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გამოიცა კანონისმიერი საფუძვლის არარსებობის პირობებში.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე მითითებით არ გაიზიარა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 07.06.2021 წლის N... წერილი არ უნდა იქნეს განხილული როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მ. კ-ეის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია 07.06.2021 წლის N... წერილი არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მ. კ-ეის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან ის არ შეიცავდა რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს (არ მიუთითებდა მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 12.10.2020 წლის N60 ბრძანების (იდენტურობის დადგენის შესახებ) გაუქმებაზე), თუმცა წერილი თავისის შინაარსით და მისი შესაძლო შედეგებით მაინც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან მიუთითებს მარეგისტრირებელ ორგანოს მ. კ-ეის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის (სარეგისტრაციო დოკუმენტის (იდენტურობის დადგენის შესახებ 12.10.2020 წლის N60 ბრძანების) კანონიერების შემოწმების მიმდინარეობაზე, რაც შეიძლებოდა განხილულიყო როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლით (რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება) განსაზღვრული შემთხვევა და არა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო გასაჩივრებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ამ ნაწილში მ. კ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ერთი მხრივ თავად განმარტავს, რომ მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოხდა კანონისმიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში, ხოლო მეორე მხრივ, სარჩელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 07.06.2021 წლის N... წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, არ აკმაყოფილებს. კასატორის განმარტებით, ფაქტია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაშვებული იქნა შეცდომა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მ. კ-ეის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, თუმცა სააგენტო დღემდე სწორედ აღნიშნული წერილის გამო ვერ ახდენს მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რადგან წერილის თანახმად, აკრძალული აქვს ქონებაზე რაიმე მოქმედების განხორციელება. ამასთან, მართალია აღნიშნული წერილის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა იგი დღემდე არ არის დასრულებული. აღნიშნული კი ცალსახად არღვევს მ. კ-ეის (რომელიც არის შშმ სტატუსის მქონე პირი და ჰყავს ორი შვილი) კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან იგი წლების მანძილზე ვერ ირეგისტრირებს მის საკუთრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 31 იანვარს მ. კ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ხელვაჩაური, ს. ..., უფლების სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, რომლის ფარგლებშიც სააგენტომ მ. კ-ეის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონების დადგენისა და განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის იდენტურობის დადასტურების მიზნით, წერილებით მიმართა ხელვაჩაურის არქივს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2020 წლის 7 თებერვლის N01-20/175 წერილით (ცნობა), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ს თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ მ. კ-ე ირიცხება კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად. კომლს საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ აქვს. კომლს ერიცხება პირად სარგებლობაში მიწის ფართობი 0.25ჰა. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2020 წლის 12 ოქტომბრის N60 ბრძანების თანახმად, დადგინდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2020 წლის 7 თებერვლის N01-20/175 წერილში მითითებული ხელვაჩაურის არქივში დაცული, ხელვაჩაურის რაიონის ...ს თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერების მიხედვით, მ. კ-ეის კომლზე მიკუთვნებული 0.25ჰა მიწის ნაკვეთისა და მის მიერ 2020 წლის 31 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ N... განცხადებაზე თანდართულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: ინდ. მეწარმე ,,რ...’’, თარიღი - 2020 წლის 29 იანვარი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის N... გადაწყვეტილებით, მ. კ-ეის 2020 წლის 31 იანვრის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ..., დაზუსტებული ფართობი: 2 500 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N01, საერთო ფართით 33.90 კვ.მ., ს/კ N..., დარეგისტრირდა მ. კ-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიეთითა: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 12.10.2020 წლის N60 ბრძანება (ადგილმდებარეობის დადასტურება) და საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს - ხელვაჩაურის არქივის 07.02.2020 წლის N01-20/175 საარქივო ცნობა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურმა 2021 წლის 7 ივნისს N... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებაში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების (2020 წლის 12 ოქტომბრის N60 ბრძანება) კანონიერების შესწავლის მიზნით. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და ზემოთ მითითებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ განეხორციელებინა შემდგომი სარეგისტრაციო მოქმედებები (უფლების რეგისტრაცია).
დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 9 ივნისს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ..., დაზუსტებული ფართობი: 2 500 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N01, საერთო ფართით 33.90 კვ.მ., ს/კ N..., რეგისტრაცია გაუქმდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის სწორედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის კანონიერებას; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის N... გადაწყვეტილების კანონიერებას, რომლითაც გაუქმდა მ. კ-ეისათვის ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ...) რეგისტრაცია. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. კ-ეის სახელზე, ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ...) რეგისტრაციის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 07.06.2021 წლის N... წერილი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის N... (09.06.2021) გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მ. კ-ეისათვის ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ..., რეგისტრაცია; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. კ-ეის სახელზე, ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ..., საკუთრების რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 07.06.2021წ. №... წერილის ბათილად ცნობის ნაწილში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - მ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებულია საკასაციო წესით. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის კანონიერების შეფასება. დანარჩენ ნაწილში მ. კ-ეის სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამოწმებს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის დამოუკიდებელი პროცესუალური სტადიის დადგენა ემსახურება პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები, რომელთა დასაშვებობაც მითითებული მუხლების შესაბამისად მოწმდება (სასკ-ის 262 მუხლი). სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილებითი სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული აქტის არსებობა, ანუ სარჩელის საგანს უნდა შეადგენდეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის, ის უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი, ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტებს. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტები არა ალტერნატიული, არამედ კუმულატიური სახით არის რეგლამენტირებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ აქტად, როდესაც იგი სრულად შეესაბამება სზაკ-ით დადგენილ ინდივიდუალური აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევას. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს, რომლის გამოცემითაც ხდება სამართლის ნორმით განხორციელებული ზოგად-აბსტრაქტული მოწესრიგების კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია. მოწესრიგება, როგორც ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტი, არ არის სახეზე, როდესაც საჯარო სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. ამა თუ იმ დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ამ დოკუმენტს შეეძლოს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად გამოწვევა, რაც განსაზღვრავს გასაჩივრებისადმი იმავე დოკუმენტის დამოუკიდებლად დაქვემდებარების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ე ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის ბათილად ცნობას, რომელსაც მართალია გააჩნია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი (მერია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს; წერილის გაცემის უფლებამოსილება გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით; წერილი ინდივიდუალური ხასიათისაა), მაგრამ მას არ აქვს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი - ის დამოუკიდებლად, უცილობლად არ იწვევს ადრესატისათვის რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, ის მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, თუმცა დამოუკიდებლად ის ვერ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის შინაარსზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებაში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების (2020 წლის 12 ოქტომბრის N60 ბრძანება) კანონიერების შესწავლის მიზნით. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და ზემოთ მითითებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ განეხორციელებინა შემდგომი სარეგისტრაციო მოქმედებები (უფლების რეგისტრაცია). ამდენად, აღნიშნული წერილით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ ითხოვდა უძრავ ნივთზე მ. კ-ეის საკუთრების უფლების გაუქმებას, წერილში ასევე არ ყოფილა მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების 2020 წლის 12 ოქტომბრის N60 ბრძანების (იდენტურობის დადასტურების შესახებ) გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს ეხება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნიდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმების კანონით დადგენილ რომელიმე საფუძველს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სწორედ აღნიშნული წერილის საფუძველზე იქნა მიღებული 2021 წლის 9 ივნისის N... გადაწყვეტილება, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ..., დაზუსტებული ფართობი: 2 500 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N01, საერთო ფართით 33.90 კვ.მ., ს/კ N..., მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამდენად, მოსარჩელისთვის სამართლებრივი შედეგი წარმოშვა (მისი საკუთრების უფლება გაუქმდა) სწორედ სააგენტოს მითითებულმა გადაწყვეტილებამ, რაც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მმართველობითი საქმიანობის განხორციელებისას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია კონკრეტული შემთხვევის სწრაფი და იძულების გზით აღსრულებადი, ცალმხრივი მოწესრიგების საშუალება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანს წარმოადგენს ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით წარმოშვას სამართლებრივი შედეგი. მისი ცალმხრივობა იმაში გამოიხატება, რომ ამ აქტის ეფექტი და ზემოქმედება შეიძლება მიიღწეოდეს მისი ადრესატის ნების საწინააღმდეგოდაც. ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი აქტი არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მომტანი და არსებობს მისი შესრულების სამართლებრივი ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქმედება განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. ინდივიდუალური აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება მიმართულია ცალმხრივად და უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ. ადმინისტრაციული აქტის ცალმხრივობა და მისი შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქტის ცნების ის ელემენტებია, რაც (აქტის ცნების სხვა ელემენტებთან ერთად) აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს ქმნის. მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, არა გვაქვს, როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ე.ი. როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიწოდებასთან ან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განხორციელებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე. (სუსგ Nბს-627(კ-21), 31.10.2023წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, მაგრამ არა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემით, არამედ სწორედ ასეთის გამოცემის გარეშე. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში გასაჩივრებას შესაძლოა დაექვემდებაროს ისეთი შუალედური აქტიც, რომელიც დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილს ასეთი ეფექტი არ გააჩნია და იგი ვერ იქნება მიჩნეული ამგვარ შუალედურ აქტად. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ამ წერილის საფუძველზე გამოსცა. დადგენილია, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მ. კ-ეის მიერ გასაჩივრებული იყო სააგენტოს მითითებული გადაწყვეტილებაც. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით კი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 ივნისის N... გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. კ-ეის სახელზე, ...ში მდებარე 2 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ძველი ს/კ ...., ახალი პირობითი ს/კ ..., საკუთრების რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განმარტებული იქნა, რომ სადავო წერილი არ ქმნიდა მ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს, რასაც ეთანხმება და იზიარებს საკასაციო სასამართლოც. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს და მისი დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობაც გამოირიცხება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის ბათილად ცნობა. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელი. ასეთი სახის სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ სავალდებულო პირობას კი წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის არსებობა, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად, აღნიშნული საკითხის მხარეთა მიერ დასმის მიუხედავად. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ გასაჩივრებული წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, სახეზე არ არის შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, მითითებულ ნაწილში მ. კ-ეის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 262 მუხლის მე-6 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მ. კ-ეის სარჩელზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის 2021 წლის 7 ივნისის N... წერილის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე